მაკროფოტოგრაფიამდე ეს მეცნიერი თავისი აღმოჩენების ილუსტრაციებს ქმნიდა
ავტორი: Emma Taggart
დღესდღეობით სამეცნიერო წიგნები სავსეა დეტალიზებული სურათებით, რომლებიც მცენარეთა რთულ აგებულებას იდეალურად წარმოაჩენს, მაგრამ მაკროფოტოგრაფიის გამოგონებამდე ბოტანიკოსები მცენართა აგებულების შესახებ ილუსტრაციებს თავად აკეთებდნენ და ფლორისა და ფაუნის მომხიბლავ ფორმებს აღწერდნენ. ერთ-ერთი მეცნიერი, რომელმაც თავისი კვლევები ილუსტრაციებთან ერთად გამოსცა, გერმანელი ბიოლოგი, ბუნებისმეტყველი, ფილოსოფოსი და ექიმი ერნსტ ჰაინრიხ ჰეკელი იყო.
ჰეკელის ფერადი, მაღალსტილიზებული ჩანახატები და ესკიზები ასახავს იმას, თუ როგორ ჩანს მცენარეთა სხვადასხვა ფორმა მიკროსკოპის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ორგანიზმი სამეცნიერო ფანტასტიკის წიგნიდან გადმომძვრალ არსებას ჰგავს, სინამდვილეში, ნამუშევრები დედამიწაზე მცხოვრები ორგანიზმების დაფარულ აგებულებასა და მრავალფეროვან ფორმებს წარმოაჩენს.
ვინ იყო ერნსტ ჰეკელი?
ჰეკელი გერმანიაში 1834 წელს დაიბადა. 1857 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი, სადაც მედიცინა შეისწავლა. სტუდენტობისას ჰეკელი პროფესორმა ოტო მიულერმა ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე ზღვის პატარა არსებებზე დასაკვირვებლად წაიყვანა. საველე კვლევამ ბიოლოგიისა და სიცოცხლის მომხიბვლელი ფორმების მიმართ სტუდენტის ინტერესი გამოიწვია.
1859 წელს 25 წლის ჰეკელი იტალიაში გაემგზავრა. ნეაპოლში ყოფნისას მან საკუთარ თავში მხატვრული ნიჭი აღმოაჩინა. ამავე წელსვე გაემგზავრა მესინაში და სხივარების (Radiolaria) აგებულება შეისწავლა, რომელთა შესახებაც 1860-1862 წლებში 59 სამეცნიერო ილუსტრაცია და მიკროსკოპის სლაიდები გამოაქვეყნა.
ხელოვნების და მეცნიერების “ქორწინება”
ჰეკელი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ფლორასა და ფაუნას “უმაღლესი მთებიდან უღრმეს ოკეანემდე” იკვლევდა. მან არა მხოლოდ აღმოაჩინა, აღწერა და სახელი უწოდა ათასობით სახეობას, არამედ შექმნა მათი დეტალური ილუსტრაციებიც. გრაფიკული სიზუსტით და დელიკატური დაჩრდილვით შესრულებულმა ნამუშევრებმა ხელი შეუწყო მიკროსკოპული ორგანიზმების შესახებ მსოფლიოს განათლებას, რაც იმ დრომდე არ არსებობდა.
1864 წელს ჰეკელმა ჩარლზ დარვინს თავისი ნამუშევრები გაუგზავნა. გოთიკამ, შავ ფონზე თეთრმა ნახატებმა, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა დარვინზე, რაც საპასუხო წერილში გამოხატა: ”ისინი ყველაზე დიდებული ნამუშევრებია მათ შორის, რაც მე ამ დრომდე მინახავს და ვამაყობ, რომ ავტორის ილუსტრაციები მაქვს.”
ჰეკელის წიგნი Natürliche Schöpfungsgeschichte, რომელიც 1868 წელს დაიბეჭდა, პირველ მსოფლიო ომამდე ევოლუციის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო იყო.
მის ყველაზე ცნობილ პუბლიკაციას – Kunstformen Der Natur (Artforms in Nature), რომელიც 1904 წელს გამოქვეყნდა და ათასობით დეტალიზებულ ნახატს მოიცავს, ცოცხალი არსებების “ვიზუალურ ენციკლოპედიას” უწოდებდნენ. ახლახან Taschen-მა 704-გვერდიანი წიგნი გამოსცა (ერნსტ ჰეკელის ხელოვნება და მეცნიერება). მასში თავმოყრილია 450 ჩანახატი, ესკიზები ჰეკელის კვლევებიდან და სხვადასხვა ორგანიზმის 100 ილუსტრაცია, რომელიც 1899 -1904 წლებში შეიქმნა.
ჰეკელი 1908 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მისი ლეგენდარული პორტფოლიო სამეცნიერო და მხატვრულ სამყაროებში დღესაც აქტუალურია. მისი ნაშრომი დღემდე ზემოქმედებს მეცნიერულ კვლევებზე და ამასთან ერთად, XX საუკუნის დასაწყისის ხელოვნების, დიზაინის და არქიტექტურის შთაგონების წყაროსაც წარმოადგენს. დღესაც კი ბოტანიკოსის ილუსტრაციები შთაგვაგონებენ და შეგვახსენებენ, რომ სამყარო სილამაზითა და საოცარი აღმოჩენებით არის სავსე.
ორიგინალი: https://mymodernmet.com/