დაუმთავრებელი ამბავი – ბავშვებთან ერთად სანახავი ფილმები თვითიზოლაციის დროს
ავტორი: ანა ძიაპშიპა
ცოტა ხნის წინ ჩემმა შვილმა მადლობა იმის გამო გადამიხადა, რომ პატარაობაში ფილმი “Le ballon rouge” ვაჩვენე. სადღაც თავი გამოიჩინა და დააფასა. მასთან ყოფნის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა ერთად ფილმების ყურებაა, განსაკუთრებით იმ ფილმების, რომლებიც მეც მიყვარს და ხელახლა სანახავად ვერასოდეს ვიცლი, ასევე იმ ახალ ფილმებზე და სერიალებზე ღელვა, რისი მარტო ნახვაც დამეზარებოდა. თუმცა არის რაღაცები, რასაც ერთად ვერ ვნახავთ და ამისთვის ორივეს ცალკე სივრცე გვაქვს.
დღეს როდესაც მორიგი ფილმი “კესი” შევარჩიეთ ხვალისთვის, მივხვდი, რომ ამ თვითიზოლაციის პერიოდში უნდა გაგიზიაროთ ის, რაც უკვე ნანახი გვაქვს. სიები და რჩევები არ მიყვარს, მაგრამ რამდენიმე მშობლის სასოწარკვეთილ კითხვაზე პასუხია ეს გამოცდილებაც, როგორ გავერთოთ სახლში გამოკეტილ ბავშვებთან ერთად, ისე რომ ყველამ სიამოვნება მივიღოთ.
ჩემი შვილი 11 წლის არის, თუმცა რაღაც ფილმები უფრო ადრე ნახა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმების ასაკობრივ რეიტინგებს ვაკვირდები, ბოლოს მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ამიტომ ამ სიაში ზოგიერთი ფილმი ზედმეტი მოგეჩვენებათ, ზოგიც დაგაკლდებათ, მაგრამ იმედია, მაინც გამოგადგებათ.
რადგან ბოლოს ორი სერიალი ვნახეთ და ორივეს ძალიან მოგვეწონა, სერიალებით დავიწყებ:
“Stranger Things” – სერიალი მეგობრობაზე და დღეს საკმაოდ აქტუალურ – სამყაროს გადარჩენაზე, სავარაუდოდ, უკვე ყველას ნანახი აქვს, მაგრამ თუ ვინმეს შემთხვევით გამორჩა, შევახსენებ. სავსეა 80-იანი წლების კინო მუსიკალური შთაგონებებით და ჩამთრევია. ახალი სეზონის გამოსვლამდე (ვირუსის გამო გადაიდო), რომელსაც ორივე ველოდებით, პერიოდულად ძველ სერიებს, მუსიკას ვიხსენებთ და რაღაც მოვლენებს ვუკავშირებთ ხოლმე.
“Dragon Prince” – ნეტფლიქსის ფანტასტიკური ჟანრის ანიმაციური სერიალია. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი ანიმაციაა, ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ როგორც პერსონაჟებში, ასევე სიუჟეტის განვითარებაში.
ფილმებს ქრონოლოგიურად ვერ ჩამოვწერ, მხოლოდ ასოციაციურად, ისე როგორც ვუყურებთ ხოლმე, იმის მიხედვით როგორ ხასიათზე ვართ.
“Stranger Things”-ის ლოდინში რამდენიმე ფილმი გამახსენდა, მაგალითად, რობ რაინერის “Stand by me” – ბიჭობაზე, მეგობრობაზე, ტკივილზე და გაზრდაზე, პატარა რივერ ფენიქსით ერთ-ერთ მთავარ როლში.
აქვე, ასოციაციურად “E.T.” და საკმაოდ უცნაური ფილმი “Neverending story” უნდა ვახსენოთ. ამ სერიალთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ ახლახან “Edward Scissorhands” ვნახეთ, ჩემს შვილს ვაინონა რაიდერისერიალიდან და ჯონი დეპი ჯეკ ბეღურადან ეცნო. მაშინ მივხვდი, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ჩვენი აღქმები ზოგადად, თუმცა როგორ შეიძლება ბევრი საერთოც ვიპოვოთ. ტიმ ბარტონზე ვინსენტ პრაისის და ედგარ ალან პოს სიყვარულით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია “ვინსენტი” გამახსენდა, შეგიძლიათ ძილის წინაც ნახოთ. არის ფილმები, რომლებზეც საშინლად გვიცინია, მაგალითად: ჟაკ ტატის “Mon Oncle” და ბევრჯერ მივბრუნებივართ, ასევე “იმერული ესკიზები”,, ერთდროულად გვიცინია და გვიტირია “მე, ბებია ილიკო და ილარიონ”-ზე.
რადგან ქართული ფილმებიც ვახსენეთ, მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო “ვერის უბნის მელოდიები” ზუსტად მელოდიურობის გამო, მელოდიურობაზე კი საბჭოთა “მერი პოპინსი” გამახსენდა, რომელსაც მომავალი სანახავების სიაში შევიყვან, რადგან მე, პირადად, ბავშვობაში მეგონა, რომ მერი პოპინსზე და მისი როლის შემსრულებელ მსახიობ ქალზე სრულყოფილი და მშვენიერი არავინ არსებობდა და ახლაც თავიდან რომ შევხედე, გული ისე ამიჩქარდა, ალბათ შინაგანად ისევ ასე ვფიქრობ.
ზოგადად, მერი პოპინსი ისე მიყვარს, რომ მისი თითქმის ყველა ეკრანიზაცია მაქვს ნანახი და თქვენც გირჩევთ. ეკრანიზაციებიდან “პერსეპოლისმა” ჩაითრია. თუმცა, ამ შემთხვევაში წიგნმა უფრო დიდ შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე ფილმმა, მეც სულ ვცდილობ, ჯერ წიგნის და მერე ფილმის თანმიმდევრობა შევთავაზო, მაგრამ ხანდახან ვერ ვითმენ.
სიის თავში უნდა დამეწერა, მაგრამ ახლა გამახსენდა, რამდენჯერ მივუბრუნდით “The Wizard of Oz”-ს და დისნეის “Alice in Wonderland”-ს, და აქვე ბარემ აუცილებლად სანახავი – “Sounds of Music” და ინგმარ ბერგმანის “ჯადოსნური ფლეიტაც” და ჯონ ტრავოლტაც “Grease”-ში.
ჰაიაო მიაძაკის გარეშე ეს სია ალბათ ახლოსაც არ იქნება სრულყოფილებამდე. საყვარელი სამეული ჩემი შვილის მიხედვით არის – “პონიო”, “ტოტორო” “Spirited away” და ბევრი სხვაც, მაგრამ ეს სამი განსაკუთრებით.
კორონავირუსის გახსენებაზე, ტომ ჰენკსი უყვარს ძალიან, მათ შორის – “Forest Gump” და “Big”.
ეს სია თითქმის არ შეიცავს ბოლო წლებში კინოთეატრებში გამოსულ ფილმებს, ასევე ბევრ მეინსტრიმულ ფილმს და სერიებს, რაც საერთოდ არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ასეთი სიით შემოვიფარგლებით.
მეტიც, პოპკორნსაც ვჭამთ და დასაწოლ სკამებზეც ვწევართ კინოში, მაგრამ ეს ჩამონათვალი ჩვენი პირადი სივრცეა, რომელიც ორივეს გვეხმარება ერთმანეთი კიდევ უფრო კარგად გავიცნოთ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ამ ფილმების ერთად ნახვით მიღებული შთაბეჭდილება და გამოცდილება დიდხანს გაგყვებათ და ეს რამდენიმეკვირიანი რუტინა მომავალში ჩვევა გახდება.
თუ გამოსახულება დაგღლით, შეგიძლიათ ამ საოცარი გასართობითაც შეიქციოთ თავი: