fbpx

ქვის სიმფონია – გამორჩეული ქვის ნაგებობები მთელი მსოფლიოდან


გააზიარე სტატია

დიზაინერი და არქიტექტორი უილიამ ჰოლი  რამდენიმე კვლევის ავტორია. იგი სამშენებლო მასალების როლს სწავლობს ისტორიულ და თანამედროვე არქიტექტურაში. პირველი წიგნი ბეტონის, მეორე – აგურის, ხოლო მესამე – ხის გამოყენების გამოცდილებას დაუთმო სხვადასხვა კულტურაში. ბოლო წიგნში კი, პირამიდების ეპოქიდან დღემდე, ქვისგან აგებულ ყველაზე გამორჩეულ ნაგებობებსა და შენობებს მოუყარა თავი. „ქვა – არ არის ანაქრონიზმი, ყველაზე ძველი და გამძლე მასალა დიდ ადგილს დაიკავებს მომავლის ურბანულ არქიტექტურაში“, – ამბობს არქიტექტორი.

ნახეთ ქვით ნაშენი რამდენიმე შთამბეჭდავი ნაგებობა უილიამ ჰოლის წიგნიდან „ქვა“.

 

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. მონიო, შვეიცარია. 1966. არქიტექტორი: მარიო ბოტა

მარიო ბოტას ნაგებობა მე-17 საუკუნის ეკლესიის ადგილზე აშენდა, რომელიც 1986 წელს ზვავის შედეგად დაინგრა და მხოლოდ ზარი გადაურჩა განადგურებას. არქიტექტორმა მასალად თეთრი მარმარილო, ადგილობრივი გნაისი და ნაცრისფერი გრანიტი გამოიყენა. 

 

ერ-რიადის მეჩეთი. პროექტი: საუდის არაბეთის საერთაშორისო არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Omrania.

შენობა ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის ტენდენციების სინთეზითაა დაპროექტებული. კომპლექსის ტერიტორიის ფართობი 10 ათასი კვადრატული მეტრია, შედგება ორი სართულისგან, რომლებიც 1466 მლოცველზეა გათვლილი. 

ქვის სახლი. ფაფე, პორტუგალია

სახლს, რომელიც  ქვისგან კი არ ააგეს, არამედ ქვაში გამოკვეთეს, პორტუგალიელები Casa do Penedo-ს – „ქვის სახლს“ უწოდებენ. ის პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ფაფეს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. სახლი ორსართულიანია, პირველზე სასტუმრო ოთახია განლაგებული, ხოლო მეორეზე – საძინებელი. 

 

წმინდა გიორგის ეკლესია. ეთიოპია. 

ნაგებობა წითელ ვულკანურ ტუფშია გამოკვეთილი და 11 ეკლესიიდან ბოლოა,   რომელიც მე-13 საუკუნეში მეფე ლალიბელამ ააგო.

 

სუშის მუზეუმი, შვეიცარია. არქიტექტორები: კასპერ შმიდლინგი და ლუკას ვოელმი

2019 წელს შვეიცარიის სუშის კომუნის ტერიტორიაზე მდებარე მე-12 საუკუნის მონასტერი აღადგინეს. მისი ავთენტურობა და ძველი იერსახე მაქსიმალურად  შენარჩუნებულია. თუმცა, არქიტექტორებმა მონასტრის ქვეშ არსებული მე-19 საუკუნის ლუდსახარში, რომელიც ქვაში იყო ნაკვეთი, იქ არსებული მინერალური წყლების გამო სრულიად გადააკეთეს,  ფართობი გაზარდეს და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაქმნეს. . 

 

Himalesque. ჯომსომი, ნეპალი. პროექტის ავტორი კომპანია „არქიუმი“

არქიტექტურულმა კომპანიამ ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, ნეპალის ქალაქ ჯომსომში, ლოკალურად გავრცელებული მთის მეტამორფული ქანი – გნაისი გამოიყენა და ადგილობრივების დახმარებით რადიოსადგურის შენობა ააგო.

 

უჩიმურა კანზოს მემორიალური ქვის ეკლესია. ნაგანო, იაპონია. არქიტექტორი: კენდრიკ კელოგი

მწერალი უჩიმურა კანზო (1861-1930) ქრისტიანობის ერთ-ერთი მქადაგებელი იყო მეიძისა და ტაისიოს პერიოდში. მან შექმნა მიმდინარეობა „მუკიოკაი“, რომელიც დასავლურ ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში მიღებულ წესებს არ აღიარებდა. კანზოს მიხედვით, ქრისტეს მოძღვრების შეცნობა ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნის გზით იყო შესაძლებელი. შესაბამისად, მისი მემორიალური ეკლესიაც ამ პრინციპით ააგეს, სადაც მცენარეები და წყაროა   გათვალისწინებული.

 

ლენიანგის მუზეუმი. ტაივანი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.