fbpx

იტალიიის ერთ-ერთ ქალაქში მასობრივმა ტესტირებამ კორონავირუსის გავრცელება შეაჩერა


გააზიარე სტატია



უკვე ერთი თვეა, რაც Covid19-ის ტალღამ იტალიას გადაუარა. 20 მარტის მდგომარეობით იტალიაში გარდაცვლილთა რიცხვმა 4000-ს, ინფიცირების შემთხვევებმა  კი – 47 000-ს გადააჭარბა. იტალიამ 19 მარტს გადაუსწრო ჩინეთს, საიდანაც ეპიდემია დაიწყო და სადაც 3245 ადამიანია გარდაცვლილი.

მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იქ განხორციელებულმა საპილოტე კვლევამ შედეგი გამოიღო, რაც შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას ცდილობენ, მაგალითი იყოს.  

6 მარტიდან პადუის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, წითელ ჯვართან ერთად, ქალაქ ვოში მცხოვრებ ყველა ადამიანს Covid19-ის გამოსავლენი ტესტი ჩაუტარეს.

ეს ქალაქი ვენეციასთან ახლოს მდებარეობს და კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი იტალიაში სწორედ აქ დაფიქსირდა. ტესტი ქალაქში თითოეულ ადამიანს ჩაუტარდა, მიუხედავად იმისა, აღენიშნებოდა თუ არა ვირუსისთვის დამახასითებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენამდე ადამიანების კარანტინში მოთავსებამ ვირუსის შემდგომი გავრცელება შეაკავა. შედეგად, კორონავირუსის გავრცელების შეჩერება 14 დღეზე ნაკლებ პერიოდში მოხერხდა.

რამდენადაც მილანში ინფექცია კონტროლს აღარ ექვემდებარება, ამ მეთოდის  იქ განხორცილება უკვე დაგვიანებულია, თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ მდგომარეობა არ დამძიმებულა, შესაძლოა  გაამართლოს: მთავრობამ უნდა გამოავლინოს კლასტერები, ინფიცირებულები კარანტინში გადაიყვანოს, დაადგინოს მათი უკანასკნელი კონტაქტები და მოათავსონ ისინი იზოლაციაში, მიუხედავად იმისა, აღენიშნებათ თუ არა სიმპტომები.

მას შემდეგ, რაც იტალიის პატარა ქალაქ ვოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა, ქალაქი კარანტინში აღმოჩნდა და თითოეულ მცხოვრებს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა. 

ტესტირების პირველ ეტაპზე 89 ადამიანმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. მეორე ეტაპზე ეს რიცხვი 6-მდე შემცირდა.

ისინი  იზოლაციაში დარჩნენ.  საყოველთაო ტესტირებამ  Covid19-ის გავრცელებას ხელი შეუშალა.

ერთი საინტერესო მიგნება გვაქვს: მას შემდეგ, რაც პირველი სიმპტომური შემთხვევა დაფიქსირდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით – 3%, უკვე ინფიცირებული იყო. მათი უმეტესობა სრულიად ასიმპტომური გახლდათ. კვლევამ მნიშვნელოვანი რამ დაადგინა: არ აქვს მნიშვნელობა, აქვთ თუ არა სიმპტომები ადამიანებს, მათი ტესტირება ნებისმიერ შემთხვევაში პანდემიის კონტროლის საშუალებას გვაძლევს.

ასეთ დროს სტრუქტურული საპასუხო რეაქცია ძალიან მნიშვნელოვანია. ტესტის საშუალებით დადგინდა ინფორმაცია ინფიცირებულთა რიცხვისა და სიკვდილიანობის შესახებ. იტალიაში სიკვდილიანობა 8% გახლდათ, რამაც გადააჭარბა თავად ჩინეთის სიკვდილიანობის მონაცემებს და გაუტოლდა SARS პანდემიის შედეგებს 2002-2003 წლებში.

გადაწყვეტილება, რომ ტესტირება ჩაეტარებინათ მხოლოდ აშკარად სიმპტომური პაციენტებისთვის, იტალიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტებმა, სავარაუდოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან შეთანხმებით მიიღეს. ის ადამიანები, რომელთაც არ მიუმართავთ საავადმყოფოებისთვის კი შემთხვევით შეამოწმეს. იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებიც შესაძლოა, გადამტანები იყვნენ, დაუდგენელია.

სრული ტესტირება კი მოგვცემდა საშუალებას, დაგვედგინა, სულ რამდენი ადამიანი იყო ინფიცირებული. ასეთ შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, შემცირდებოდა.

ვენეტოში, დაახლოებით მსგავსი ცვლადებია, რაც ჩრდილოეთის ორ რეგიონში – ლომბარდიასა და ემილა-რომანიაში. განათლება, ცხოვრების სტილი, შემოსავალი და ასაკობრივი მახასიათებლები დაახლოებით ერთნაირია. ასაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია სიკვდილიანობისა. განსხვავებულ შედეგებს აღნიშნულ მხარეებში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, ვენეტოში ყოველ 100 კაცზე 8-ს უტარდებოდა ტესტირება, ხოლო დანარჩენ ორ რეგიონში შესაბამისად – ამის ნახევარსა და მესამედს.

სამწუხაროდ, დიდი პოპულაციის მქონე ქალაქებში ასეთი ტესტირების ჩატარება თითქმის შეუძლებელია.

თუმცა, სადაც ეს შესაძლებელია, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე განიხილავენ ამ შესაძლებლობას. სიმპტომური პაციენტების ყველა კონტაქტს, ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავებს ჩაუტარებენ ტესტირებას. ამით გადაცემის შესაძლებლობას ბევრად შევამცირებთ.

ჯერჯერობით კი კარანტინი, დისტანცირება, იდენტიფიცირება – ეს არის მეთოდები, რომლებითაც შეგვიძლია, ეპიდემიას ვებრძოლოთ.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სწორედ გასულ კვირას გასცა რეკომენდაცია იმაზე, რაც ჩვენი კვლევის შედეგითაც დავადგინეთ: ტესტირება! ტესტირება! ტესტირება!


ორიგინალი: https://www.theguardian.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.