fbpx

კორონა მაჩვენე და სახლში ჯდომას გაჩვენებო – რჩევები ჰერმან საბოსგან


გააზიარე სტატია


ავტორი: ჰერმან საბო


თუ გაგიმართლათ და ისეთ სამსახურში მუშაობთ, რომელშიც თქვენი მოვალეობების შესრულება დისტანციურადაც შეგიძლიათ… ან თუ თქვენი სამსახური დროებით დაკეტილია ვირუსის გამო… ბევრი ცუდი რამის პარალელურად, ერთი კარგი რამ ნამდვილად გეწვიათ – ბევრი თავისუფალი დრო!

ალბათ, ყველა ფილმსა თუ სერიალს ნახავთ, რაც დასეივებული გქონდათ მომავლისთვის, ყველა წიგნს წაიკითხავთ, რაც თაროზე იმტვერებოდა, და თუ რაღაც მომენტში დროის გაყვანაზე რჩევების მიღება დაიწყეთ, ნება მომეცით ჩემი რამდენიმე ვარიანტიც შემოგთავაზოთ.


ახალი პროფესია

თუ დღეში 3-4 საათი ისეთი თავისუფალი დრო გრჩებათ, რაც აქამდე ვერაფრით შეავსეთ, რას იტყოდით, თუ ერთ პატარა კურსს შემოგთავაზებდით, რომელიც, თუ მოგეწონათ, ახალი და მაღალანაზღაურებადი part-time სამსახურის საფუძველი შეიძლება გახდეს სამომავლოდ? 

ამ პროფესიის დასაუფლებლად არ გჭირდებათ არანაირი დამატებითი უნარები, გარდა თავისუფალი დროისა და ინგლისურის კარგად ცოდნისა (ქართულად, სამწუხაროდ, საკმარისი და კარგი სასწავლო მასალები არ არსებობს).

თუ ეს ორი გაქვთ, მე თქვენგან პროგრამისტს გამოვთლი :დ

მართლა, მეტი არაფერია საჭირო – დრო და ინგლისური. ნუ, პროცესიც უნდა მოგეწონოთ, გზადაგზა.
დასაწყისი კი იქნება უუუმარტივესი, ძალიან სახალისო და ყველასთვის დაძლევადი. 

 

ძაღლი უნდა ასეირნოთ! ნამდვილი არა, ვირტუალური ცუგა, სახელად “Karel”.

წინ წადი!
ბურთი აიღე!
მარცხნივ შებრუნდი!
წინ წადი!
თუ ბურთი არ დევს, დადე!

 

ასეთი მარტივი ბრძანებებით თქვენ Javascript-ის საფუძვლებს ისწავლით.

და თუ კარელის მართვა მოგეწონებათ, თავადვე შეძლებთ კურსის ბოლომდე გასვლას და ამ პროფესიის დაუფლების დაწყებას. 

თუ მოვახერხე და დაგაინტერესეთ, აი, რა უნდა გააკეთოთ:
– შედიხართ ამ საიტზე და რეგისტრირდებით. საკლასო ოთახის კოდი: B0A64
– თუ ამ საკლასო ოთახის დავალებებს 20 დღეში დაძლევთ (ანუ, დროც გქონდათ, ინგლისურიც იცოდით და პროცესიც მოგეწონათ), დარეგისტრირდით ამ ლინკზე, რათა ჩაგამატოთ ჩვენს სამუშაო სივრცეში და დაგეხმაროთ შემდეგი ნაბიჯების არჩევასა და გავლაში ^_^  

 

მორალური დილემები ყოველდღე გვხვდება.

განსაკუთრებით, ამ კორონაციისას – სად გადის ზღვარი, რამდენად უნდა ჩაერიოს სახელმწიფო ადამიანების თავისუფალ არჩევანსა და საკუთრებაში? ამაზე მზა პასუხები არ არსებობს, მით უმეტეს, თუ ასეთ რამეებზე სიღრმისეულად არ გიფიქრიათ.

თუ თვითიზოლაციის რაღაც ნაწილს თვითგანვითარებას და ისეთ რამეებზე ფიქრს დაუთმობთ, რაზე ფიქრის დროც სხვა შემთხვევაში არ გექნებოდათ, თქვენთვის მშვენიერი რესურსი მაქვს (ესეც ინგლისურად, სამწუხაროდ).

 


წარმოიდგინეთ, რომ შეგეძლოთ ჰარვარდში, იურიდიული სკოლის ცნობილი პროფესორის, ფილოსოფოსის, მაიკლ სენდელის ლექციებს დაესწროთ.

იმ ლექციებს, რომლებიც, გამორჩეულად პოპულარულობის გამო, სატელევიზიო შოუდაც კი იქცა.
წარმოიდგინეთ? მაშინ ამ ლინკზე გადადით.

ოდესმე მოგისმენიათ ტრამვაის მორალური დილემა? როდესაც მოძრავი ტრამვაის ხაზზე 5 ადამიანია დაბმული. თქვენ ხელში კი ბერკეტია, რომელსაც თუ გადმოსწევთ, ტრამვაი მიმართულებას შეიცვლის და იმ გზაზე წავა, სადაც მარტო 1 ადამიანია რელსებზე მიჯაჭვული. 

 

გადაარჩენდით თუ არა იმ ხუთს ამ ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის ფასად? ასე მარტივად იწყება ლექციები და ნელ-ნელა უფრო და უფრო რთულდება, ახალ-ახალი სცენარებით. 

ხშირად დააფიქსირებთ, რომ სცენარის მინიმალური ცვლილებით, ლექტორი ახერხებს თქვენი მორალური კომპასი აქეთ-იქით ატრიალოს. 

ძალიან საინტერესო რამდენიმე საათი გელოდებათ, რომელსაც ფიქრის უამრავი საათი მოჰყვება და სადაა სწორი პასუხი – კაცმა არ იცის :)) 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.