fbpx

იაპონური კონცეპტი Ichigo ichie – “აქ და ახლა”, რომელიც სულიერი ჰარმონიის მიღწევაში დაგეხმარებათ


გააზიარე სტატია

იაპონური კონცეპტი Ichigo ichie, რომელიც ცხოვრებაში დაგეხმარებათ

ავტორი: Héctor García

 

კიოტოს შუაგულში, გიონის ვიწრო ქუჩებში, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული, უბრალო ჩაის სახლი დგას. ეს ძველი უბანი უკანასკნელი გეიშების და გამოუთქმელი მისტერიების სამყოფელია, სადაც გაზაფხულზე ქვაფენილები საკურას ყვავილებით იფარება. ჩაის სახლში განსაკუთრებით დაკვირვებული სტუმრები ყავისფერ სვეტზე ჩამოკიდებულ ხის დაფას აღმოაჩენენ, შემდეგი წარწერით: 一期一会

Ichigo ichie არის ის, რასაც ახლა განვიცდით და ის, რაც მეტჯერ აღარასდროს  განმეორდება. სწორედ ამიტომ წამებზე მონადირეებად უნდა ვიქცეთ და თითოეული მომენტით დავტკბეთ, რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს. ცალკეული მომენტების მნიშვნელობის განსაზღვრაში ქაოსის თეორიის ცნობილი კონცეპტი – პეპლის ეფექტი დაგვეხმარება. ეს ტერმინი უკავშირდება ანდაზას: “ჰონგ-კონგში მოფარფატე პეპელას, ნიუ-იორკში ქარიშხლის გამოწვევა შეუძლია”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი ცვლილება, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს იგი, საბოლოოდ სრულიად სხვა გარემოებებს იწვევს.

კავშირი იაპონურ კონცეპტსა და “პეპლის ეფექტს” შორის ძალიან დიდია.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არასდროს ვიცით, რას მოგვიტანს ჩვენი გადაწყვეტილებები და ქმედებები, თითოეულ მომენტს მაინც განსაკუთრებული ღირებულება აქვს. ერთსა და იმავე საქმეს თუ სხვადასხვა დროს გააკეთებთ, შედეგი ერთმანეთისგან განსხვავებული და უნიკალური იქნება, რაც კონკრეტული მომენტის განუმეორებლობას უსვამს ხაზს.

Ichigo ichie  მოიცავს როგორც დაკვირვებას და თითოეული მომენტის “დაგემოვნებას”, ასევე ყურადღების გამომუშავების პრაქტიკას, რაც ადამიანებთან და ცხოვრებასთან ჰარმონიაში გამოიხატება.

ქვემოთ ჩამოთვლილი 8 რჩევა  “წამის დაჭერის” უნარის გამომუშავებაში და Ichigo ichie-ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ქცევაში დაგეხმარებათ. 


#1. უბრალოდ იჯექით და დააკვირდით, რა ხდება:

ჩვენი თავი ხშირად გვაიძულებს ვიყუროთ მომავალში და ამ დროს ხელიდან დაგვისხლტეს ის, რაც ნამდვილად არის ჩვენ წინ. ძენი გვასწავლის, უბრალოდ დავსხდეთ და მომენტი სხვა დამატებითი ამბიციების გარეშე აღვიქვათ. 


#2. დატკბით მომენტით ისე, თითქოს ეს თქვენი უკანასკნელი ამოსუნთქვა იყოს:

იცხოვრეთ ისე, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია, რამდენადაც დარწმუნებით არავინ იცის, გაიღვიძებს თუ არა მეორე დილით. სწორედ ამიტომ – არ გადადოთ ბედნიერება. საუკეთესო მომენტი თქვენს ცხოვრებაში  სწორედ ახლაა.


#3. ერიდეთ ყურადღების გაფანტვას:

იაპონური ანდაზის მიხედვით, მონადირე, რომელსაც ერთდროულად ორი სამიზნე აქვს, საბოლოოდ ნანადირევის გარეშე რჩება. ზუსტად იგივე ხდება, როცა რამეს ვისმენთ ან ვკითხულობთ და ამავე დროს   ტელეფონს ვამოწმებთ. ძენი გვასწავლის, ვაკეთოთ საქმე ისე, თითქოს ამ საქმის გარდა დედამიწის ზურგზე არაფერი არსებობს. 


#4. გათავისუფლდით ყველაფრისგან, რაც არ არის აუცილებელი:

გამოცდილ მოგზაურს იმით ამოიცნობთ, რას ტოვებს სახლში და არა იმით, თუ რა უდევს ჩემოდანში. ცხოვრება შთამბეჭდავი თავგადასავალია, რომელშიც ზედმეტი ტვირთის გარეშე უნდა იმოგზაუროთ. ამიტომ ყოველთვის, როცა სიმძიმეს იგრძნობთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რისი მოშორება  შეგიძლიათ. 


#5. იყავით საკუთარი თავის მეგობარი:

არ შეადაროთ სხვებს საკუთარი თავი, ნურც  იმაზე იდარდებთ, თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. უბრალოდ, იფიქრეთ, რომ მსოფლიოში უნიკალური ხართ. 


#6. იზეიმეთ არასრულყოფილება:

თუკი ბუნება მთელი თავისი სირთულით, დაბადებითა და სიკვდილით არ არის სრულყოფილი, თქვენ რატომ სთხოვთ საკუთარ თავს სრულყოფილებას? ყოველი მარცხი იმის ნიშანია, რომ, უბრალოდ, ახალი გზით უნდა წახვიდეთ, ყოველი ნაკლი ბრილიანტის გაპრიალების შესაძლებლობაა. თუ თქვენ სრულყოფის სურვილი გაქვთ, მაშინ სწორედ არასრულყოფილებაა ამისთვის იდეალური შესაძლებლობა.


#7. გამოიმუშავეთ თანაგრძნობა:

ემპათია შესაძლებლობას გვაძლევს, ნებისმიერი ადამიანის ტყავში შევძვრეთ და თითოეული ქმედების მოტივი გავიგოთ, გავიაზროთ შეცდომები. ყოველი ადამიანი იმ სიტუაციის მიხედვით მოქმედებს, რომელშიც იმყოფება და მაშინაც კი, როცა ვიღაც საშინლად იქცევა, იფიქრეთ, რომ ამ მდგომარეობაში მას სხვანაირად არ შეეძლო. 


#8. იცხოვრეთ მოლოდინების გარეშე:

შეეცადეთ არ შეიქმნათ წინასწარი წარმოდგენა, არ დაელოდოთ შესაფერის მომენტს, რადგანაც სწორედ ასეთ დროს გისხლტებათ ხელიდან ის წამი, რომლითაც უნდა დამტკბარიყავით.

მეორე გზა, რომელიც ყურადღების გამახვილებასა და მომენტების “დაგემოვნებაში” დაგეხმარებათ, ყოველდღიური ჩანაწერებია. ყოველდღიური გამოცდილების აღწერა დეტალებისადმი ორიენტირებულს გვხდის, გვასწავლის აღვიქვათ შემთხვევითობების ფაქიზი შეტყობინებები.


როდესაც ჩვენ განვიცდით, მძაფრად განვიცდით თითოეულ მომენტსა და მოვლენას,  სწორედ ამ დროს გვამცნობს ცხოვრება, რომ სწორ გზას ვადგავართ.

ორიგინალი: https://forge.medium.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.