fbpx

დიეგო სიმეონე – უშეცდომო სცენარის ავტორი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ამ ცოტა ხნის წინ „ლივერპულის“ მწვრთნელ იურგენ კლოპს ისე მოვიხსენიებდით, როგორც „უშეცდომო სცენარის ავტორს“.  ძნელია მადრიდის „ატლეტიკოსთან“ წაგებულ მატჩში გერმანელი სპეციალისტის დადანაშაულება, მაგრამ მწვრთნელთა დუელში გამარჯვებული ესპანელთა არგენტინელი დამრიგებელი დიეგო სიმეონე რომ გამოვიდა, ამაზე მატჩის შედეგი მეტყველებს. 

კვლავ შეუდარებელი იყო ჟორჟინიო ვიინალდუმი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში „ლივერპულის“ გოლეადორად იქცევა ხოლმე, სამაგიეროდ, საგოლე მომენტების განიავების დიდოსტატებად იქცნენ მანე და სალაჰი, თუმცა ამაში უდიდესია „ატლეტიკოს“ გოლკიპერ იან ობლაკის წვლილი, რომელიც თანაგუნდელ ლორენტესთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩის გმირად იქცა. 

ერთ ეპიზოდში რობერტსონმა ხარიხას გაარტყა ბურთი, „ლივერპულის“ დაწოლა მეტოქეზე თითქოს აუცილებლად გოლში უნდა გარდასახულიყო, მაგრამ მოხდა საპირისპირო, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გოლი „ატლეტიკომ“ გაიტანა და წამიერად ანგარიში გაათანაბრა. 

„ენფილდი“ გაინაბა, მაგრამ მასპინძლებისთვის საბედნიეროდ, თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. თუმცა, გაუტეხელი „ატლეტიკოს“ მიერ მეტოქის კარის ბადის მოსინჯვა, თურმე სულ ცოტა ხანში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულისთვის ნამდვილ კოშმარად უნდა ქცეულიყო.  

მატჩის დამატებითი დროის დასაწყისშივე ფირმინომ მეორე გოლით საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა „ატლეტიკო“, დრამა კი მალევე გათამაშდა.

ძირითად გოლკიპერ ალისონის არყოფნაში, ადრიანმა დაუდევარი გადაცემა განახორციელა „ლივერპულის“ საჯარიმო მოედნის სიახლოვეს და როგორც გაირკვა, საკუთარი გუნდი დაღუპა, რადგან სალაჰისგან განსხვავებით, დიეგო კოშტას ნაცვლად მატჩის 56-ზე წუთზე შესული საყრდენი ნახევარმცველი ლორენტე მასპინძელთათვის ავადსახსენებელ საღამოს უნაკლოდ უმიზნებდა.

მან ცოტა ხანში მეორე გოლითაც დაასაჩუქრა მასპინძლები  ცოტა ხნით ადრე სირბილით ქანცგაწყვეტილ ჟოაო ფელიქსის ნაცვლად გამოსულ ფორვარდ ალვარო მორატას გადაცემის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ლორენტეს ამ მატჩამდე 2015 წლიდან მოყოლებული ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ 72 მატჩში ერთადერთი(!) გოლი ჰქონდა გატანილი. ნუთუ შემთხვევითობას უნდა მიეწეროს მის მიერ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში შესრულებული დუბლი? 

ალბათ უფრო საფიქრებელია, რომ ფეხბურთელი დაუღალავად ვარჯიშობდა შორეული დარტყმების სიზუსტეზე, რაც გოლკიპერ ადრიანისთვის, „ლივერპულის“ მთელი შემადგენლობისთვის, და აუცილებლად იურგენ კლოპისთვისაც, სიურპრიზად იქცა. 

აი სად გაიმარჯვა სიმეონემ. ვინ ელოდა ამ ფეხბურთელისგან გოლებს „ენფილდზე“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის დამატებით დროში! 

შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, როდესაც იმავე მორატამ დალაშქრა „ლივერპულის“ კარის ბადე, რითაც წერტილი დაუსვა ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ტრიუმფატორის ასპარეზობას მიმდინარე ტურნირში.

ამრიგად, შეცვლაზე შემოსულმა ორმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა „ლივერპულის“ კარში. ადრიანის ფატალური შეცდომის მიუხედავად, ეს სტატისტიკური მონაცემი „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს უშეცდომო სცენარის ავტორად წარმოგვიჩენს!.

მატჩის შემდეგ იურგენ კლოპი გაკვირვებას გამოხატავდა სტუმართა დაცვითი ტაქტიკის მიმართ და „ატლეტიკოს“ ნათამაშებს, პირველი შეხვედრის მსგავსად, ანტიფეხბურთად მოიხსენიებდა, თუმცა გერმანელმა სპეციალისტმა გულღიად აღნიშნა, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მის გუნდს სწორედ იმ ფორტუნამ შეაქცია ზურგი, რომელმაც შარშან გამარჯვებამდე მიიყვანა.

საბოლოოდ კი ირკვევა, რომ ისეთი გაქანების გუნდი, როგორიც „ლივერპულია“, წლეულს მხოლოდ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს დასჯერდება. თუმცა, ამისთვის აუცილებელია, რომ პრემიერლიგის წლევანდელი გათამაშება კორონავირუსის მიზეზით არ ჩაიშალოს…

„პარი სენ-ჟერმენის“ და „დორტმუნდის“ პარალელური მატჩი მაყურებელთა გარეშე ჩატარდა. თუმცა, „პარკ დე პრენსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საშიში დაავადების რისკის მიუხედავად, მასპინძელთა მხარდასაჭერად უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი.

დანარჩენი კი „პარი სენ-ჟერმენმა“ მოედანზე უმაღლეს დონეზე შეასრულა. ნეიმარმა სასტიკი დღე აყარა სტუმართა გუნდის დაცვით ხაზს და მატჩის გმირად იქცა. ბრაზილიელს შეტევაში  შესანიშნავად უბამდნენ მხარს დი მარია, კავანი და მეორე ტაიმში შემოსული მბაპე. 

საბოლოოდ, მასპინძლებმა პირველ ტაიმშივე მიაღწიეს საწადელ შედეგს და საინტერესოა, რომ მეორე ნახევარში მისი შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.

„დორტმუნდისგან“ განსხვავებით, შეუჩერებელი აღმოჩნდა მეორე გერმანული კლუბი „ლაიპციგი“, რომელმაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიშით 4:0 დაჯაბნა „ტოტენჰემი“ და ამგვარად გერმანული ფეხბურთის სახელით რევანში აუღო ინგლისურ კლუბს, რომელმაც შარშან მერვედფინალიდან ანალოგიური შედეგით გამოთიშა ზემოთ ხსენებული „დორტმუნდი“. 

„ლაიპციგთან“ ერთად, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში დიდი ხალისი შეიტანა ბერგამოს „ატალანტამ“, რომლის შემადგენლობაშიც, „ვალენსიასთან“ განმეორებით მატჩში, პოკერი შეასრულა ილიჩიჩმა. 

მოვლენათა ამგვარი განვითარების და „ტოტენჰემის“ შარშანდელი ფინალისტობის გათვალისწინებით, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ „ლაიპციგმა“ და „ატალანტამ“ სურპრიზები მომავალშიც შემოგვთავაზონ.

თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ ტურნირი გაგრძელდეს. დღევანდელი მდგომარეობით კი, არათუ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების, არამედ კარსმომდგარი ევრო 2020-ის ჩატარების სამომავლო თარიღიც დაუდგენელია.

სერია A-ს უკანასკნელ ტურში „ინტერთან“ ცარიელი ტრიბუნების წინაშე დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, „იუვენტუსის“ გულშემატკივარი „ლიონთან“ მოგების მოლოდინში იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა, „ბებერი ქალბატონი“ სრული შემადგენლობით კარანტინში აღმოჩნდა. 

გაცილებით რთულ მდგომარეობაში კი სერია A-ს კიდევ ერთი წარმომადგენელი „სამპდორიაა“, რომლის ერთბაშად შვიდი(!) ფეხბურთელია კორონავირუსის მატარებელი.

საბოლოოდ, დაავადების გავრცელების საშიშროების მიზეზით, ჩემპიონთა ლიგის ოთხივე დანარჩენი მერვედფინალური მატჩი გადაიდო. იმავდროულად, უეფა-ს რამდენიმე წევრი ქვეყნის გამოკლებით, სრულიად ევროპული ფეხბურთი გაჩერდა. 

თუმცა, განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა ჭეშმარიტად რუსული ეთიკა გამოავლინა და მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოებრიობას ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება შესთავაზა. წინადადების აბსურდულობას ალბათ ახსნაც არ ესაჭიროება.

ევროპის ლიგის შეჩერებამდე კი ამ ტურნირის რვიდან ექვსი დაპირისპირება შედგა. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებისგან განსხვავებით, აქ ორივე გერმანული კლუბი დამარცხდა. სამაგიეროდ, გაიხარეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგებმა, რადგან ოლე გუნარ სულშერის ბიჭებმა კლუბის ისტორიაში ევროტურნირებზე გასვლაზე ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს. 

ავსტრიის „ლასკი“ მაინცდამაინც დიდი ტრადიციებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ გუნდმა მერვედფინალამდე რომ მიაღწია, უკვე თავისთავად შთამბეჭდავი შედეგია. 

პრემიერლიგა „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მეტად არასასურველ დროს შეწყდა, რადგან პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეშის გამოჩენის შემდეგ, გუნდი გაცილებით ხალისიანად ათამაშდა, უკანასკნელად 23 იანვარს წააგო და ამ ხნის მანძილზე „მანჩესტერ სიტი“ როგორც პრემიერლიგის გათამაშებაში, ისე EFL Cup-ის ტურნირზე დაამარცხა. 

მიუხედავად ამისა, ორი მატჩის ჯამში გამარჯვება პეპ გვარდიოლას გუნდმა იზეიმა, ფინალში გავიდა და იქ „ასტონ ვილა“ დაამარცხა. ამრიგად, კორონავირუსის აფეთქებამდე „მანჩესტერ სიტიმ“ მოასწრო ერთი ტურნირის მოგება. 

ეღირსება კი „ლივერპული“ თავის ისტორიაში პირველ პრემიერლიგურ ტიტულს? მერსისაიდული კლუბი იძულებით შესვენებაზე მეორეადგილოსან „მანჩესტერ სიტისთან“ 25(!)-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

ამაზე პასუხს უახლოესი მომავალი გაგვცემს, ჯერჯერობით კი ყველა საფეხბურთო გზა სამხრეთ ამერიკაში მიდის, სადაც კორონავირუსი ფეხბურთს შესაძლოა ვერ მოერიოს…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.