fbpx

საქართველოში დისტანციური სწავლების შესახებ ფეისბუქ ჯგუფი შეიქმნა


გააზიარე სტატია


ავტორი: მარიამ კერესელიძე

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში ზოგიერთი სკოლა და უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის. ფეისბუქში ამ ცვლილებასთან დაკავშირებით შეიქმნა ჯგუფი “Online სწავლება საქართველოში”, რომლის მთავარი მიზანი ერთ სივრცეში სასარგებლო რესურსების თავმოყრაა, რაც მასწავლებლებსა და ლექტორებს დისტანციურ სწავლებაში დაეხმარება. 

წევრები ერთმანეთს საგანმანათლებლო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გამოცდილებას უზიარებენ და რაც მთავარია – სვამენ და პასუხობენ პრაქტიკულ შეკითხვებს. 

ამ საკითხზე AT.ge ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორსა და ჯგუფის დამფუძნებელს, ნუცა კობახიძეს ესაუბრა. 

 

რა რესურსები გაქვთ ჯგუფში და გაუზიარდება თუ არა სამინისტროს ან რომელიმე საგანმანათლებლო ჯგუფს/დაწესებულებას არსებული იდეები?

განათლების ტექნოლოგიების მკვლევარმა მაკა ერაძემ (ნეაპოლის ფედერიკო II სახ. უნივერსიტეტი, იტალია) შექმნა საზიარო ფაილი, სადაც ყველა სასარგებლო ინფორმაციას სისტემატური სახით და კატეგორიების მიხედვით ვაგროვებთ. 

ამის გარდა, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ტრენერმა რაზმიკ ბადალიანმა (Educare Georgia) დისტანციური სწავლების ინსტრუმენტების ვებაპლიკაცია შექმნა, რომელიც ოთხ კატეგორიად იყოფა: სასწავლო, კონფერენცია, კოლაბორაცია და შეფასება. აპლიკაციაში ინფორმაცია ავტომატურად განახლებადია და მობილური ტელეფონის მოხმარებლებისთვის უფრო კომფორტულია გამოსაყენებლად. 

ჯგუფის წევრები არიან არა მხოლოდ განათლების სპეციალისტები, არამედ სამინისტროს თანამშრომლები, გადაწყვეტილების მიმღებები, ასევე სკოლების, უნივერსიტეტების და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრატორები. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი იდეების გაზიარებაში.

 

რამდენად ორგანიზებულად მიდის პროცესები ჯგუფში? გაქვთ თუ არა სხვა იდეები?

გვაქვს შეთავაზებები ტექნიკურ მხარესთან და ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, ასევე პროცესის დაგეგმვის შესახებ არა მხოლოდ ცენტრალურ დონეზე, არამედ რეგიონებსა და სკოლებში. მაგ., როგორ უნდა დავამყაროთ მოსწავლეებთან კომუნიკაცია, გავასწოროთ დავალებები, ჩავატაროთ ტრენინგები მასწავლებლებისთვის, რა მოდელი აჯობებს და ა.შ. 

მაგალითად, განვიხილავთ ეროვნული პლატფორმის შექმნას, სადაც განთავსდება სასწავლო მასალები. ასევე გვაქვს იდეა გაკვეთილების ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლით მოხდეს. ეს არ არის იდეალური მოდელი და ბევრი პედაგოგიური ხარვეზი აქვს, მაგრამ სწავლის შეწყვეტას ნამდვილად სჯობს.

 

თქვენი აზრით, არის თუ არა ჩვენი განათლების სისტემა დისტანციური სწავლებისთვის მზად?

ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტები მეტ-ნაკლებად მზად არიან, რადგან ისინი აქამდეც იყენებდნენ ონლაინ პლატფორმებს. რაც შეეხება სკოლებს, მათ დიდი გამოწვევა ელით, განსაკუთრებით კი საჯაროებს. კერძო სკოლებმა უკვე დაიწყეს პრაქტიკული მზადება. მათ გაცილებით მეტი რესურსი და ტექნიკური მხარდაჭერა აქვთ. საჭიროა განათლების სამინისტრომ მიიღოს გადაწყვეტილება, დისტანციური სწავლების რა მოდელს სთავაზობს სკოლებს, გასცეს რეკომენდაციები და სკოლები რესურსებით უზრუნველყოს. ეს ლოჯისტიკურად, ტექნიკურად და კოორდინაციის თვალსაზრისით, ურთულესი გამოწვევა იქნება.

 

რამდენად რეალურია 1 აპრილამდე სკოლების/უნივერსიტეტების გადასვლა რაიმე სახის დისტანციურ მოდელზე, რეალურად რისი მოსწრებაა შესაძლებელი ამ 2-3 კვირის განმავლობაში?

2-3 კვირა საკმარისია იმისთვის, რომ რაღაც რესურსებს თავი მოეყაროს. კარგი მენეჯმენტის და კოორდინაციის პირობებში შესაძლებელია ეტაპობრივად გადავიდეთ დისტანციურ სწავლებაზე. არ არის აუცილებელი ყველა მასალა ერთბაშად მომზადდეს.

 

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული დისტანციური სწავლა/სწავლება?

მასწავლებლებისთვის  ახალი ტექნოლოგიის მოკლე დროში შეთვისება ერთგვარი გამოწვევა და სტრესია, რადგან სასწავლო რესურსების მომზადებას უფრო მეტი დრო სჭირდება, მათ უჭირთ მოსწავლეთა დისციპლინის კონტროლი ონლაინ რეჟიმში, ასევე რთულია დავალებების გასწორება და შეფასებების გაკეთება. 

მოსწავლეებს რაც შეეხება, ისინიც არ არიან მიჩვეულები მუდმივად დისტანციურად სწავლას, მალე ბეზრდებათ ეს პროცესი, მათთვის არ არის რეკომენდებული დიდი ხნით ეკრანთან ყოფნა, ზოგიერთ მოსწავლეს უვითარდება ქცევითი პრობლემები, შეიძლება მოიმატოს აგრესიამ, რადგან ბავშვებს სჭირდებათ სოციალური ურთიერთობები თანაკლასელებთან და ამის არარსებობის პირობებში სოციალური ქცევა შეიძლება შეეცვალოთ. 

მშობლებისთვის  ეს დამატებითი შრომაა, ბევრი მათგანი მუშაობს და ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს. უმეტესობას არ აქვს პედაგოგიური და ტექნოლოგიური უნარები შვილის დასახმარებლად. ამის შედეგად შესაძლებელია მშობლებსა და ბავშვებს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს და ამ მოვლენამ ოჯახურ დინამიკაზეც იქონიოს გავლენა.

 

რამდენად შეუძლია დისტანციურ სწავლებას სრულფასოვნად ჩაანაცვლოს არსებული მოდელი?

ვერ ჩაანაცვლებს და მგონია, რომ არც უნდა ჩაანაცვლოს. თუმცა, ეს კრიზისის დროს გამოსავალია.  მუდმივად ასეთ რეჟიმში სწავლა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული მოსწავლესთვის და მასწავლებლისთვის, ხშირად არაეფექტურია და გვერდითი უარყოფითი მოვლენები ახასიათებს. სამომავლოდ ამ გამოცდილების დანერგვა შესაძლებელია სკოლებში ჩვეულებრივ სწავლებასთან ერთად შერეულ ფორმატში, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.