fbpx

მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა – მაშო სამადაშვილი


გააზიარე სტატია

ავტორი: მაშო სამადაშვილი

 

ბოლო დროს  ბოჰუმილ ჰრაბალის ეს რომანი ხშირად მახსენდება, მისი სათაური (ეს სიტყვათშეთანხმება) ზედგამოჭრილია ჩვენი მდგომარეობისთვის. 

მე მეხუთე დღეა სახლში ვარ. ოფისი, რომელშიც ღია სივრცეში ძალიან ძვირფას ადამიანებთან ერთად ვმუშაობ, უცბად შეცვალა ჩემმა სახლმა, რომელიც მართალია, ძალიან მიყვარს, ჩემი პირველი და მნიშვნელოვანი შენაძენია და სხვა ლირიკული ამბები, მაგრამ მარტო ვარ.

შეხვედრები და გადაძახილები, რომელიც უამრავ ცოდნას და ახალ ამბებს ნიშნავდა ჩემთვის, Zoom-ის ზარებმა, მეილებმა და სხვადასხვა აპლიკაციის ჩეთებმა შეცვალა. 

აი, მაგალითად, ახლაც მე და ჩემი კოლეგები ერთ შესანიშნავ პროექტს ვგეგმავთ. 

დავაკვირდი და სახლში ძალიან მობილიზებული ვარ, ვაკონტროლებ, ხომ არ მირეკავენ, უპასუხო წერილი ხომ არ დამრჩა, ხომ ზუსტად იმ დროს ვარ მზად, როგორც ოფისში, მოკლედ, ყოველდღიურობა არ იცვლება, შეიძლება მეტად კონცენტრირებულიც კი ვარ, თუმცა როგორც კი ამ სიტუაციის გამომწვევი მიზეზი მახსენდება, თავი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში მგონია.  

კორონავირუსზე შედარებით ცოტას ვკითხულობ, ამხელა ინფორმაციულ ტალღაში არც დრო მრჩება და ხალისიც სულ უფრო ნაკლებია. დღეს დედაჩემმა, რომელმაც მინიმუმ რამდენიმე ომი, 9 აპრილი გამოიარა და შორიდან ჩერნობილის ამბავიც ახსოვს, ასეთი House Art Work შექმნა

რამდენი გავხედავ, მეღიმება. 

 

ჩემმა ერთმა ძვირფასმა მეგობარმა, რომელსაც იზოლაციაზე  და ზოგადად, ცხოვრების ავ-კარგზე ვესაუბრებოდი, მკითხა, ”ოფისი“ ნანახი გაქვსო? არა-მეთქი, ჰოდა საღამოობით გასართობიც გამოჩნდა, თუ არც თქვენ გინახავთ, აი ისიც: The OFFICE 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ თვითიზოლაცია, საუკეთესო დროა წიგნების წასაკითხად, თანაც ”საბას“ აპლიკაციაში 1 თვის განმავლობაში 6000-ზე მეტი წიგნი უფასოდაა ხელმისაწვდომი,

გიზიარებთ ბმულებსაც:

 

დღის ბოლოს დედაჩემის სიცილმა გამომაფხიზლა, რომელიც ფრაგმენტულად მესმოდა სამზარეულოდან, რა გაცინებს მეთქი და თამაში მოვიგონე და კორონას ვამკობ ცუდი სიტყვებითო, მაინც რომლით-მეთქი, დღევანდელი სამეული ასეთიაო: ბრიყვი, ვერაგი, ჩანჩურა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვირუსი უმიზეზოდ არ გაჩენილა და გარდა იმისა, რომ სიცოცხლის და ბუნების დაფასებას გვასწავლის, საკუთარ თავშიც და ჩვენს ახლობელ ადამიანებშიც ბევრ ახალს აღმოგვაჩენინებს; მიგვახვედრებს, რა არის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი, რაზე ვიღელვოთ და რაზე არა და რა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ როგორი დისტანცირებულებიც  უნდა ვიყოთ, მარტო არასდროს ვართ, და რაც უნდა იყოს, ესეც გაივლის. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.