ღია ბარათები და მათზე დატანილი უცნაური წარწერები 1960-70-იანი წლებიდან
გააზიარე სტატია
ბრიტანელი კოლექციონერი ტომ ჯექსონი გასული საუკუნის 60-70-იანი წლების იმ ღია ბარათებს აგროვებს, რომლებსაც ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მოგზაურობისას ერთმანეთს უგზავნიდნენ.
ჯექსონის ღია ბარათებისადმი ინტერესი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა – საფოსტო გზავნილებზე გამოსახულმა სხვადასხვა ადგილების ისტორიულმა მნიშვნელობამ და გამოსახულების მხატვრულმა ღირებულებამ. თუმცა, მთავარი მიზეზი, რის გამოც ძველი ბარათების შეგროვება ჰობად აქცია, ბარათებზე მიწერილი ტექსტებია.
ტომ ჯექსონის თქმით, ადამიანები ერთმანეთს აბსურდულ, სასაცილო, გულის ამაჩუყებელ და ხშირად ძალიან უცნაური შინაარსის გზავნილებს წერდნენ, ბევრი მათგანი კი დღესაც აქტუალურია.
მოგზაურთა და დამსვენებელთა შთაბეჭდილებები, ემოციები, ამინდის შეფასებები, საკურორტო რომანები, სენტიმენტალური დაკვირვებები ღია ბარათებზე დატანილი გამოსახულებების ფონზე, ძალიან საინტერესო და თავშესაქცევ ინფორმაციას იძლევა ეპოქის შესახებ.
ნახეთ რამდენიმე ღია ბარათი შესაბამისი წარწერით ტომ ჯექსონის კოლექციიდან.
„ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებ, ან უკანონოა, ან ამორალური და ასუქებს“. პორტუგალიის საპორტო ქალაქ ლაგუშიდან გამოგზავნილი ღია ბარათი
„პოლის და გრეჰემის გამო დაგვაჯარიმეს. კატებს კბენდნენ“. ლა-მანშის სანაპიროზე მდებარე ბრიტანულ ქალაქ ბორნმუთიდან გამოგზავნილი ღია ბარათი
„მიხარია, რომ ვერ წამოხვედი“. ესპანურ ქალაქ ბენიდორმიდან გამოგზავნილი ღია ბარათი
„როცა დავბრუნდები, სერიოზულად უნდა დავილაპარაკოთ. მარტინს არაფერი უთხრა. ალბათ, მიხვდი. კი, ცუდად მოვიქეცი. სიტყვა არავისთან დაგცდეს“. უელსის მთის კურორტ სნოუდონიდან გამოგზავნილი ღია ბარათ
„ვტკბები შვებულებით, გეების ქალაქში“. პარიზიდან გამოგზავნილი ღია ბარათი
„ბანანის ნაყინი ვჭამე და მტრედებსაც ვაჭამე“. ღია ბარათი ტოსკანიდან
„დედა, გამოსასვლელი კაბა არ დაგჭირდება. ანკესი წამოიღე“. ღია ბარათი ებინგტონიდან (დიდი ბრიტანეთი)
„ალბათ, სულ მარტო ვიქნები“
„აქ აუტანელია“. სამხრეთ ესპანურ კურორტ ბენალმადენადან გამოგზავნილი ღია ბარათი
„დისკოთეკა დილის 8-მდე ღიაა, მაგრამ მფლობელები კლუბების გარეთ დგანან და შიგნით ძალით გვტენიან. ეს არ მომწონს“. ესპანურ კურორტ მაგალუფიდან გამოგზავნილი ღია ბარათი
„აქ გუშინ კაცთა გუნდის კონცერტი გაიმართა. ჯოჯოხეთი იყო“
„განუწყვეტლივ სვამენ“. კანარის კუნძულიდან გამოგზავნილი ღია ბარათი
„აქ მოჩვენებებია“.
„თუ ფულს გამომიგზავნი, ცოტა ხნით კიდევ დავრჩები“. ესპანური ზღვის კურორტი კოსტა-ბლანკადან გამოგზანილი ბარათი
„ტობი მდინარეში ჩავარდა და ადგილობრივებმა გამოიყვანეს“
ტომ ჯექსონის ღია ბარათების კოლექციის მიხედვით, გამომცემლობა 4th Estate-მა ფოტოწიგნიც გამოსცა. . იდეის ავტორმა კი, სპეციალური პოდკასტი გააკეთა, სადაც ინტერნეტმომხმარებლები თავიანთ აღმოჩენებს უზიარებენ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.