fbpx

ფეხბურთი და კორონავირუსი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

უკვე დიდი ხანია, რაც ფეხბურთი გასცდა სპორტის მხოლოდ სათამაშო სახეობის ფარგლებს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უმძლავრეს ინდუსტრიად იქცა, რომელშიც საფეხბურთო კლუბების წარმომადგენელთა გარდა, უამრავი ადამიანია ჩართული.

ასე კი ნამდვილად არ ყოფილა გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, როდესაც მეორე მსოფლიო ომის მიზეზით ორი მსოფლიო ჩემპიონატი გადაიდო და ამიტომ საფეხბურთო ისტორიამ მრავალი ტალანტის სახელი ვერ შემოინახა… 

იმ პერიოდიდან დაახლოებით 80 წლის შემდეგ კი ფეხბურთს სრულიად სხვა ტიპის ომი – ჩვენს პლანეტაზე გავრცელებული საშიში ეპიდემია – კორონავირუსი დაემუქრა. 

ამ ფონზე ფიფა-ს დევიზი – ფეხბურთი რომ აერთიანებს – განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, რადგან მსოფლიოსა და ევროპის წამყვანმა საფეხბურთო ორგანოებმა, მათი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, გასულ კვირას ურთულესი პრობლემების მაქსიმალურად ოპტიმალური გზით მოგვარება ვიდეოკონფერენციის მეშვეობით სცადეს და მიღებული გადაწყვეტილებებით ადამიანები გარკვეულწილად დააიმედეს კიდეც, რადგან კორონავირუსი თითქოს უკვე ივნისში დაძლეული იქნება…

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა, სამწუხაროდ, დღეს შეუძლებელია, მაგრამ ფეხბურთთან კონტაქტში არმყოფი ადამიანების გონებაშიც კი ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის ევროპის  და ჩემპიონთა ლიგის ტურნირების ფინალური მატჩების ჩატარების სავარაუდო თარიღად შესაბამისად – 24 და 27 ივნისის დასახელება.

ევროტურნირების მსგავსად, დადგინდა, რომ ერთა ლიგის ტურნირის ფინალური ეტაპი, რომელსაც მთელი საქართველო მოუთმენლად ელის, ივნისის პირველ რიცხვებში გაიმართება. 

საქართველო – ბელარუსის მატჩი ივნისის დასაწყისში ჩატარდება

 

ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი გადამწყვეტ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონია – კოსოვოს წყვილში გამარჯვებულს უმასპინძლებს და კორონავირუსით გამოწვეული ვნებათაღელვის დაცხრომას და ქართველი გულშემატკივრისთვის აქამდე არგაგონილი სიხარულის მოტანას ეცდება… 

საინტერესოა, რომ სრულად გაჩერებულ საფეხბურთო ევროპაში, გასულ კვირას საქართველოს ნაკრების მეტოქის ეროვნულმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი. აქედან გამომდინარე ბელარუსი დღეს უეფა-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, სადაც ფეხბურთს თამაშობენ!

გადაწყვეტილება იმდენად უცნაური ჩანს, როგორც თვით პირველი სათამაშო ტურის რეგლამენტი. რვა დაპირისპირება ოთხ დღეზე გადაანაწილეს და გუნდები ხუთშაბათიდან მოყოლებული, კვირის ჩათვლით, წყვილ-წყვილად ათამაშეს.   

უცნაურია შედეგებიც, რადგან „ბატეს“ ჩათვლით, ნაკრების მოთამაშეებით დაკომპლექტებული თითქმის ყველა ფავორიტი გუნდი დამარცხდა. ნეტავ რაშია საქმე?!

ბუნებრივია, რომ ჩემპიონატის დაწყება ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს განცხადების შედეგია, რომლის თანახმადაც კარანტინის შემოღება ზედმეტი პანიკის შექმნას გამოიწვევდა, რაც ქვეყნისთვის კორონავირუსთან შედარებით, გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა.

გაიმართება თუ არა მეორე ტურის მატჩები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ პირველობის მიმდინარეობა უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ბელარუსელთა ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომას ემსახურება, რადგან მეტოქის მოთამაშეთა ძირითად ბირთვს სწორედ მის ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები წარმოადგენენ. 

ბელარუსებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების უკლებლივ ყველა მოთამაშე საფეხბურთო კარანტინში იმყოფება და სათამაშო პრაქტიკის გარეშეა დარჩენილი. თუმცა, პაუზა გუნდის ლიდერ გიორგი ჩაკვეტაძეს უკეთეს ფორმაში ჩადგომაში და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს ტრავმების დაძლევაში რომ დაეხმარება, ეს უკვე ჩვენი ნაკრების წისქვილზე ასხამს წყალს და დაპირისპირების წინ მას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს. ამ უპირატესობის გამჟღავნებისთვის კი მთავარია, მატჩი ჩატარდეს…

უეფა-ს  წევრი 55 ქვეყნის ვიდეოკონფერენციაზე გადაჭრით მხოლოდ ევრო 2020-ის ერთი წლით გადავადება და მისი ზუსტი თარიღების დადგენა მოხერხდა. იქამდე რუსეთის და შემდეგ უკვე თურქეთის მხრიდან მასპინძლობის შეთავაზების მიუხედავად, რაც სრული აბსურდი იქნებოდა როგორც ზოგადად ევროპაში, ისე ამ ქვეყნებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. 

საინტერესო ისაა, რომ ამ შეთავაზებების შემდეგ რამდენიმე დღეში როგორც რუსეთში, ისე თურქეთში, ჩემპიონატები შეაჩერეს.

როგორც ვხედავთ, სადღეისო რეალობა ბურუსითაა მოცული. სამომავლოდ კი მას თვით კლუბებში ფეხბურთელების კონტრაქტებთან, მათ ხელფასებთან, სანაკრებო ვალდებულებებთან თუ შვებულებებთან დაკავშირებული უამრავი გაურკვეველი საკითხი დაემატება, რაც უკვე ივლისის ბოლოსთვის მოსაგვარებელი ექნება უეფა-ს, თორემ თუკი ქაოსი 1 აგვისტომდე ვერ მოგვარდება, სავარაუდოდ, 2020/2021 წლის ევროპული სეზონის დაწყება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და მაყურებელს 2021 წელს დანიშნული ევროპის ჩემპიონატის ლოდინი მოუწევს… 

ამგვარად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიო ფეხბურთში მსგავსი სირთულის სიტუაცია არასოდეს შექმნილა. თუმცა, ევროპის წამყვანი კლუბები იხტიბარს არ იტეხენ და თავიანთ სამომავლო სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით ღიად საუბრობენ. ამჯერად მხოლოდ ზოგიერთ მათგანს ვახსენებთ.

მაგალითად, „ბარსელონა“ გერმანიის ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარცველის, ლეროი სანეს შეძენითაა დაინტერესებული და მას ტრავმებისადმი მიდრეკილი უსმან დემბელეს შემცვლელად მოიაზრებს.  

ინგლისის ნაკრების და „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ფორვარდ ჰარი კეინის მომავალი კარიერა კი შეიძლება მადრიდის „რეალს“, „პარი სენ-ჟერმენს“ ან ტურინის „იუვენტუსს“ დაუკავშირდეს.

მომავალი სეზონიდან ტრანსფერებზე ნებადართული „ჩელსი“ იტალიის მარკეტზე 300 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს. „არისტოკრატთა“ სამიზნე ტურინის „იუვენტუსის“ ბოსნიელი ნახევარცველი მირალემ პიანიჩი, მილანის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი და „მილანის“ გოლკიპერი ჯანლუიჯი დონარუმაა.

მარტინესს მსოფლიოს უმაღლესი კატეგორიის თავდამსხმელთა შორის მოიაზრებს დღესდღეობით კლუბის გარეშე დარჩენილი მისი თანამემამულე მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო, რომელიც აცხადებს, რომ მთავარი ის კი არაა, თუ ფორვარდი რას წარმოადგენს დღეს, არამედ ის, თუ რა პოტენციალს გამოავლენს იგი მომავალში.

თუკი ლაუტაროს სამომავლო კლუბი ამჟამად გაურკვეველია, „მანჩესტერ იუნაიტედში“ საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონ პოლ პოგბას კლუბის დატოვება მოუწევს. სხვა საკითხია, თუ ევროპის რომელი წამყვანი კლუბი გადაწყვეტს ამ ფეხბურთელში 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის დახარჯვას.  

თვით მილანის „ინტერი“ კი „ლაციოში“ ბრწყინვალედ მოასპარეზე ესპანელ ნახევარმცველ ლუის ალბერტოს შეძენას გეგმავს. როგორც ჩანს, „ნერაძურის“ მესვეურებს კარგად დაამახსოვრდათ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში „ლაციომ“ „ინტერის“ კარში გამარჯვების გოლი სწორედ ალბერტოს მიერ მოწოდებული კუთხურის შედეგად გაიტანა.

სასიხარულო და იმავდროულად გამაოგნებელმა ინფორმაციამ კი სწორედ ლუის ალბერტოს ამჟამინდელი კლუბის და მასთან ერთად „ნაპოლის“ კულუარებიდან მოაღწია. 

მაშინ, როდესაც 3 აპრილამდე კორონავირუსის ეპიცენტრ ქვეყანაში ყოველგვარი შეკრება კანონით იკრძალება, „ლაციო“ და „ნაპოლი“ უახლოეს დღეებში ვარჯიშის განახლებას გეგმავენ. ნუთუ ეს ეპიდემიის დასასრულის დასაწყისია?! 

სამწუხაროდ არა, რადგან კორონავირუსი ტურინის „იუვენტუსის“ უკვე  მესამე ფეხბურთელს, პაულო დიბალას დაუდგინდა…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.