ექსტრემალური სელფები: რაფაელ მანკინინი – ფოტოგრაფი, რომელიც თავს ხიფათში იგდებს
ფინელ-ამერიკელი ფოტოგრაფი არნო რაფაელ მინკინინი 5 ათწლეულია (70-იანი წლებიდან) ნამუშევრებში საკუთარ სხეულს ობიექტად იყენებს. ის სრულიად მარტო, ძირითადად ბუნებაში მუშაობს, მისი სურათები კი ტრანსფორმაციული, სიურეალისტური და რაც მთავარია სრულიად დაუმუშავებელია. რაფაელის მიზანია, შიშველ ადამიანურ ფორმასა და გარემოს შორის ბალანსი შექმნას. მართლაც, სიურეალისტური ავტოპორტრეტები ისე ერწყმის ბუნების ელემენტებს, რომ ერთგვარი ვიზუალური თავსატეხია – სად იწყება ლანდშაფტი და სად მთავრდება ადამიანის შიშველი სხეული?
“ჩემი ნამუშევრების უმეტესი ნაწილის შექმნა საკმაოდ რთულია. ზოგი შეიძლება საშიშიც კი იყოს. არ მინდა ვინმე იმ საფრთხის ქვეშ მოექცეს, როგორშიც მე ვარ – კლდეზე დაშვებიდან დაწყებული, წყლის ქვეშ ყოფნით დამთავრებული. მე ვაკონტროლებ, თუ რამხელა ტკივილის ატანა შემიძლია. ამ ინფორმაციას კი სხვა არ ფლობს.
ჩემი ზოგიერთი სურათი შეიძლება მარტივი ჩანდეს, მაგრამ ის გვაჩვენებს იმ საზღვრებს, სადამდეც ადამიანის სხეულს მისვლა და გარისკვა შეუძლია. მე ამ ყველაფერს საკუთარ პორტრეტებს ვუწოდებ, რათა მნახველმა იცოდეს, ვინ არის სურათზე და ვისი გადაღებულია ის. ხელოვნება – ეს ხილული რისკია”
მე არ ვიყენებ ასისტენტს კამერის შესამოწმებლად. ამ შემთხვევაში, ისიც ფოტოგრაფი გახდება. ამის ნაცვლად, მე 9 წამი მაქვს კადრისთვის მოსამზადებლად, ან თუ სპეციალურ კაბელს ვიყენებ, თითს ვაჭერ და ვიცი, რომ ის 9 წამში გადაიღებს”, – განაცხადა მან.
“შეზღუდვებიდან წარმოიშობა ახალი ფორმები”, – თქვა ჟორჟ ბრაკმა. როგორც რაფაელი აღნიშნავს, ამ სიტყვების მისი ინტერპრეტაცია ასეთია: იცოდე, რას არ გააკეთებ. მას სურს, რომ სურათის შექმნისას ხაზი გაუსვას და მოიცვას რეალობა და არა უბრალოდ დამუშავებული რამდენიმე ფოტოს ერთობლიობა.
“ის, რასაც კამერა ხედავს ექსპოზიციის მომენტში, არის ის, რის წარმოდგენასაც ვცდილობ გონებაში. მასში დევს ფოტოგრაფიის მაგია. ამიტომ ჩემს ბნელ ოთახში ყოველთვის შობაა. მხოლოდ კამერამ იცის, რა მოხდა. თქვენ ვერ გაიგებთ, სანამ ნეგატივს არ დაინახავთ და პოზიტიურად არ აქცევთ. კარგ სურათებში საიდუმლო მაინც საიდუმლოდ დარჩება”.
ახლად გამოქვეყნებული მონოგრაფია მოიცავს სურათებს თითქმის 30 ქვეყნიდან და ამერიკის 20 შტატიდან, მათში ფოტოგრაფიის 50-წლიანი ისტორია არის ასახული.
ორიგინალი: https://www.theguardian.com/