fbpx

კოლაჟის ოსტატი ჰოლი ჩესტეინი და მისი მომაჯადოებელი ნამუშევრები


გააზიარე სტატია

ჰოლი ჩესტეინი ამერიკელი მხატვარია ტენესის შტატიდან. შემოქმედების პირველ ეტაპზე კერამიკულ ქანდაკებებს ქმნიდა და აკვარელით ხატავდა.  თუმცა, კოლაჟის ტექნიკისადმი ინტერესი 2008 წელს გაუჩნდა. თავისი ნამუშევრების შესაქმნელად XIX საუკუნეში გამოცემული წიგნების ფურცლების, ფოტოების, ნახატების, ჟურნალ LIFE-ის ნომრების გამოყენება დაიწყო. 

„მივხვდი, რომ კოლაჟი თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება იყო. შემიყვარდა ძველი ხელნაწერები, საფოსტო მარკები, სასკოლო და საბიბლიოთეკო ბარათები, წყლის ან მელნის წვეთებით დასვრილი ქაღალდები. ისინი წარსულის ამბებს ინახავენ და კოლაჟის პრინციპით უცნობი ადამიანების ისტორიებს ერთმანეთს აკავშირებენ. საბოლოო შედეგი კი, დამთვალიერებელს შინაარსის ინტერპრეტაციის  სრულ თავისუფლებას აძლევს“, – ამბობს არტისტი. 

ჰოლი ჩესტეინი თავის კოლაჟურ ხელწერაში ახალ-ახალ და კრეატიულ ხერხებს ნერგავს. მაგალითად, წიგნების მოხეულ ფურცლებს ზღვის ტალღებად ან მთებად აქცევს, ბოლო პერიოდში კი, ექსპერიმენტები ძაფებით დაიწყო.

ჰოლი ჩესტეინმა კოლაჟის ხელოვნების შესწავლის მსურველებისათვის გამოსცა შემეცნებით-საგანმანათლებლო სახელმძღვანელო – „If You Can Cut, You Can Collage“, სადაც ილუსტრირებულადაა ახსნილი სხვადასხვა ტიპის მასალის (ტექსტური და ფოტო გამოსახულებები) მოძიების, ამოჭრის და მათი დაწებების ელემენტარული ხერხები. ასევე განხილულია გამართული კომპოზიციის შექმნის წესები, ფოკუსის, კონტრასტის, ფერთა ბალანსის და სიმეტრიის საკითხები. წიგნში მოცემულია კონკრეტული პრაქტიკული დავალებები, რომლებიც მკითხველს თავიანთი პროექტების კეთებისკენ უბიძგებს.  

ნახეთ ჰოლი ჩესტეინის მეტი ნამუშევარი არტისტის ინსტაგრამანგარიშზე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.