fbpx

რას გვასწავლის ვირუსი – თეონა ბაღდავაძე


გააზიარე სტატია

რას ვგრძნობ? 

ამ დღიურის წერა დილის 7 საათზე დავიწყე, მას შემდეგ, რაც ვარჯიშის გარეშე დარჩენილმა ზურგმა  შემახსენა თავი. ისედაც ვფიქრობ, რომ ეს დრო ყველაზე გულწრფელია დღიურის საწერად, ოღონდ მეგობრობის არა, ის მხოლოდ  სკოლაში უნდა შეავსო შენი მეგობრების თანდასწრებით, თან ისე, რომ არ ნახონ, რას ფიქრობ მათზე ☺ 

ისიც არ ვიცი, ამ დღიურს რა განწყობით ვწერ, ზოგადად, საკუთარ ემოციებს  კარგად ვარჩევ ერთმანეთისგან (ოხრახუშის და ნიახურისგან განსხვავებით), თუმცა ახლა მიჭირს, გავერკვიო საკუთარ თავში. 

თვითიზოლაცია ჩემთვის განაჩენი არ არის, სამი წლის წინ, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი შემქმნილი, თუ გნებავთ, გამოგონილი სამყარო თავზე მემხობოდა და მეც მომიყოლებდა ქვეშ, მოვხიკე წიგნები, რამდენიმე ზღვისთვის გადანახული საცურაო კოსტიუმი და შეკვეთილში წავედი, თითქმის სრულ თვითიზოლაციაში.

რას ვაკეთებდი? არ მახსოვს კარგად, მგონი, რაღაც გრძელვადიან ტრანსში ვიყავი ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე – წიგნები, ძილი, ცურვა, სეირნობა (რიგითობა არ არის დაცული), იქ საერთოდ ავიღე ხელი ჩემს ყველაზე დიდ მტერთან – დროსთან ურთიერთობაზე და ვიძინებდი და ვიღვიძებდი, როცა მინდოდა, ან, თუ არ მინდოდა, არც ვიძინებდი და არც ვიღვიძებდი.

თვითიზოლაცია თვეზე მეტხანს  გაგრძელდა და ამაზე დიდი საჩუქარი საკუთარი თავისთვის, იტალიური ენის სწავლის გარდა, არასდროს გამიკეთებია. 

იქედან არც განსაკუთრებით ჭკვიანი გამოვედი, არც გასხივოსნებული (რასაც ვერ ვიტყვი რუჯზე),  არც ის ვიცოდი, შემდეგში რისი კეთება მინდოდა, გზა ხომ მხოლოდ მაშინ ჩანს, როდესაც სიარულს იწყებ, მაგრამ მივხვდი, რომ ფსკერზე ცოტა ხანი ჩაყვინთვით არაფერი მომივა, ამოვყვინთავ და ისევ იქ ვიქნები, სადაც ჩავყვინთე, სანტაბარბასავით. ასე ვისწავლე დასვენება, ნამდვილი – სხეულის ტვინით, ემოციებით.  

სამყარო აქ არის, სანამ ვარ მე. მერეც იქნება, უბრალოდ, მე აღარ ვიქნები. 

 

რას ვაკეთებ? 

არაფერს და ყველაფერს. დისტანციური მუშაობა ჩემთვის ახალი არ არის, რუტინასთან და დროსთან მებრძოლ დონ კიხოდს, მუდმივად მაქვს ჩემი ხრიკები – როგორ ვიმუშაო ისე, რომ მივიღო  სიამოვნება და თან საქმეც არ დავაზიანო.

მძაგს უაზრო შეხვედრები, კორპორაციული სტანდარტები და ყველაფერი ის, რისი ამაყი ნაწილი ვიყავი თითქმის 10 წლის განმავლობაში. ვთვლი, რომ საქმემ უნდა იმუშაოს ჩემზე და არა პირიქით. ამიტომ სამუშაოს მხრივ დიდად არაფერი შეცვლილა, ჩემი გადასარევი გუნდი  – Key’s Angels რომ დავარქვი მათი ხასიათიდან, გარეგნობიდან და პრობლემების გადაწყვეტის ორიგინალური უნარებიდან გამომდინარე (თან ცოტა  Charlie-ს იმიჯი მომწონს ჩემთვის), ონლაინ და შეუფერხებლად ვმუშაობთ დაახლოებით 5 აქტიურ დამკვეთთან. 

ვარედაქტირებთ წიგნს, რომელიც დიდი ხანია ჩემს დესკტოპზე დევს და ვფიქრობ, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თანამედროვე სამყაროში, როდესაც სწორი და თანმიმდევრული კომუნიკაცია ოქროდ ფასობს (ბოდიში, სოლომონ ბრძენო, დუმილი ყველაზე საეჭვო ვალუტაა დღეს☺), ვამზადებ დისტანციური ლექციების ციკლს და არა! საჭმელების კეთებას მაინც არ ვისწავლი. 

ვსქროლავ ფეისბუქ-ინსტაგრამს, ვადევნებ თვალს გაფრინდაშვილი-გორგილაძის ვარსკვლავურ ომებს და ჩემს პარტნიორთან ერთად ვმუშაობ თემაზე, რომელიც არ მინდა ხმამაღალი ვიყო, მაგრამ სრულიად შეცვლის ჩვენს წარმოდგენას ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების შესახებ.

ვბრაზდები კი, თუმცა იშვიათად, ეს დღიური საგანგებოს გამოცხადების და ეკლესიის დაუმორჩილებლობის პირველ დღეს დავწერე, ამიტომ ხვალიდან ალბათ უფრო ხშირად მომიწევს გაბრაზება.  

 

რა ვისწავლე? 

ის, რომ სამყარო დაუნდობელია და თავისი გეგმები აქვს, რომელსაც წინასწარ არასდროს  გატყობინებს. 

ვისწავლე ის, რომ ადამიანებში შიში იწვევს ავტორიტარული მკაცრი ხელის სურვილს, რომლის ასრულებაც ხვალ და ზეგ რა ფორმას მიიღებს, ჯერ არ ვიცი. 

ვისწავლე ის, რომ საკუთარი სურვილები დამოკიდებულია ჩვენს გარემოზე და არა პირიქით, რაც მეტი გაქვს, მეტი გინდა, სამწუხაროდ, სიხარბე ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა.

ვისწავლე ის, რაც სულ ვიცოდი – ცურვა თუ კარგად იცი, ღია ზღვა ვერ შეგაშინებს, პირიქით – ყოველ ახალ ტალღას დიდი ინტერესით ელოდები. 

ვისწავლე ის, რომ ვიკითხო ისეთი წიგნები, რომელიც ბოლომდე  არ მესმის, მაგრამ ცოტას მაინც თუ გავიგებ, ეგეც საქმეა (მაგალითად, A brief   history of Time). 

ვისწავლე  და დავრწმუნდი იმაში, რომ ფრაზა – დრო არ მაქვს – სისულელეა, საჭმლის კეთებას ისევ “თიქ-თოქის” ვიდეოების ყურება მირჩევნია. 

ვისწავლე  ის, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ ჩვენს ქვეყანაში, ეს რა სასწავლი იყო, მაგრამ როდესაც მე იმას ვფიქრობ, რომ სავარჯიშოდ ვერ წავედი და ამის გამო ხასიათი გამიფუჭდება… ადამიანებმა არ იციან,  რა აჭამონ შვილებს, როგორ გადაიხადონ კომუნალურები, ლომბარდის ჯარიმები, და ა.შ.

ამ ხალხის დიდ ნაწილს ეს გაჩერება შიშის მეტს არაფერს მოუტანს, შიშში და სიღარიბეში მცხოვრები ხალხის მართვა კი მარტივია 

ვისწავლე ის, რომ ყველაზე დიდი სუსულელეა მიზნების დასახვა, ნევროზი თუ გინდა დაიმართო, უნდა დაისახო მიზნები და იყო ასე, როგორც პატივმოყვარე კაცი პატარა პრინციდან, რომელიც მარტოა თავის პლანეტაზე და მუდმივ თაყვანისცემას ითხოვს “თაყვანისცემა იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ამ პლანეტაზე მე ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოხდენილი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ჭკვიანი კაცი ვარ.

– მაგრამ შენ ხომ მარტო ხარ ამ პლანეტაზე.

– მაამე და მეცი თაყვანი.

– თაყვანს გცემ, – უთხრა პატარა უფლისწულმა და ოდნავ აიჩეჩა მხრები, – მაგრამ რად გინდა ეს თაყვანისცემა?”

დავიბრუნე სიმსუბუქის განცდა, არ ვიცი, ეს დედამიწის გაჩერებამ თუ ჩემმა 35-მა წელმა მოიტანა, მაგრამ მივხვდი, რომ ყველანაირი სიჯიუტე მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს. სამყარო თავისას მაინც მიიღებს, ჩვენ რაც უფრო მოქნილები ვიქნებით, მით უკეთ შევძლებთ ვიხეიროთ სამყაროსთან გაცვლა-გამოცვლის პროცესში. 

დილის 8 საათია და სასტიკად მეძინება. ჰოდა, დილა მშვიდობისა ან ძილი ნებისა, როგორც გენებოთ.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.