fbpx

შეკავების ფაზიდან დაყოვნების ფაზამდე – კორონავირუსთან ბრძოლის ბრიტანული მოდელი


გააზიარე სტატია

 

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შესანელებლად  ბრიტანეთი, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით ლიბერალურ მიდგომას ამჟღავნებს, რაც კონკრეტული შემთხვევებიდან ფოკუსის გადატანას ზოგად რეკომენდაციებზე გულისხმობს. 

ბრიტანეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასთან დაკავშირებით კორონავირუსთან ბრძოლაში მარიამ კირვალიძეს, City University of London-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურის სტუდენტს ვესაუბრეთ.

როგორც ვიცით, ბრიტანეთი ეპიდემიის შეკავების ფაზიდან გადადის ეპიდემიის დაყოვნების ფაზაზე, რათა ჯანდაცვის სისტემამ მოასწროს პაციენტების მიღება, მკურნალობა და გაწერა. კონკრეტულად რას გულისხმობს ეპიდემიის “შეკავებისა” და “დაყოვნების” ფაზები?

 

დიდი ბრიტანეთის სამოქმედო გეგმა SARS-CoV-2-ის (COVID19-ის გამომწვევი ვირუსი) პანდემიის საწინააღმდეგოდ მოიცავს სამ ეტაპობრივ ფაზას და მეოთხე მუდმივ ფაზას. ესენია:

  1. ეპიდემიის შეკავების ფაზა (containment)
  2. ეპიდემიის დაყოვნების ფაზა (delay)
  3. ეპიდემიის შედეგების (ზიანის) შემსუბუქების ფაზა (mitigate)
  4. სამეცნიერო კვლევების ფაზა (research; მიმდინარეობს სამივე ფაზაში)

ეპიდემიის შეკავების ფაზა გულისხმობს, რომ ეპიდემია ჯერჯერობით ქვეყანაში მასშტაბური არ არის და შესაძლებელია თითოეული შემთხვევის იდენტიფიცირება, იზოლირება, კონტაქტების მოძიება და ინფექციის გადაცემის ჯაჭვის შეწყვეტა.  

სამწუხაროდ,  ბრიტანეთი, ისევე როგორც ევროპის ბევრი სხვა ქვეყანა, უკვე გასცდა ამ ფაზას, რადგან ინფექცია საზოგადოებრივ პირობებში ვრცელდება და შემთხვევების დაკავშირება შემოტანილ შემთხვევებთან (ე.წ. კლასტერების დადგენა) ვეღარ ხერხდება (13 მარტის მონაცემებით დადასტურებულია 798 შემთხვევა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს  რიცხვი ბევრად მაღალია). 

დაყოვნების  ფაზის მთავარი მიზანი არის ეპიდემიის შენელება და პიკის შემცირება  (სურათი 1).  ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია გარდაუვალია, მაგრამ, თუ შესაბამის ზომებს მივიღებთ (სოციალური დისტანცირების სხვადასხვა მეთოდი), შესაძლებელია შემთხვევები თანდათან, შენელებული ტემპით გამოვლინდეს და ჯანდაცვის სისტემამ “მოასწროს” პაციენტების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და გაწერა. 

ამასთან, დაყოვნების ფაზის მიზანია ეპიდემიის პიკის გადატანა ზამთრის სეზონის შემდეგ, რადგან ზამთარი გრიპის სეზონია. გრიპი კი თავისთავად დიდი ტვირთია ჯანდაცვის სისტემისთვის. ასევე, უფრო ხშირია ფილტვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების შემთხვევები ვირუსული ინფექციების ფონზე.

 

 

მთავარი ცვლილება ახალ ფაზაზე გადასვლისას არის რეკომენდაცია ცხელების ან ხველის გამოვლენისას 7-დღიანი თვითიზოლაციის შესახებ.

ასევე, კორონავირუსზე ტესტირება დიდწილად ჩატარდება მხოლოდ ჰოსპიტალიზებულ შემთხვევებში, ანუ, სავარაუდოა, რომ მსუბუქი შემთხვევებისას თვითიზოლაციაში  მალე გამოჯანმრთელდებიან და საერთოდ არ დაფიქსირდებიან მონაცემებში. 

ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის პროგნოზი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე.  ეს გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოსაზრებას შემთხვევების აქტიური მოძიებისა და ფართომასშტაბიანი ტესტირების თაობაზე.

საინტერესოა, რომ ეპიდემიის მართვის დაყოვნების ფაზაზე გადასვლის მიუხედავად, ბრიტანეთის მთავრობა ჯერჯერობით არ აპირებს სკოლების, უნივერსიტეტების, სხვა სივრცეების დახურვას ან ფართომასშტაბიანი ღონისძიებების საყოველთაოდ გაუქმებას.

ეს ფაქტი ბრიტანეთის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა ახსნა ე.წ. კრიზისისგან დაღლის საფრთხით. კრიზისისგან დაღლა ფსიქოლოგიური ფენომენია. თუ ქვეყანაში ჯერ არ არის შემთხვევების პიკური რაოდენობა და სახელმწიფო იღებს უსაფრთხოების ზედმეტად მკაცრ ზომებს, მოსახლეობა “იღლება” სიმკაცრისგან და ნაკლებად ითვალისწინებს რეკომენდაციებს. შესაბამისად, ზომები უნდა გამკაცრდეს ეპიდსიტუაციის მიხედვით. 

ბრიტანელი  მეცნიერების აზრით, კორონავირუსის ეპიდემია რამდენიმე თვეს შეიძლება გაგრძელდეს, შესაბამისად, ადრე მიღებული ზომები გამოიწვევს უმძიმეს სოციო-ეკონომიკურ ზარალს. აღნიშნულ მიდგომას ბრიტანეთში ბევრი არ ეთანხმება. პეტიციაც კი არსებობს სკოლებისა და უნივერსიტეტის დახურვის მოთხოვნით. საზოგადოების და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობა არაეფექტურად ებრძვის პანდემიას. დრო და მუდმივი ანალიზი გვაჩვენებს, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება ან რამდენად შეიცვლება იგი. ირლანდიის მთავრობამ ბევრად ნაკლები შემთხვევის ფონზე სკოლები/უნივერსიტეტები და 100 ადამიანზე გათვლილი სივრცეები დახურა.

 

 

საქართველოსთვის რომელი მიდგომა იქნება უფრო ეფექტური?

ალბათ ყველას გვახსოვს მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა კორონავირუსის გავრცელება საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამის მიზეზი იყო დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების (LMICs) მოწყვლადი ჯანდაცვის სისტემები, და არა ჩინეთის პრობლემები. 

სამწუხაროდ, საქართველო სწორედ ამ ჯგუფში შედის. ინფრასტრუქტურული პრობლემების მიუხედავად (ინფექციური საავადმყოფოს სუბოპტიმალური მდგომარეობა), საქართველომ შეძლო რეაგირება, საწყისი შემთხვევების კონტაქტების მოძიება-იზოლირება და დროული დიაგნოსტიკა. 13 მარტის მონაცემებით, 25 დაფიქსირებული შემთხვევიდან თითოეული იყო იმპორტული ან იმპორტულთან დაკავშირებული. მოგზაურობის შესახებ რეგულაციები იყო ეტაპობრივი და ეფუძნებოდა ეპიდემიოლოგიურ დინამიკას. ეს არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამსახურება. რა თქმა უნდა, პრობლემად რჩება საზოგადოების ცნობიერება (გაქცეული პაციენტები, თვითიზოლაციის დარღვეული რეჟიმი), სოლიდარობის ნაკლებობა (კარანტინის შენობის გარშემო მცხოვრები პირების პროტესტი), სუბოპტიმალური პირობები (ინფრასტრუქტურული პრობლემები, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა ან მოუმზადებლობა) და ცრუ ინფორმაციის გავრცელება. 

ჩამოთვლილი პრობლემების უმეტესობა, ჩემი აზრით, უნდა გადაწყდეს არა პანდემიის დროს, არამედ პანდემიებს შორის.

ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და რეაგირება არის სფერო, რომელიც საჭიროებს მუდმივ ინვესტიციას. ეს კარგად გამოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე, სადაც 2018 წელს დონალდ ტრამპმა აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრებისა და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის ეპიდემიებზე რეაგირების/უსაფრთხოების სამმართველოს) რამდენიმე პროგრამის დაფინანსება შეამცირა. ექსპერტები ამ ფაქტს უკავშირებენ კორონავირუსის ტესტირების პრობლემას, რომელიც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორმა, რობერტ რედფილდმაც აღიარა. მან განაცხადა, რომ აშშ-მ “არასაკმარისი ინვესტიცია ჩადო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიულ შესაძლებლობებში”. ეს  გაკვეთილი უნდა იყოს როგორც მაღალი, ასევე დაბალი-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის.

 

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კორონავირუსის ეპიდაფეთქებას?

პანდემია, განსაკუთრებით ახალი ვირუსით გამოწვეული, უდიდესი ტესტია ქვეყნებისათვის, რამდენადაც პირდაპირი გავლენა ექნება სამედიცინო სექტორზე. კორონავირუსით დაავადებული პაციენტების გამო შესაძლებელია გადაიდოს/შეწყდეს რუტინული ვიზიტები, ანუ ქრონიკული პაციენტების მართვის ხარისხი დაიკლებს. სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა ან მოუმზადებლობა აუცილებლად იჩენს თავს. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, გამართლებულია საერთაშორისო რეისების გადადება და სოციალური დისტანცირების ზომების გამკაცრება (მათ შორის – სავალდებულო კარანტინის) და ამ კუთხით საქართველო ბევრად უფრო წინაა, ვიდრე ევროპის სხვა მრავალი ქვეყანა.

ახლახან გამოქვეყნდა შემთხვევათა სერია, რომლის ანალიზიც მოიცავდა COVID-19-ის 44 672 დადასტურებულ შემთხვევას. პაციენტთა უმრავლესობა (86.6%) იყო 30-79 წლის. ჯამური შემთხვევების 80.9% იყო მსუბუქი მიმდინარეობის.

ამ სტატისტიკის გამო ზოგიერთი ახალგაზრდა ნაკლებად სერიოზულად ეკიდება რეკომენდაციებს.  მინდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრობენ როგორც ხანდაზმულები, ასევე თანმხლები დაავადებების ან იმუნოკომპრომისული მდგომარეობის მქონე პირები, რომლებიც სიკვდილობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

პანდემიის ურთულესი “გვერდითი მოვლენა” არის ეკონომიკური ზარალი.  აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე დააანონსა ეკონომიკური რეაბილიტაციის ინიციატივა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგადად ახსენა, რომ ფულადი დახმარება მთავრობის მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი. ეს კარგია, მაგრამ უფრო კარგი იქნება, თუ პანდემიის ერთ-ერთი გაკვეთილი გახდება როგორც დიდი კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება, ასევე მთავრობის ხალხისადმი ვალდებულებების სხვა ჭრილში დანახვა. თვითიზოლაციის ან მკურნალობის პერიოდში ადამიანები და მათი ოჯახები შეიძლება აღმოჩნდნენ ფინანსურად კატასტროფულ მდგომარეობაში. არსებული ეკონომიკური მოდელები ფაქტია, რომ თანამედროვე გამოწვევებს ვერ უძლებს. ასეთ რთულ დროს აუცილებელია სოციალური ხედვა და კოლექტიური ქმედება. 

 

როგორი იყო ეპიდემიის გავრცელების სისწრაფის მრუდი ჩინეთის შემთხვევაში და რა დაეხმარა ჩინეთს ვირუსის დამარცხებაში?

ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 13 მარტის პრესკონფერენციაზე დადებითად შეაფასეს ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურში მიმდინარე აქტივობები. 

ჩინეთში ეპიდაფეთქების დაფიქსირებიდან დღემდე მიიღეს რადიკალური მულტისექტორული ზომები. ზოგიერთი მათგანი არაეთიკურადაც კი შეფასდა.  

 

 

ჰუბეის  პროვინციაში გახსენს ე.წ. ცხელების კლინიკები (fever clinics), რომლებშიც ხვდებოდა ყველა შესაძლო და დადასტურებული შემთხვევა (ერთმანეთისგან განცალკევებულად). მოქალაქეებს სიცხეს უზომავდნენ ქუჩაში, შენობების შესასვლელებთან, მაღაზიებში (შემთხვევების აქტიური მოძიება). 1 კვირაში ააშენეს საველე ჰოსპიტალი, სადაც ქალებს, კაცებს და ბავშვებს ცალ-ცალკე ათავსებდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იქნებოდა თანამედროვე ევროპაში ოჯახის განცალკევება და ორი კვირით ბავშვის იზოლირება მშობლებისგან. 13 მარტის მონაცემებით, ჩინეთში სულ 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იკეტება სპეციალური საველე სავაადმყოფოები.  ჩინეთის ჯანდაცვის პერსონალი უკვე სხვა ქვეყნებსაც კი ეხმარება.

საინტერესოა, როგორ ვითარდება მოვლენები სინგაპურში, მაღალშემოსავლიან, თუმცა პატარა ქვეყანაში (მოსახლეობა 5.8 მილიონი). სინგაპურში მიმდინარე აქტივობებზე ლონდონში, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლაში, ლექცია ჩაატარა მთავრობის ერთ-ერთმა მრჩეველმა, რომელმაც ლექციის დასაწყისში გვაჩვენა თერმომეტრის ფოტოები და აგვიხსნა, რომ მისი სამსახური (სინგაპურის ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაცია) დღეში ორჯერ მოითხოვს ტემპერატურის გაზომვას და სურათის გაგზავნას. 

რაც შეეხება ფართომასშტაბიან რეაგირებას, ყველა ოჯახს დაურიგდა პირბადეების შეკვრა (სულ 4 ცალი) რეკომენდაციით, ატარონ მხოლოდ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში. პირბადეების შეკვრა და დარიგება სამხედროებს დაევალათ. პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ ეთერში აჩვენა ხალხს საკვების და სხვა პროდუქტების მარაგი, რათა დაეწყნარებინა საზოგადოება (სუპერმარკეტების დაცარიელების თავიდან ასაცილებლად). 

სინგაპურში თვითიზოლაციის დროს სინგაპურის მოქალაქეებს და რეზიდენტ უცხოელებს უხდიან დღეში 100 აშშ დოლარს. თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევაში უმკაცრესად იყენებენ კანონს ინფექციური დაავადებების შესახებ. კორონავირუსი შედის ე.წ. სენტინელ-მეთვალყურეობის სიაში, ანუ რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებს პირველადი ჯანდაცვის დონეზე უღებენ ნაცხს კორონავირუსზე (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით). 

მთავრობამ უარი თქვა ხელფასების აღებაზე და დაზოგილ თანხას უხდიან მედიცინის დარგის პროფესიონალებს. ასე მაგალითს აძლევენ დიდი კომპანიების უფროსებს. ამ ყველაფრის ფონზეც კი, შემთხვევების რაოდენობა იზრდება (13 მარტის მონაცემებით 187 დადასტურებული შემთხვევა), თუმცა ძალიან ნელა. ექიმებს აქვთ საკმარისი დრო პაციენტების მკურნალობისათვის.

 

 

თქვენი აზრით, საქართველოში თუ არის “კრიზისისგან დაღლის” საფრთხე?

საქართველოში, ისევე როგორც სხვა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, გვაქვს ორმაგი რისკი. ერთი მხრივ, ეს არის “კრიზისგან დაღლის” ფენომენი, რომელიც უნივერსალურია და გარდაუვალია, მეორე მხრივ კი, ეკონომიკური პრობლემები. პირველ რიგში, დისტანციური მუშაობა ფუფუნებაა, რომელიც მსხვილ სექტორებში დასაქმებულ პირებს არ აქვთ (მაღაზიები, რესტორნები, მომსახურების მთელი სფერო). მეორეც სოციალური დისტანცირების რეჟიმში გაუქმდება უამრავი შეხვედრა და ღონისძიება, რაც გამოიწვევს ორგანიზებაში ჩართული კომპანიების დაზარალებას. ეს არ არის მხოლოდ დაბალი-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების პრობლემა. განვითარებულ ქვეყნებშიც კი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს საკმარისი დანაზოგი, თუნდაც ორი კვირით შეწყვიტოს შემოსავლის წარმოება. ეს  გლობალური ტრაგედიაა და ვუბრუნდებით დისკუსიას მსოფლიო ეკონიმიკის მზაობის ნაკლებობის შესახებ თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ. 

 

როგორ უნდა ვებრძოლოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას?

ჩემი აზრით, საჭიროა მეტი პროფესიონალის ჩართვა და ეროვნული მასშტაბის კამპანიის წარმოება. სინგაპურში იყენებენ WhatsApp-ს საზოგადოების პირდაპირი ინფორმირებისათვის. მე პირადად ვცდილობ, ვუპასუხო ისეთ პოსტებს, სადაც ცრუ/არაზუსტი ინფორმაციაა მოცემული. იმავეს ვურჩევ ყველას, ვისაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვს. ცრუ ინფორმაცია ძალიან საშიშია. 

მაგალითად, ცოტა ხნის წინ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ვირუსი არ გადაეცემა სიმპტომების გამოვლენამდე.

ჯერჯერობით საუკეთესო ხელმისაწვდომი მტკიცებულება (კვლევა) გვეუბნება: სინგაპურში სიმპტომების გამოვლენამდე ინფექციის გადაცემა დაფიქსირდა შემთხვევების 48%-ში, ჩინეთში პრესიმპტომური გადაცემის სიხშირე 62%-ია. ეს ნიშნავს, რომ ავად გახდომამდეც შეიძლება გაავრცელოს პაციენტმა ვირუსი. აღარაფერს ვამბობ მკურნალობის სხვადასხვა უჩვეულო მეთოდებზე, რომლებიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გვაოცებს.


ამიტომ გირჩევთ რამდენიმე სანდო წყაროს, სადაც ყოველთვის ზუსტ და განახლებულ ინფორმაციას იხილავთ:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდი, რომლის ჩანაწერების (Notes) ნაწილშიც ყოველდღიურად იდება განახლებული ინფორმაცია (ქართული):

https://www.facebook.com/ncdcgeorgia

ახალი ვებგვერდი კონკრეტულად კორონავირუსის შესახებ (ქართული): https://stopcov.ge/ka  

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სიტუაციური ანგარიშები (ახალი ანგარიში ქვეყნდება ყოველდღიურად) (ინგლისური): https://www.who.int/emergencies/ 

ამასთან, პრესკონფერენცია ტარდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რესურსცენტრი კორონავირუსზე (ინგლისური):

https://coronavirus.jhu.edu 

ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა თარგმნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები კორონავირუსის პანდემიის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:

https://netgazeti.ge

 

მარიამ კირვალიძე

დიპლომირებული მედიკოსი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრატურის სტუდენტი (City, University of London)

 

5,438 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.