fbpx

მესტია – სიყვარული კორონას ჟამს


გააზიარე სტატია

მადლობა conciergetbilisi.com-ს სტატიის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის

 

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

ჯერ მინდოდა კუბდარების ტოპ ათეული გამეკეთებინა, თუმცა როგორც ბოზარჯიანცის სახლის ამბავშია მოყოლილი, პირველ ადგილზე ვერავინ გავიყვანე და კონკურსი გავაუქმე. შეგიძლიათ თამამად ჭამოთ კუბდარი ნებისმიერ ადგილზე და რეიტინგზე არ იფიქროთ. 

მე მოგიყვებით რა არის კარგი მესტიაში, რადგანაც როცა ჩამოხვალთ, უკვე მომზადებულები იყოთ და ბოდიალში დრო არ დაკარგოთ. 

რა არის კარგი მესტიაში: 

 

კარგია ჭამა – in general

“ადამიანი ჯერ უნდა გააძღო და მერე სხვა რამეებზე ელაპარაკო”, – ხალხური გამოთქმა

როცა სვანეთში ამოდიხარ, მესტიას უნებურად ყაზბეგს ადარებ, რადგან გეოგრაფიულად და იდეით ეს ორი ადგილი ერთმანეთს ჰგავს. თუმცა შედიხარ და პირველივე შემხვედრ კაფეში ხვდები, რომ აქ საჭმელი ბევრად უფრო გემრიელია და იაფი. სტეფანწმინდაში, სეზონზე, როცა “რუმსის” გარდა სხვაგანაც გინდა ჭამო, ან “რუმსში” ჭამის ფული არ გაქვს, ძალიან დიდი დრო და ენერგია უნდა დახარჯო ნორმალური საჭმლის პოვნაში, ოღონდ საბოლოოდ მას მაინც ვერ იპოვი. შედეგად, იხდი ძვირს და ჭამ ცუდად, მესტიაში იხდი ყაზბეგთან შედარებით 30% ნაკლებს და ჭამ დიდებულად. 

სვანები 1 – 0 მოხევეები

 

კარგია სრიალი თეთნულდზე და ჰაწვალში (ზამთარში)

მესტიასთან ახლოს ორი სათხილამურო ადგილია: თეთნულდი, დიდი და დიდებული და შედარებით მომცრო ჰაწვალი. ჰაწვალზე (ყველაზე მაღალი წერტილი – ზურულდი, 2400მ)  სამი სტანდარტული ტრასაა და არის კიდევ მშვენიერი ტყე, სადაც შეგიძლია გაუკვალავში ისრიალო, თუ მუხლი და თხილამური შესაბამისი გაქვს. 

თეთნულდი ახალი კურორტია, ჯერჯერობით 4 საბაგირო დგას და ზღვის დონიდან 2200-3165 მეტრ სიმაღლეებს შორისაა გაშლილი. 

სვანეთში ბოლო რამდენიმე წელია გუდაურზე ბევრად მეტი თოვლი მოდის და უფრო დიდხანს ჩერდება. კლიმატის ცვლილება თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, სვანეთი მთავარი სასრიალო ადგილი გახდება. 

თუ ტრასა და სტანდარტული გაუკვალავი არ გაკმაყოფილებს, შეგიძლია გიდი დაიქირაო და სკი-ტურზე წახვიდე ახლომახლო მთებზე, ან თუ ბევრი ფული გაქვს, ჰელისკიზე გაფრინდე ვერტმფრენით. 

სნოუბორდებს აქაც ალმაცერად უყურებენ. მეც – მათ შორის. 

 

კარგია მთაში სიარული (ზაფხულში)

სვანეთში ნებისმიერი დონის მთაში მოარული ადამიანი იპოვის შესაბამის მარშრუტს. არ აქვს მნიშვნელობა, დამწყები ხარ, მსუქანი, გამხდარი, ზარმაცი, მოწადინებული – საბორიალოს იპოვი. 

თუ მეკლდეური ხარ, საცოციც ბლომადაა, თუ ტრეკინგი და ჰაიკინგი მოგბეზრდა და საკუთარი ფიზიკური ფორმა გკარნახობს, რომ ალპინიზმი უნდა სცადო – “პაჟალუსტა” –  როგორც ცხონებული შოთა გორგოძე იტყოდა, აქაც ნებისმიერი კატეგორიის მთაზე შეგიძლია სცადო. მთავარია მთაში გინდოდეს და აქ აუცილებლად იპოვი შენსას. 

 

კარგია GMGA – ქართველ სამთო გიდთა ასოციაციის ოფისი

GMGA-ში  გაერთიანებულები არიან საქართველოს საუკეთესო გიდები, რომლებიც ყველა სამთო სპორტს მოიცავენ – როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის. თუ მთაში გინდა წასვლა,  სერტიფიცირებული გიდი შენი ჯანმრთელობისა და უკან მშვიდობით დაბრუნების გარანტიაა. გარდა ამისა, GMGA თანამშრომლების უმეტესობას ტურის განმავლობაში შეუძლია სვანური ენის საბაზისო კურსის ჩატარება, რაშიც არ დაგჩარჯავენ. GMGA  ოფისი ადვილი საპოვნელია – მესტიის ცენტრში, სეტში დგას, ლერი ნიგურიანის ეზოში. 

 

კარგია ბარი  “ბუბა”

მოსრიალეები, ალპინისტები, გიდები, ტურისტები, ფოტოგრაფები და ნებისმიერი წესიერი ადამიანი, ვინც შეიძლება მესტიაში ამოვიდეს, რაღაცნაირად აღმოჩნდება ხოლმე “ბუბაში”. “ბუბაში” შეიძლება კარგი ჭამა და ბევრად უფრო დიდებული სმა. აქაა ნაპერწკალივით ვიტალი ბარმენი, რომლის ჭაჭასაც “პახმელია” არა აქვს, ან აქვს და გვატყუებს. აქ საღამოობით იკრიბება მესტიის ადგილობრივი და ჩამოსული დიდებული საზოგადოება და მიდის მთების დატოლება. “ბუბა” მხოლოდ ბარი და კაფე არაა, “ბუბა” არის თვით ურთიერთობა. მდებარეობს სეტში, გიდების ასოციაციის ოფისის პირდაპირ და ცოტა იქით. 

 

კარგია ხაშლამის სუპი რესტორანში “ლუშნუ ქორ” 

მართალია, როგორც გითხარით, ვიტალის ჭაჭას “პახმელია” არ აქვს, მაგრამ ეს მდგომარეობა მაინც შეიძლება რაღაცნაირად შემოგეპაროთ. ამიტომ არ დაიბნეთ, მაშინვე გავარდით “ლუშნუ ქორში” და ხაშლამის სუპი შეუკვეთეთ. დაუნანებლად შეზავებული ცხელი, მსუქანი ბულიონი, შიგ მოთანთალე ხორცის ნაჭრებით და გახუხული შოთის პურით ელვისებურად დაგაბრუნებთ ცხოვრების რელსებზე და თქვენ სახეს ღიმილს მოჰფენს.

მდებარეობს სეტის ცოტა იქით, მთავარ გზაზე, აქედან რომ იყურები, მარცხნივ. 

“ლუშნუ ქორ” – სვანური სახლი (სვანურად)

 

კარგია გოშთელიანებთან, სასტუმრო OLD HOUSE-ში

ლანჩვალის პირველ ნომერში, ჩემი საყვარელი გვირაბიანი კოშკის ზემოთ მდებარეობს სასტუმრო “ოლდ ჰაუსი”, რომლის ტერასიდან მთელი მესტია ჩანს. თუ თქვენი მისწრაფება მათემატიკაა, ეს ადგილი ზედგამოჭრილია თქვენთვის, რადგან სასტუმროს ნომრიდან, აივნიდან ან ტერასიდან შეგიძლიათ დაუსრულებლად ითვალოთ გარშემო მოჯარული კოშკები და გონება ავარჯიშოთ. ერთი კვირის განმავლობაში “ოლდ ჰაუსის” ტერასაზე კარგი მუსიკა უკრავდა, რაც მაფიქრებინებს, რომ დიდი ალბათობით აქ ყოველთვის კარგი მუსიკაა. გარდა ამისა, აქ ცხოვრობს ლანჩვალზე მოსეირნე ძროხების დაუძინებელი “მტერი”, ნაცრისფერი კანე კორსო, სახელად მასი, რომლის საყვარელი საქმეც მოთენთილი ძროხების ტონუსში მოყვანა და ქუჩაზე მათი აღმა-დაღმა დევნაა. 

განსაკუთრებით სასიამოვნო ყოფილა საოჯახო სასტუმროში ცხოვრება, სადაც თბილი მასპინძელია. 

 

კარგია რესტორან “შალეში”

როცა ის ოქროსავით კაცი სიმღერას ამთავრებს. 

ხორცებიც მშვენიერი აქვთ.

 

კარგია ნეგრონი სასტუმრო “ფოსტაში”

მესტიაში ყოფნისას რაღაც მომენტში გახსენდება, რომ კი ხარ კავკასიის მთების შვილი, მაგრამ მაინც ხმელთაშუა ზღვის აუზს და ევროპულ კულტურას ეკუთვნი, დგები და ეგრევე მოდიხარ “ფოსტაში” და უკვეთ ნეგრონის. მოწრუპავ და გახსენდება, რომ კარგა ხანი იტალიაში ვერ წახვალ, როგორც  უნდა გაიაფდეს ბილეთი. ასევე ხვდები, რომ კუბდარს უკვე შვიდი დღეა შეუჩერებლად მიირთმევ, ეძახი მიმტანს და უკვეთავ გოგრის კრემსუპს. მოხვრიპავ და ფიქრობ, რომ საქართველოში ყოფნაც კარგია და ისე ერთ განედზე ვართ ჩვენ და იტალია, ოღონდ იმათ მტრებში უფრო გაუმართლათ. 

სასტუმრო “ფოსტა” სადაა და ლამაზი, ოთახები დიდია და ნათელი, საწოლი – კომფორტული, ფასები – კარგი. 

თქვენს ჩამოსვლამდე ფლეილისტსაც გამოცვლიან კაფეში. 

 

კარგია ერთი ყავა

როგორც უკვე მიხვდით, საკვები დაწესებულებები, ძირითადად, სეტის მიდამოებშია თავმოყრილი. აქვე, “ფოსტიდან” 50 მეტრში, იპოვით პატარა და საყვარელ ყავახანას, რომელსაც საკმაოდ სიმბოლური სახელი, “ერთი ყავა” ჰქვია. 

“ერთ ყავაში” არა მხოლოდ მესტიის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ყავა აქვთ. აქვე იყიდება საუკეთესო ქართული ჩაი “კონა” და ლამაზი სუვენირები. 

 

კარგია ბეჩო

აქ კოშკები საერთოდ არ არის, ამბობენ, რომ რუსებმა დაანგრიეს მე-19 საუკუნეში, სვანეთში შემოჭრის შემდეგ, რადგან საძირკვლები ჯერ კიდევ ჩანს. სამაგიეროდ, ბეჩოს ზედ ადგას უშბა, რომელიც უბრალოდ ისეთია, რომ არავითარ ეპითეტს არ საჭიროებს. 

უშბასთან მისასვლელი გზა ბეჩოზე გადის. აქაურ გესტჰაუსებში წლის ნებისმიერ დროს შეხვდები “დაზაგრულ” ალპინისტებს, რომლებიც საქართველოს ყველაზე რთულ მთაზე ასასვლელად ემზადებიან ან ჩამოსულები არიან და ისვენებენ. ალპინისტების მოყოლილ ამბებს კი მხოლოდ მეზღვაურების ნაამბობი თუ შეედრება, უნდა დაისხა ვისკი, ჩამოჯდე, წრუპო და უსმინო დილამდე. კარგია  ბეჩო. 

 

კარგია კოშკები

ვერ აგიწერთ ჩემს გაოცებას, როცა გავიგე, რომ სვანური კოშკები, უფრო ზუსტად კი, სოფელი უშგული, მიაზაკის მფრინავი ციხესიმაგრის ვიზუალიზაციის შთაგონების წყარო გახდა. ამოდით, დახედეთ. შუა საუკუნეების თავდაცვითი ნაგებობები საქართველოში ასეთ კარგ მდგომარეობაში  არსად არაა. კოშკი დიდებული სამედიტაციო ადგილიცაა.

 

არ არის კარგი “ტინდერი”

სვანეთში “ტინდერი” არ მუშაობს. ადგილობრივები ამ აპლიკაციას არ იყენებენ და ძებნისას, ძირითადად, ყაბარდო-ბალყარეთში, ან ყარაჩაი-ჩერქეზეთში მყოფ გოგოებს გიყრის. ყარაჩაი-ჩერქეზეთთან და ყაბარდოსთან ღია საზღვარი არ გვაქვს, ამიტომ, ვინმე რომ დამეჩოთ, მაინც არაფერი არ გამოვა და ტყუილად შორიდან ალვით დაიტანჯებით. დასკვნა – უნდა ეძებოთ ისევ და ისევ ძველებური, ოფლაინ ნაცნობობა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.