აღმოაჩინეს ველური სალამანდრა, რომელიც ადგილიდან 7 წლის განმავლობაში არ დაძრულა
აღმოაჩინეს ველური სალამანდრა, რომელიც ადგილიდან 7 წლის განმავლობაში არ დაძრულა
ავტორი: Tessa Koumoundouros
ერთ-ერთი ევროპული გამოქვაბულის სიღრმეში ყველაზე ზარმაცი და იმედგაცრუებული არსება ცხოვრობს, რომელსაც ადრე დრაკონს უწოდებდნენ. შემაშფოთებლად ხორცისფერი კანის გამო მან “ადამიანი-თევზის” სახელწოდებაც მიიღო.
Proteus anguinus თავისი საყვარელი, მოკლე კიდურებით, სინამდვილეში ერთ-ერთი სახეობის სალამანდრაა, ამფიბიების ოჯახიდან, რომელიც სიბნელეში, ცოცხალი ორგანიზმებისგან თავისუფალ სივრცეში ადაპტირდა.
ცხოვრების ასეთი წესის გამო სალამანდრას მხედველობა დაუქვეითდა – თვალები კანის რამდენიმე ფენით დაეფარა. ამ ნიშანს ჩარლზ დარვინი უძველეს სიცოცხლის ნაშთებს უწოდებდა.
სალამანდრა მხოლოდ სინათლის არსებობას აღიქვამს. ეს პატარა ლაყუჩებიანი არსება თითქმის ბრმაა, თუმცა ძალიან კარგად განვითარებული ყნოსვა, წყალქვეშა სმენა და მოძრაობების ამოცნობის უნარი ახასიათებს.
2010-2018 წლებში მკვლევარმა მეცნიერებმა ნიშანი დაადეს რამდენიმე სალამანდრას ბოსნია-ჰერცოგოვინას აღმოსავლეთით მდებარე გამოქვაბულებში.
8-წლიანი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ამ არსებებს მოძრაობის ძალიან შეზღუდული დიაპაზონი აღენიშნებოდათ.
“დანიშნული ინდივიდები 8 წლის განმავლობაში 10 მეტრზე ნაკლებს გადაადგილდებოდნენ”, – წერს თავის სტატიაში ლორანდ ეტვეშის უნივერსიტეტის ზოოლოგი გერგელი ბალასზი.
ერთ-ერთი სალამანდრა სხვებზე ბევრად უფრო ზარმაცი აღმოჩნდა. 2569 დღე, ანუ 7 წელზე მეტი, იგი ერთსა და იმავე ადგილზე იმყოფებოდა.
ამ პატარა უსაქმურების სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის ას წელს აღწევს.
მათი წონა 20 გრამია, ხოლო სიგრძე – 30 სანტიმეტრი. დიდხანს სიცოცხლე ამ არსებებისთვის გმირობაა და გამოდის, რომ ისინი რაღაცას სწორად აკეთებენ.
ძალიან დაბალი მეტაბოლიზმის წყალობით მათ შეუძლიათ სიზარმაცის ეპიკურ მწვერვალებს მიაღწიონ. სალამანდრები ლოკოკინებითა და კიბოსნაირებით იკვებებიან, მაგრამ საკვების გარეშეც შეუძლიათ მრავალი წელი იარსებონ.
გამოქვაბულში მტაცებელთა არარსებობა ასევე განსაზღვრავს სალამანდრათა უსაფრთხოდ ცხოვრებას.
ისინი 12 წელიწადში ერთხელ მრავლდებიან, მაგრამ ამ დროს დაახლოებით 35 კვერცხს დებენ.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ სალამანდრებს გადაადგილება არ შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი ძალიან ადვილად, 10 მეტრის სიღრმეში დაემალა ცნობისმოყვარე მკვლევრებს.
ბალასზმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ამ ტიპის სალამანდრები ძალიან დაბალი გენეტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ პოპულაცია შემცირდა, ან ინბრიდინგის მაღალი დონე აღენიშნათ, რაც მათი პასიური ცხოვრების წესით იყო განპირობებული.
გენეტიკური მრავალფეროვნების ნაკლებობა არ დაფიქსირდა სლოვენიური სალამანდრას პოპულაციებში. ამიტომ საჭიროა სამომავლო კვლევები, რათა დავადგინოთ, თუ იზიარებენ ასეთ ცხოვრების წესს დანარჩენი სახეობები.
“ჩვენ მხოლოდ იმის ვარაუდი შეგვიძლია, რომ არსებები, რომლებიც ძალიან მცირე რაოდენობის საკვებით საზრდოობენ, მრავლდებიან სპორადულად, ცოცხლობენ საუკუნის განმავლობაში და მათი გადაადგილება მინიმუმამდეა დაყვანილი”, – აღნიშნავენ მკვლევრები.
ალაბამას უნივერსიტეტის ბიოლოგი მეთიუ ნიემილერი, რომელიც კვლევაში არ იყო ჩართული, ამბობს:
“თუ თქვენ სალამანდრა ხართ, რომელიც ცდილობს გადარჩეს და თუ იპოვით ადგილს, სადაც მეტ-ნაკლებად შეძლებთ თავის გატანას, რატომ წახვალთ სხვაგან?”
სტატია თავდაპირველად Journal of Zoology-ში გამოქვეყნდა.
ორიგინალი: https://www.sciencealert.com/