fbpx

მითები კორონავირუსის შესახებ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Harmeet Kaur

 

მსოფლიოში კორონავირუსისა და კორონავირუსის შესახებ პანიკის ზონის ზრდასთან ერთად,  სხვადასხვა შეთქმულების თეორია და ყალბი ინფორმაციაც ვრცელდება. კორონავირუსის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის ნაკადი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ინფოდემიად შეაფასა.

მითები კორონავირუსის შესახებ გავრცელდა როგორც ინტერნეტში, ასევე  სხვა პოპულარულ გამოცემებშიც. სოციალური მედიის პლატფორმები არასანდო ინფორმაციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, სხვადასხვა ზომას იღებენ და ცდილობენ  წაშალონ მასალა, რომელიც ხალხის დაბნევას უწყობს ხელს.

აი, სიმართლე კორონავირუსის შესახებ


მითი: კორონავირუსი ადამიანის შექმნილია

რეალობა: ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ინტერნეტში წაიკითხავთ. კორონავირუსის აფეთქებასა და სრულმასშტაბიან კრიზისად ქცევასთან ერთად, ინტერნეტში ვირუსის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა შეთქმულების თეორია გავრცელდა, მათ შორის ის, თითქოს ვირუსი ლაბორატორიულ პირობებში დამზადდა. 

ჭორები, რომლებიც ძირითადად გადაუმოწმებელი ანგარიშებიდან გავრცელდა,  დამადასტურებელ მტკიცებულებას არ შეიცავდა.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ვირუსი ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელდა, რომელშიც  ბიოლოგიურ იარაღს ამზადებდნენ. ნაციონალისტურ დაჯგუფებებში პოპულარული თეორია კი ირწმუნებოდა, თითქოს ვირუსი აშშ-ში წარმოიშვა და  ამერიკელები, რომლებიც ამ სეზონზე გრიპით დაიხოცნენ, სწორედ ახალმა კორონავირუსმა COVID-19-მა იმსხვერპლა.

როგორც ჩინეთში, ასევე დასავლეთში მეცნიერები ამ თეორიების მართებულობას ერთხმად უარყოფენ, თუმცა ამ ფაქტს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ხელი არ შეუშლია.

ექსპერტები ამ დრომდე ცდილობენ, ვირუსის წარმოშობის ზუსტი წყარო დაადგინონ. არსებული კვლევების მიხედვით კი, იგი ღამურებში გაჩნდა და შუალედური მასპინძლის საშუალებით ადამიანებზე გადავიდა, ისევე, როგორც ეს  2003 წელს SARS ვირუსის შემთხვევაში მოხდა.


მითი: საოჯახო მედიცინას ვირუსის განკურნება ან თავიდან აცილება შეუძლია

რეალობა: ნიორი მართლაც სასარგებლოა, ისევე, როგორც წყალი და ვიტამინი C. მაგრამ რამდენიც უნდა დაიწეროს მედიაში, რომ ნივრის ჭამა, ყოველ 15 წუთში წყლის დალევა და C ვიტამინის მიღება ახალი კორონა ვირუსისგან დაგვიცავს, ამის მტკიცებულება არ არსებობს. იგივე ეხება ეთერზეთების, კოლოიდური ვერცხლისა და სტეროიდების გამოყენებას.  ზოგიერთ წყაროში ნათქვამია, რომ სეზამის ზეთის სხეულზე შეზელა ან ალკოჰოლის შესხურება ვირუსისგან დაგიცავთ, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.

ქიმიურ სადენზინფექციო საშუალებებს: 75%-იანი ეთანოლს, წყალბადის ზეჟანგსა და ქლოროფორმს ვირუსის ზედაპირებიდან მოშორება შეუძლიათ,  მაგრამ ამ ნივთიერებების შეზელვა ან ცხვირზე წასმა იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი უკვე თქვენს სხეულშია, დაავადებისგან ნამდვილად ვერ დაგიცავთ.

გთხოვთ ნურც დალევთ ამ  ქიმიურ სადეზინფექციო ნივთიერებებს.

ამ ეტაპზე არ არსებობს საშუალება, რომლითაც  კორონავირუსი იკურნება. ვაქცინის შექმნას შესაძლოა ერთ წელზე მეტი დროც კი დასჭირდეს.
საუკეთესო შემთხვევაში, მოიქეცით ისე, როგორც სხვა დროს გაციებისა და გრიპის სეზონზე იქცევით. შეინარჩუნეთ 1,5 მეტრის დისტანცია შესაძლო ინფიცირებულთაგან. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. ხველების ან ცემინების დროს პირი მაჯით ან  ხელსახოცით დაიფარეთ, რომელსაც მერე გადააგდებთ. დეზინფექცია ჩაუტარეთ ყველა ნივთსა და ზედაპირს, რასაც ეხებით.
თუ თავს იმაზე ცუდად გრძნობთ, ვიდრე ჩვეულებრივი გაციებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

მითი: საჭიროა ნიღბის ტარება

რეალობა: აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ადამიანებმა, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ, არ უნდა ატარონ ნიღაბი.  ქირურგ ჯერომ ადამსის მიხედვით, ნიღბის ტარებამ შესაძლოა, უფრო გაზარდოს დაავადების გავრცელების რისკი იმ შემთხვევაში, თუ ის სწორად არ იყო გამოყენებული.

აშშ-ში ნიღბებზე გაზრდილმა მოთხოვნამ მათი დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვია. ამიტომ ოფიციალური პირები ყველას მოუწოდებენ, საჭიროების გარეშე  ნიღაბი და რესპირატორი N95 არ იყიდონ, რათა ისინი საკმარისი რაოდენობით დარჩეს რისკ-ჯგუფში არსებული პირებისთვის. ნიღაბი აუცილებლად უნდა ატარონ კორონავირუსით ინფიცირებულმა პირებმა, მათ, ვისაც პოტენციურად ვირუსის სხვებისთვის გადადება შეუძლიათ და ინფიცირებული პაციენტების მომვლელმა პირებმა.

ჰონგ კონგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რესპირატორ N95-ის გამოყენება ფართო მასებისთვის არ არის რეკომენდებული, რამდენადაც მათი სწორად მოხმარება სპეციალურ ტრენინგს საჭიროებს.

 

მითი:  სიცხეს ვირუსის მოკვლა შეუძლია

ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ხელის საშრობს ვირუსის მოკვლა არ შეუძლია. მათივე რეკომენდაციით, ხელისა და სხვა ნაწილების სტერილიზაციისთვის არც ულტრაიისფერი ნათურები უნდა  გამოიყენოთ, რამდენადაც ისინი კანს აზიანებენ.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობდა, რომ სიცხე ვირუსს კლავს და გაზაფხულზე მიმდინარე აფეთქება გაიფანტება.
თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჯერ არ არის დადგენილი.

მითი: ვირუსის გავრცელება მეილით არის შესაძლებელი

რეალობა: თავისუფლად მიიღეთ და გააგზავნეთ წერილები. ჩინეთიდან წერილის ან ამანათის მიღება არ გაყენებთ ვირუსის გადადების საფრთხის წინაშე,  ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

მკვლევრები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში არიან, თუ როგორ აინფიცირებს ახალი კორონავირუსი ხალხს, მაგრამ თუ სხვა კორონავირუსების მიხედვით ვიმსჯელებთ, ზედაპირებზე  და ნივთებზე დიდი ხნის განმავლობაში არ რჩება ცოცხალი. 


მითი: ბავშვები კორონავირუსით არ ავადდებიან

რეალობა: ახალი კორონავირუსით შესაძლოა  ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაავადდეს. მაგრამ მოხუცებულები და სხვა დაავადებების მქონე პირები რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.
ვირუსის შემთხვევები უმეტესად მოზრდილებში დადასტურდა, თუმცა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, ბავშვებიც არიან დაინფიცირებულნი.


მითი: კორონავირუსით დაინფიცირებული ხალხი მოკვდება

რეალობა: ვირუსის სიკვდილიანობის დონე ამ ეტაპზე მხოლოდ 2%-ია და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იგი უფრო შემცირდება. კორონავირუსით დაინფიცირებას ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი დაავადებები ახასიათებს, ისევე როგორც ეს ჩვეულებრივი გაციებისას ხდება. სიმპტომები მოიცავს სურდოს,  ხველას, ყელის ტკივილს და სიცხეს, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები თავისით ქრება.

დაავადება ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ასეთი შემთხვევა ძალიან ცოტაა.
დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებსა და  მოხუცებში შესაძლოა ვირუსმა გამოიწვიოს სასუნთქი გზების უფრო სერიოზული დაავადებები, როგორიცაა პნევმონია და ბრონქიტი.

ორიგინალი: https://edition.cnn.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.