fbpx

თეა ჯორჯაძე – ჩანაწერები ობიექტების სინათლესა და ხმაზე


გააზიარე სტატია

ნიუ-იორკში, გალერეა Kaufmann Repetto-ში თეა ჯორჯაძის სოლოგამოფენა გაიხსნა. ეს ჯორჯაძის მესამე კოლაბორაციაა Kaufmann Repetto-სთან (მილანი, 2010; 2013),  ნიუ-იორკის ამავე სახელწოდების სივრცეში კი მისი პირველი შოუ – „ჩანაწერები ობიექტების სინათლესა და ხმაზე“ („notes on light and sound of objects“) 11 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი. 

მხატვარმა, სკულპტორმა და ვიდეოარტისტმა თავისი ტრადიციული ხელწერა გამოიყენა და ექსპოზიცია „ინ-სიტუ“ მანერით  ადგილზევე შექმნა. „ჯორჯაძე ექსტერიერსა და ინტერიერს შორის დეიერარქიზაციას ახდენს, სივრცეში არტისტის მოქმედებისა და დასწრების შეგრძნება, რომელსაც ობიექტების დაწყვილებები და  სხვადასხვა კომბინაციები ქმნიან – გეგონება, კოლაჟს უყურებ სივრცეში – დამთვალიერებელს ნამუშევართან ემპათიით აღსავსე ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად იწვევს“, – ვკითხულობთ გამოფენის რელიზში. 

ინსტალაცია არქიტექტურისა და ინტერიერის ელემენტებით სივრცეში ინტუიტიურად განვითარებულ პოეტურ ტექსტს ჰგავს, სადაც სკულპტურები, საექსპოზიციო პლატფორმები, თაროები სტრუქტურულად ერთნი არიან.

Kaufmann Repetto თეა ჯორჯაძის შემოქმედების რეპრეზენტატორია მილანში, ისევე როგორც Gallery Meyer Kainer – ვენაში, მის შემოქმედებით სახლად კი ბერლინში არსებული Sprueth Magers შეიძლება განვიხილოთ, რომელიც არტისტს ლონდონში, ლოს-ანჯელესში და ბერლინში წარმოადგენს. 

თეა ჯორჯაძე 2000-იანების დასაწყისში მოღვაწე  ქართველ ხელოვანთა შორის ერთ-ერთი წარმატებული სახელია. მისი ვრცელი და მრავალფეროვანი  შემოქმედებითი ბიოგრაფია აქ შეგიძლიათ იხილოთ. 

ჯორჯაძე პირველი ქართველი არტისტია, რომლის ნამუშევარიც ნიუ-იორკის MOMA-ში გამოიფინა, ის პირველი ქართველი ხელოვანია, რომელიც წარმოდგენილია Documenta-შიც, ცოტა ხნის წინ კი  თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სცენაზე ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა სივრცემ – ბერლინის Gropius Bau-მ მისი სოლო გამოფენის გახსნა დაანონსა 2020 წლის სექტემბერში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.