fbpx

ქართული ვიკიპედიის გამოწვევები – რას გვიყვება ცნობილი რესურსის ქართველი ადმინისტრატორი


გააზიარე სტატია


ალბათ არ არსებობს ინტერნეტმომხმარებელი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უსარგებლია ვიკიპედიით – უფასო ონლაინენციკლოპედიით, რომელიც 309 ენაზე ფუნქციონირებს, მათ შორის – ქართულზე. თუმცა ასევე ყველამ,  ვისაც კი ვიკიპედია ერთხელ მაინც გამოუყენებია, იცის, რომ ინგლისურთან შედარებით ქართულ პლატფორმაზე ინფორმაცია მწირია, რაც ხშირად ხდება კრიტიკის მიზეზი. თუმცა რეალურად, ვიკიპედიის მასშტაბი, ინფორმაციის რაოდეობა და ხარისხი ნებისმიერ ენაზე თავად მის მომხმარებელზეა დამოკიდებული.

ვიკიპედია მოხალისეობრივი პროექტია და მისი მთავარი პრინციპი  ენციკლოპედიური ბაზის ყველას თანამონაწილეობით შექმნა და შევსებაა.

მასზე პასუხისმგებელი არ არის ერთი პიროვნება, კონკრეტული ჯგუფი, ან სამსახური – ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვიკიპედიაზე დაწეროს და ამით თავისი წვლილი შეიტანოს მის გამდიდრებაში. შესაბამისად, რაც მეტი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას, სისტემაც მეტად სრულყოფილი გახდება და – პირიქით.

თუმცა თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ შეგიძლიათ, ვიკიპედიაზე შეხვიდეთ და იქ რაც  გინდათ, ის გააკეთოთ – დაწეროთ მცდარი ინფორმაცია, იხუმროთ და ა.შ – თქვენ მარტო არ ხართ. ამას არაერთი ადამიანი არათუ ფიქრობს – ყოველდღიურად  აკეთებს კიდეც. თუმცა აქვე გეტყვით, რომ – უშედეგოდ. ყველას თანამონაწილეობის საშუალება არ ნიშნავს პროცესის უკონტროლობას. ამისთვის არსებობენ ადმინისტრატორები, რომელთაც ვიკიპედიის აქტიური მომხმარებლები ირჩევენ სწორედ იმისთვის, რომ გვერდი საერთო რეგულაციების ქვეშ მართონ. 

მიხეილ ჭაბუკაშვილი – ქართულენოვანი  ვიკიპედიის ადმინისტრატორი:

„მე უკვე 10 წელია ადმინისტრატორი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რაიმე პრივილეგიას. მეც ისევე ვარ პასუხიმგებელი ვიკიპედიის გამდიდრებაზე, როგორც თქვენ. თუმცა ჩემი, როგორც ადმინისტრატორის დამატებითი ფუნქციებია  შემოსული ინფორმაციის კონტროლი, არასათანადო სტატიების წაშლა, ვანდალიზმის ჩამდენი მომხმარებლის დაბლოკვა და იმ სტატიების დაცვა, რომლებშიც განსაკუთრებით ხშირია ვანდალიზმი. 

ასეთ სტატიებს მაღალი მგრძნობელობის სტატიებს ვეძახით – შემოდიან და წერენ ათას სისულელეს. უკვე ზეპირად ვიცით – მაგალითაც, დღეში 5 შეტევა რომ დაფიქსირდება სტატიაზე, ვთქვათ, შუშანიკის შესახებ, ვიცით,  რომ სკოლაში გადიან ამ თემას და ა.შ. ადმინისტრატორს შეუძლია, ასეთი სტატია დაიცვას, რომ მასში ცვლილებები ვერ შეიტანონ.

შუშანიკის სტატიის სკრინი

ზოგადად, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც თქვენ შეიტანთ ნებისმიერ სტატიაში, არ აისახება, სანამ მას არ დაადასტურებს ადმინისტრატორი ან შემმოწომებელი. ამ ეტაპზე ქართულ ვიკიპედიას ჰყავს 3 ადმინისტრატორი და 30 შემმოწმებელი. ჩვენ ყოველ ჩამატებულ წერტილს და მძიმეს ვხედავთ. თუ ეს არის რაიმე ტექნიკური ჩასწორება, რა თქმა უნდა, ვადასტურებთ. მაგრამ თუ, ვთქვათ, არის საკამათო საკითხი, რომელიც მომხმარებელმა ჩაასწორა და არ მიუთითა, მაგალითად, წყარო –  ჩვენ ვიწყებთ გადამოწმებას. თუ ვიპოვით წყაროს, რომ ეს ინფორმაცია მართლაც ასეა, მაშინ ამ ცვლილებას დავადასტურებთ. თუ ვერ მივაგნებთ წყაროს, ჩნდება ეჭვი, რომ ინფორმაცია მცდარია, ან არაფერს ეფუძნება. ასეთ შემთხვევაში ცვლილებას გავაუქმებთ და დავაბრუნებთ ძველ ვერსიას.“

წყაროს მითითება ვიკიპედიის უნივერსალური წესია. სკოლაში ან უნივერსიტეტში ალბათ ყველას გეუბნებოდნენ, რომ დავალებისა თუ პრეზენტაციის ბიბლიოგრაფიაში წყაროდ ვიკიპედიის ჩაწერა არ ჩაითვლებოდა. მიზეზი თავად ვიკიპედიის რეგულაციებშია – ვიკიპედიას აქვს პასუხისმგებლობის უარყოფის პოლიტიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პასუხს არ აგებს მასში მოცემული ფაქტების სიზუსტეზე. 

პასუხს აგებს ის წყარო, რომელიც სტატიაშია მითითებული. ამიტომ არის აუცილებელი რედაქტორის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის წყაროს მითითება, ხოლო მომხმარებლის მიერ ამ წყაროს გადამოწმება. ასე რომ, თუ ვიკიპედიაში რაიმეს დაწერას, ჩამატებას, ან შესწორებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა მიუთითოთ შესაბამისი  წყაროც.

წყაროების ფოტო რომელიმე სტატიიდან

მიხეილ ჭაბუკაშვილი: „ახლა ისეა გამკაცრებული წესები, რომ ვერც ერთი სტატია ვერ მოხვდება წყაროს გარეშე. ჩვენ წყაროს მიმართაც გვაქვს კრიტერიუმები – ის უნდა იყოს აკადემიური და ავტორიტეტული. წყაროდ არ მიიღება ბლოგები, საინფორმაციო სააგენტოები. მეტიც, როგორც წყარო, ნაკლებად სანდოდ მივიჩნევთ ოფიციალურ საიტებსაც კი. 

ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე ძალიან ხშირად ვაწყდებით სირთულეებს, რადგან ქართულ რეალობაში აკადემიური წყაროების პრობლემა ძალიან დიდია. სამწუხაროდ, საქართველოში ერთადერთი უნივერსალური აკადემიური წყარო, რომელიც ბოლოს გამოიცა, არის ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ამიტომ ხშირად გვიწევს მას დავეყრდნოთ მხოლოდ სახელწოდებებსა და ტოპონიმებში. 

ხშირადაა, რომ საზოგადოებაში ერთი სახელია ცნობილი, ენციკლოპედიაში კი სრულიად სხვა წერია. ასეთ საკითხებზე  დიდი განხილვებია ხოლმე ვიკი-საზოგადოებაში. ენათმეცნიერებსაც კი მივმართავთ, რომ დაგვეხმარონ სახელწოდებების სწორად დაწერაში. ეს პრობლემა კიდევ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც ყოველდღიურად, თუნდაც წყაროებთან დაკავშირებით ვაწყდებით.“

მოძველებული წყაროებია ხოლმე სწორედ ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ქართულენოვანი ვიკიპედია არაერთხელ  გამხდარა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი.

ხშირად  უკმაყოფილების მიზეზი ხდება ინფორმაციის სიმწირეც. 

„ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ჩნდება ნეგატიური პოსტები ქართული ვიკიპედიის  წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მათ ავტორებს დასაწყისშივე არ ესმით პროექტის არსი. აღმოაჩინეს შეცდომა? – თავისუფლად შეუძლიათ ჩაასწორონ შესაბამის წყაროზე დაყრდნობით. არ მოსწონთ გამოყენებული წყარო? – გზა ხსნილია, დახარჯონ თავიანთი დრო და შემოიტანონ უკეთესი წყარო.  

ნებისმიერ სტატიას აქვს ასევე თავისი  განხილვის გვერდი, რომელიც საჯაროა ნებისმიერი მომხმარებლისთვის და შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები იქაც დაწერონ და დაასაბუთონ, რატომ არის ესა თუ ის ფაქტი სტატიაში არასწორი, როგორ იქნებოდა უმჯობესი და ა.შ. ხშირად სტატიაზე მეტი სწორედ ასეთი განხილვის გვერდებია, სადაც მიდის პრობლემური საკითხის გადაწყვეტა. ძალიან ბევრი აზრი იწერება და საბოლოოდ მივდივართ ჭეშმარიტებამდე.  

განხილვის გვერდის სკრინი

თუმცა ხშირად ხდება, რომ ადამიანები რაღაცას ამტკიცებენ, აქვთ საკუთარი შეხედულებები, მაგრამ წყაროს რომ მოსთხოვ, ვერ გისახელებენ. ბევრი ცდილობს, საკუთარი ბლოგის საფუძველზე შემოიტანოს ინფორმაცია. ეს ვიკიპედიის რეგულაციებს ეწინააღმდეგება. ვისაც კი მოუტანია სათანადო წყარო, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ ის არ მიგვეღო. 

მთავარი პრობლემა ქართულ ვიკიპედიაზე არის მოხალისეების ნაკლებობა. ყოველდღიურად ვინც ახალ კონტენტს ქმნის, არსებულ სტატიებს ამდიდრებს, უთვალთვალებს ცვლილებებს, რომ რაიმე არ გაიპაროს – მაქსიმუმ 5-7 ადამიანია. ყველაფერი მათ კისერზეა. და ზოგადად, ის, რასაც ვიკიპედიაში კითხულობთ ნებისმიერ ენაზე, შექმნილია ასეთი ადამიანების სურვილისა და თავისუფალი დროის ხარჯზე. ამაში ერთი ცენტიც არავის აუღია. და მერე გამოდის, რომ მოხალისეს ავალდებულებ, რომ მეტი გააკეთოს და პარალელურად ამაზე  აკრიტიკებ და დასცინი. ესაა პრობლემა. 

ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ, მაგრამ ამაოდ.

ნაცვლად მოხალისეობისა და სტატიების გამდიდრებისა, დღეში ასობით შემთხვევაა, რომ შემოდიან, არსებულ სტატიებს შლიან და სისულელეებს წერენ. ხან ჩვენ გვლანძღავენ, რომ, მაგალითად, რატომ წერია ასე ცოტა. მოდით, იმუშავეთ თქვენც და დაწერეთ მეტი.“

სტატიების თემატიკა შეუზღუდავია და არ არის აუცილებელი, იყოს საქართველოზე, რაც ასევე ხშირად ხდება გაუგებრობისა და კრიტიკის მიზეზი.  ნებისმიერ ენაზე ვიკიპედია იქმნება ენის და არა ქვეყნის გარშემო. შესაბამისად, ქართული ვიკიპედია არის ვიკიპედია ქართულ ენაზე და არა საქართველოზე. ამჟამად ქართულენოვან ვიკიპედიაზე 133 ათასამდე სტატიაა. შედარებისთვის, ინგლისურზე – 6 მილიონზე მეტი. უკეთესი მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც, სადაც ვიკიპედიის პოპულარიზებას ყურადღება სახელმწიფო  დონეზეც ეთმობა. 

„სომხეთიც რომ ავიღოთ, ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია იქ ვიკიპედია. იმდენი მოხალისე ჰყავთ, რომ დღეში ასობით სტატია იქმნება.

როგორც ჩანს, სომეხ ინტერნეტმომხმარებელს მეტი სოციალური პასუხისმგებლობა აქვს და მათ სახელმწიფოც კი გვერდში უდგას. აკეთებენ ვიკი-კლუბებს რეგიონებში, ტარდება ტრენინგები, იქმნება ვიკი-ბანაკები და დიდი რესურსი იხარჯება ამ საკითხის პოპულარიზებისთვის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ხელშეწყობა არ გვაქვს. ბევრს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ვიკიპედია საზოგადოების სახეა – ერთი ერთში ასახავს მას. ვიკიპედიელები ვხუმრობთ ხოლმე – „მაჩვენე, როგორი ვიკიპედია გაქვს და გეტყვი, რა საზოგადოება ხარ.“  ვგულისხმობთ საქართველოსნაირ ქვეყნებს, სადაც იმ ენის ვიკიპედია ერთ კონკრეტულ ქვეყანასთან ასოცირდება.  

ქართული ვიკიპედიით რა ჩანს – რომ საზოგადოება ვერ გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას, არ აქვს მოხალისეობრივი კულტურა.

სამაგიეროდ ერთ ნაწილს აქვს  სურვილი რაღაცის გაფუჭების, რომ შევიდეს და ვიღაცის დაწერილი სტატია წაშალოს, მეორე ნაწილი კი  სოციალურ ქსელებში იმათი კრიტიკითაა დაკავებული, ვინც თავისი სურვილით რაღაცას აკეთებს. ჩვენი ვიკიპედიის სახეც ამ ყველაფრის შესაბამისია.“

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.