fbpx

ფენოვანი ხაჭაპური და პარალელური ხაზები – ანანო ბაკურაძის დღიური – Vol. 2


გააზიარე სტატია

აქ ვაგრძელებ წერას და კიდევ ერთხელ გამარჯობა. 

თუ ჩემს ხელს ვერ არჩევთ, არ იდარდოთ, არაფერი დამიწერია მნიშვნელოვანი. 

დღეს ეკამ დამირეკა, დღეში რამდენჯერმე მირეკავს, მაგრამ ამ ჯერზე დიდხანს ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს თავს და საერთოდ, უჩანს თუ არა დასასრული ამ ყველაფერს…

პარალელურად ვხაზავდი ჰორიზონტალურად

 

მერე ვერტიკალურად

 

შემდეგ რაღაცების ჩახატვა დავიწყე და ადგილ-ადგილ ვცვლიდი ფორმებს, როცა მბეზრდებოდა. 

მე მგონი, ეს ნახატები ყველაზე კარგად ასახავს ჩემს გონებრივ მდგომარეობას.

 

ერთი შესანიშნავი საიტი გამახსენდა – masterclass.com,  სადაც დარჩენილი მქონია საყურებელი სერიები. 

მე სპაიკ ლის მასტერკლასი მაქვს, ეკასაც მივეცი ჩემი ექაუნთი, ცოტას ისიც გაერთობა, თუმცა სპაიკ ლის გარდა კიდევ უამრავი მასტერკლასია, ზოგი იტალიური სამზარეულოს საიდუმლოებებს გაგანდობთ და ზოგიც – როგორ შეიძლება მართოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოდის კომპანია. მუსიკაც არის და ლიტერატურაც. გააჩნია რა არის თქვენი ინტერესის სფერო. 

შესანიშნავი თავშესაქცევია მასტერკლასები. თვეში სულ რაღაც 15 დოლარად შეგიძლიათ სხვადასხვა ადამიანის გამოცდილებას მოუსმინოთ. საჭმლის გარდა ფულს ისედაც ვერაფერში ვხარჯავთ და მე მგონი, 15 დოლარი გამოგითავისუფლდებოდათ. 

თუმცა, თუ  არც 15 დოლარის გადახდა გსურთ, დღეს თქვენთვის უფასო საიტების და აპლიკაციების სია გავამზადე. კორონა ეპიდემიის ეპოქაში ბევრმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო  ონლაინ წიგნები, ფილმები, ჟურნალები, ვირტუალური ტურები მსოფლიოს მუზეუმებში, მუსიკის აპლიკაციები და ასე შემდეგ. 

  • saba.com.ge – შეგიძლიათ გადმოწეროთ საბას აპლიკაცია და იკითხოთ რამდენიც გინდათ ერთი თვის განმავლობაში. აუდიოწიგნები სცადეთ, თუ არ გიცდიათ, შესანიშნავია. 
  • lit.ge – აქაც თავისუფლად გადაადგილდებით.
  • Google arts & culture-მა მსოფლიოს 500-მდე მუზეუმში უფასო გახადა ვირტუალური ტურები. ამ სიაში ნახავთ ვან გოგის მუზეუმს ამსტერდამში, ბრიტანულ მუზეუმს ლონდონში, ნიუ-იორკის გუგენჰაემს, პარიზის ორსეს მუზეუმს, სან პაულოს მასპის და ასე შემდეგ. თუ ყველაფერი სხვა მოგბეზრდათ, წესით, გაერთობით. 
  • უფასო სინთეზატორის აპლიკაცია – Moog Minimoog Model D iOS App
  • Porn Hub უფასოდ სთავაზობს იტალიაში მცხოვრებ ადამიანებს პრემიუმ პაკეტს. მე არ ვიცი, ტექნიკურად ეგ როგორ ხდება, მაგრამ მე მგონი, შესაძლებელია ტექნიკურად მოიტყუოთ, რომ იტალიიდან შედიხართ და თუ გჭირდებათ – go ahead. 
  • იუთუბზე ჩაწერეთ Yoga With Adriene და უფასო ხარისხიან იოგის კლასებს იპოვით.

 

ასევე, მე, მაგალითად, სერიალების ყურება გავაგრძელე, homeland-ის ბოლო სეზონი გამოვიდა, აქამდე დრო არ მქონია, რომ მენახა. ახლა შესანიშნავი დროა. 

შვეიცარიაში გარეთ გასვლა 5 კაცზე მეტს ერთად არ შეუძლია და თუ ხუთნი გარეთ გავალთ, ერთ მეტრიანი დისტანცია უნდა დავიცვათ ერთმანეთს შორის. ერთადერთი გასართობი სუპერმარკეტში ჩასვლა და იქ სეირნობაა, ამიტომ ვიმარაგებ ყველაფერს, რამაც შეიძლება გამართოს სახლის პირობებში. რთული ყოფილა სახლში ყოფნა, მაგრამ კარგი მხარეების შემჩნევა დავიწყე. 

მაგალითად, მურაკამის უზარმაზარ წიგნს შევეჭიდე, აქამდე ვცდილობდი უფრო პატარა წიგნები მეყიდა დროის სიმცირის გამო, ახლა კი ვფიქრობ, მალე არ გამითავდეს ეს წიგნი და ვიზოგავ. 

 

გუშინ ხაჭაპურიც კი გამოვაცხვე. საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში სუპერმარკეტში ნაყიდი ფენოვანი ცომითა და ფეტა-მოცარელას ყველით გამომცხვარ ხაჭაპურს “ემიგრანტების ხაჭაპურს” ვეძახდით. ნუცის, ჩემს საუკეთესო მეგობარს, ძალიან უყვარდა და ხშირად ვუკეთებდი. გუშინ ისევ გავიხსენეთ ამ ხაჭაპურის გემო. 

ნამცხვრების კეთება მე მგონი, არ გამომდის, მაგრამ იქნებ ესეც ვცადო ამ დღეებში? 

ისევ ჯანმრთელობას გისურვებთ და იმასაც გისურვებთ, რომ მალე გვენახოს ერთმანეთი. 

რა კარგი ყოფილა ჩახუტება, სულ მიყვარდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად მიყვარს და რაც მთავარია ვაფასებ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.