fbpx

Mr. Priestly, “ნეკერმანი”, სოფელი და მთელი სამყარო


გააზიარე სტატია

ავტორი: ნენე კვინიკაძე

გახსოვთ, ვინ ცხოვრობდა ლონდონიდან 10 კილომეტრის სავალზე, ვარდებიან ეზოში? ცოლთან ერთად? მშვიდი მისაღები ოთახი ჰქონდა, სადაც ბუხარი, ხალიჩა და კომფორტული სავარძლები, ბიბლიოთეკა და ნახატების კოლექციაც იყო. თუთიყუშიც. პუდინგს, ხორცის კერძებს და ვაშლის ნამცხვარს მიირთმევდა. მეგობარიც სტუმრობდა ხოლმე და ის მეგობარი ინგლისურად ხუმრობდა. სტუდენტებიც მოდიოდნენ, რომლებიც საშობაო არდადეგების გატარებას ესპანეთში ან შვეიცარიაში გეგმავდნენ. მისი ძმა სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა.

ისე მიყვარს MR. Priestly, ადრე ჟურნალ “ანაბეჭდშიც” მოვიხსენიე. მიყვარს, რადგან მძიმე პერიოდის ყველაზე კომფორტული თავშესაქცევი გახლდათ. აქა-იქ სროლის ხმის პარალელურად, ლარსის ქუჩის ჩემი სახლიდან, იმავე ქუჩის შესახვევში, მასწავლებლის სახლამდე, 20-30 ნაბიჯს დავთვლიდი და მომღიმარი ნატა გელოვანი თბილი მოსასხამით მეგებებოდა. ჰოდა, ჩვენი დაუზღვეველი ცხოვრებიდან  MR. Priestly-ის კომფორტულ სახლში გადანაცვლება ისე მამშვიდებდა…

კიდევ ჟურნალი NEW IDEA მიყვარდა. არავინ იცის, იმ ავბედით დროს ჩემმა დამ და ლიკა ღვინჯილიამ საიდან გამოიწერეს. ფურცლებზე ისე ოპტიმისტურად იღიმოდნენ ტომ კრუზი და ჯულია რობერტსი. ტომ ჰენკსიც. მერე ჟურნალი-მაღაზია “ნეკერმანი” გამოჩნდა და შეკვეთიდან რამდენიმე კვირაში ზუსტად ისეთი ჯინსის მოსაცმელი და შავი ფეხსაცმელი რომ ჩამომივიდა, როგორიც იმ ჯადოსნურ ჟურნალში ეხატა, მომავლის იმედი მომეცა.

ჩვენ ვიყავით ნანგრევებში, მაგრამ მაინც ვახერხებდით ბრჭყვიალა და უზრუნველყოფილი ქვეყნებიდან რაღაცის წამოღებას. თუ ვერ მოგვქონდა, იქ წასვლაზე ოცნება ყველას შეეძლო. მეტიც, ამ დრომდე გასაქცევი ადგილი სხვა ქვეყნებში გვეგულებოდა.

ახლა ვფიქრობთ, თითქოს საუკეთესო თავშესაფარი ჩვენი ქვეყანაა. ჩვენი სახლები. მეტიც, – ჩვენი მიტოვებული სოფლების სახლები. მთელი ეს დრო რომ გვეუშნოებოდა და არაერთგვაროვან ემოციებს აღძრავდა.

ახლა სხვა დროა მთელი მსოფლიოსთვის. ისე არ მოხდება, როგორც  ჩერნობილის ავარიის პირველსავე დღეებში, ბიბლიოთეკებში რომ გაქრა წიგნები რადიაციის, ჰიროსიმასა და ნაგასაკის, რენტგენის შესახებაც კი. და ვერც იმას ვიტყვით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რომ ამბობდნენ – არ ვიცოდი, ასეთი ამბები თუ ხდებოდაო.

ახლა, როცა მსოფლიოს ცხოვრება გაუუგემურდა, როცა მაგიდის ირგვლივ დარჩენილები უხასიათოდ ღეჭენ საჭმელს, ჰოლანდიურ წმინდა ტილოსა თუ ატლასის ზეწრებზე მონებივრე მდიდრებს და ღარიბებს შორის მანძილი იკლებს და ბათილდება განცდა “სხვის მიცვალებულს სძინავს”… როცა, სხვა კონტინენტზე ერთი ადამიანის გამოჯანმრთელებაც პირადად შენ უსაფრთხოებასთანაა კავშირში, როცა საკუთარ თავთან დაშორებული ადამიანები მხოლოდ ახლა ეზიარნენ მარტოობას და პირველად აღმოაჩენენ უამრავ საინტერესო ამბავს თავისი თუ სხვისი ცხოვრების შესახებ, როცა თანაგანცდა და მგრძნობელობა იმდენად მაღალია, რომ იზოლაციაში მყოფთათვის კართან და აივანთან უცხო ადამიანები საკვებს ტოვებენ, ცხადია, ეს ყველაფერი ნიშნავს – რომ ვიცვლებით. 

ბავშვობაში, გაფითრებამდე შეშინებულს, დედაჩემი მატყუებდა, ღამე მიწისძვრა არ ხდებაო. ახლა მე მინდა შეშინებულებს ვუთხრა, ტყუილი არა, სიმართლე, – გადაივლის. ბევრს გაიყოლებს თან, მაგრამ ადრე თუ გვიან გადაივლის. და თუ არ დაგვავიწყდება არაერთი საფრთხე, რაც პარალელურად ხან მკვლელი ყოფილი ქმრების, ხან ჩეჩნეთში დახოცილი გეების, ხან ომში ჩართული ბავშვების თუ პედოფილიის სახელით მძვინვარებს; თუ ამას ისეთივე საშიშ ვირუსად მოვიაზრებთ და ისევე ვიმოქმედებთ, როგორც 2020 წელს აფეთქებული კორონავირუსის დროს, სამყარო (ჩვენ) რეალურად შეიცვლება. შეიცვლება უკეთესობისაკენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.