fbpx

რეისი COVID 19 : რომი – კორონა – ფენიქსი – რომი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Delphica Sibyl

 

Urbs Aeterna 

თითქოს ალბიუს ტიბულუსისგან სასიყვარულო ელეგიების გარდა სხვას არც არავინ არაფერს  მოელოდა, მაგრამ სწორედ მას გაეხსნა ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როცა ჩამავალი მზისგან სულ ნარიჯისფერი იყო ქალაქი. რომ ეს ქალაქი იქნებოდა სულ და იქნებოდა მარადიული და მის ჭადრებში არასდროს ჩაქრებოდა ლამპიონები. და რომ კართაგენიც მხოლოდ იმიტომ ემახსოვრებოდა კაცობრიობას, რომ ის რომმა დაანგრია. 

ჩემი რომი, შენი რომი. რომი არავისია. ისევე, როგორც ღმერთი, ისევე, როგორც ჭეშმარიტება. ერთხელ თუ გაიგე, როგორია, სხეულში გრჩება ვირუსივით. ათასჯერ უარყოფ, იმკურნალებ, დასცინებ, სხვა ქალაქი მეტად დაგაყრის თავზე ნაშებსა და კოკაინს, მაგრამ წლების შემდეგ გახსენებულ პინიებს შორის მოპარულ ალერსზე “სოსკაწართმეული” ბავშვივით რომ აქვითინდები, მიხვდები, რომ მხოლოდ მაშინ იცხოვრე, როცა რომი გიყვარდა.  როცა მიხვდი, რომ არაფერია დედამიწაზე მარადიული რომის გარდა. 

 

ვირუსი

მთელი თვე ვივარჯიშე. სარბენ ბილიკზე ფენიქსის Rome-ს ვრთავდი ხოლმე და ზუსტად ვიცოდი, რა დაემართა ამ ფრანგ კაცს. 9.0 სისწრაფეზე გირბენიათ ბილიკზე? აჩქარებული, მოცახცახე კადრივით ხდები. თვალის დახუჭვა არც მჭირდებოდა ხოლმე, ისე ვასწორებდი ფოკუსს კოლიზეუმზე. შეყვარებულის ტუჩის გემოს გახსენება რომ გალენჩებს და გეღიმება, აი სწორედ მაგ სახით დავრბოდი. 

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ როგორც კი გავისიგრძეგანე, მარტში რომში კი არა, მთაწმინდიდან საბურთალოზე ვერ გავიდოდი – გავისუსე. და რა წამს ეს ჩემი მშობლიური ერი ამაღლდა კაცობრიობასა ზედა და იტალიას დაუწყო ლანძღვა კორონავირუსის მიმართ “უპასუხისმგებლობის” გამო, ჩემმა სოციალურმა სახემ, რომელიც სიქსტეს კაპელას თავზე ყველაზე ლამაზი ქალითაა (თავმდაბლობა დეფიციტში მაქვს) წარმოდგენილი – თავი მოიკლა. ხალხს განვუდექი და დეაქტივაციით გავკართაგენდი. 

როგორია ჩემი ცხოვრება სოციალური ქსელის გარეშე? გგონიათ, ვიტყვი, არ ვიცი მეთქი? ან, იიი, მაგარია, მეტი დრო დამრჩა მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის მეთქი? არა. არაფერი შეცვლილა იმის გარდა, რომ ნაკლები პანიკა და მოწოდებაა ჩემს ცხოვრებაში. რომი ისევ კაცობრიობის დედაქალაქია, ისევ დელფიკად ვარ წოდებული და ყველა ვირუსის ჯინაზე ისევ იტალიაში წავალ ივნისში. წარმოვიდგენ, რომ ვანდალების დამანგრეველი შემოსევის შემდეგ მისია მაქვს, ფენიქსის სიმღერით ფერფლიდან აღვადგინო მისი დიდება და ის ირონიულ-სევდაშეზავებული მხიარულება, რაც ასე მაჯადოებს ხოლმე ამ ქვეყანაში. 

ყოველდღე სტატისტიკისთვის მაქვს თავი გადადებული და ვეცნობი, რომელ რეგიონში რამდენი დაინფიცირდა, რამდენი გარდაიცვალა, აქვთ თუ არა ბოქსირებული საწოლები საავადმყოფოებში და ხომ არ დაკარგეს იუმორის გრძნობა. არ დაკარგეს. სადღაც წავიკითხე, რომ შესაძლოა გერმანელი ყოფილიყო ის, ვინც ჩინეთიდან ვირუსი შეიტანა იტალიაში და დედააა… რაც მე ვწყევლე, რანაირად უდგათ პირში სული, განა ვხვდები?

როგორც ჩემი ერთი იტალიელი მეგობარი მოიხსენიებს ხოლმე გერმანელებს, “Always not happy people”  ადგა, ჩავიდა და მოსდო ჭირი. თვალს ვხუჭავ და ერთი დღე მახსენდება. აი ის, მე და ჩემს ორ დაქალს ჯვარი რომ გვეწერა, ანუ მადა რომ კაი გვქონდა. ერთ საოცარ რესტორანში საღამოს მაგიდა ქალაქში (ვერონა) ჩასვლისთანავე რომ დავჯავშნეთ. ზღაპრული საჭმელი აქვთ, ღვინის სახეობები კიდევ სამზითვე ვეფხისტყაოსნისოდენა წიგნში აქვთ ჩამოთვლილი. 

მოკლედ, შევდივარ, მეგებება კაი ძვირფასი ბიჭი. ვუღიმი. მიღიმის. ისევ ვუღიმი,  ისევ მიღიმის. მეთქი, მაგიდა ტეოსთვის (თ-ს ვერ შვრებიან). ვაჰ, აქ ჩვენც გვყავს ტეოო. მეთქი, ალბათ ბიჭია, კიო. გასძახეს, ტეო, ბიჭო, გამოიხედეო. მეთქი, გერმანელია? და აი, აქ აყირავდა მთელი პერსონალი. არაა გერმანელი, მაგრამ გერმანელს ვეძახითო (უხასიათო იქნება). ტეომ თავი გამოყო კარიდან, არ ჩამორჩა საყოველთაო მხიარულებას და, ჩემი გოგო, თუ გინდა, ოტო დამიძახეო.

“ჩვენი” რესტორანი უკიდურესად მარტივადაა მოწყობილი. კედლებიც კი გემრიელია. ყველაზე გადასარევი კი ისაა, რომ მიმტანები ერთი მეორეზე უკეთესები არიან. შესუნთქულები კი არ არიან, ზოგადად, მუცლები არ აქვთ. უნდა გავშალო ჩანთაში ჩაკეცილი ასტამი და დავიბუშტო თვალი იგი, აღარ ვიცი, რომელს გავეპრანჭო. ისე გვევლებიან თავს, მთელი დღის ნათრევები რომ ვართ და ფეხები მრავალჟამიერს მღერიან – გვავიწყდება.

საჭმელი კი მოვიფიქრეთ, მაგრამ სასმელმა ბოლო მოგვიღო. მოათრიეს ეს ვეფხისტყაოსანი. ეგრევე გადაგვეშალა 6000-ევროიან ღვინოებზე. რაღაცნაირად შეგვეზარა, ცივი თეთრის მოტანა ვთხოვეთ. ამარონეს ბოთლს თუ ვერ შევწვდით, ამარონეში მოხარშული ბრინჯი მაინც ჩავიფინეთ (რიზოტო ამარონე). აი ეგაა ორგაზმი. ასგზის. არ ვიცი, გენაცვალე, კაცი ძალიან მარტივად ჩანაცვლებადია.

გამოვედით. ქუჩაში კონცერტი გაუმართავთ. I want to hold your hand იმღერეს. ავჩუყდი. მაგარი უნამუსობაა ჩემი ბავშვობის ამ სიმღერის – აქ მღერა. ჩაწყობილია ეს ცხოვრება, რააა. ჩვენი რესტორნის ბიჭობაც გამოეფინა. მენეჯერს ეტირება და ცმუკავს ადგილზე. აშკარაა, რომ მთელი ბავშვობა ლივერპული იერუსალიმი ეგონა. შედის, მუსიკოსებისთვის ცივი თეთრი ღვინო გამოაქვს. ჩვეულებრივი, გამოწკეპილი ოქროა. ვერონაც იერუსალიმია.

ჰოდა, სავარაუდოდ, არ გამოდგა მართალი ვირუსგამავრცელებელი ვანდალის ამბავი, მაგრამ მე ხომ დავიხვიე ხელზე? ჰო, ისედაც არ მიყვარდნენ და სულ პუნქტებად ვკიოდი, რამდენი აქვთ მიქარული კაცობრიობის წინაშე… რომ მერამდენედ უნდა გაუმწარონ ადამიანებს ცხოვრება, და დიახ, არც მე გეთანხმები, ნიცშევ! 

რანაირი სიმღერაა <3  ვერასდროს წარმოვიდგენდი,  რომ ვინმეს შეყვარებულობის ხანაზე იმდენს ვიფიქრებდი, რამდენიც სოფია კოპოლასა და ტომას მარსის შორის გაჩენილ პროსეკო ქიმიაზე ვიფიქრე. და საერთოდაც, როგორ ცხოვრობენ შეყვარებულები ჭირიანობის დროს? უიმე, არაფერს ცვლიან. რანაირად გინდა, არ შეეხო სახეს, ან თვალებს? და ტუჩებს? ჰოდა, ვითომ ყველა შეყვარებული დაიხოცება? ეჰ, ეგრე ადვილი გასაწყვეტი რომ იყოს ადამიანის მოდგმა… ტარაკანებზე უარესები ვართ. 

ამ სიმღერის მოსმენამდე ამ ქალაქისთვის არ მქონდა არც ერთი რითმა. ვერაფერმა შეიწყო, იმიტომ რომ რომს  არ აქვს დღის წესრიგი. არ აქვს აწმყო. აქვს წარსული და მომავალი, რომელსაც არაფერი ემუქრება. მარადიულია. ჰოდა, განა მაგარი ღადაობა არაა რომის ჩემს სიმღერას – ფრანგი რომ მღერის და თან ინგლისურად? 

სადღაც ინტერვიუში ტომას მარსმა თქვა, ამ ფრანგ კაცებს რაღაც ჯანდაბა გვჭირს რომზე, ყველას რაღაც გვაკავშირებს რომთან, ვფეთქდებით და ვირევით. აი, როგორც ამერიკელები პარიზზე, ისეო. ამერიკელებისა და პარიზის სიყვარულზე განსაკუთრებული არაფერი მსმენია, მაგრამ ტომას მარსი კი დაფეთდა პატივცემულ იტალიელ სოფია კოპოლაზე. აი, ჰო, ბევრი არაფერი ჯგუფია, მაგრამ სადმე თუ იტალიაზე, ან იტალიურად მღერის – შედევრი თუ არა – დაუვიწყარი მაინცაა. 

სიყვარულო ძალსა შენსა <3 ეს სიმღერა ხატავს რომის ნარინჯისფერ საღამოებს, გრანდიოზული გუმბათების თავზე უპრაგონოდ მონავარდე ფრინველებსა და ადამიანებს, რომლებსაც ვერ გაუგიათ, რა უხარიათ – შენობების სიძველე, იტალიური ზმანები, ყველგან ტრავერტინები თუ ესპრესოს ქაფის ციცქნა ბუშტულები. თითქოს ბევრი გზაა ამ მელოდიაში და ყველა მიზანმიმართულად რომისკენ მირბის.  

შეთქმულივით იყურები ფოკუსარეულ თვალსაწიერში და იმეორებ ROME ROME ROME ROME. გარდატეხა, რომელიც ამ სიმღერაშია, როდესაც ყველა ინსტრუმენტი ჩუმდება და პულსს აყოლილი მარსის გულგატეხილი ხმა თითქოს გაბნევს და ვერ ხვდები, რა მოიტანა ახლა ამ კაცმა აქა, ვინ სთხოვა ეს სევდა ამ დიდი სილამაზისა და სიხარულს ჟამს, მაგრამ სწორედ ამაშია რომის ცოდნა. ფენიქსია. დაიწვება, აღდგება. დაინგრევა, აღდგება. კონსტანტა.

ჩემი სიმღერა რომზე ჩემი შეყვარებულისგან მაქვს, რომელიც ამავე დროს ჩემი ქმრის როლს იმდენად წარმატებით ასრულებს, რომ რაის ცეზარი, ლომი, დათვი (რა საჭიროა ეს ფაუნა, ვერ გავიგე) და პალმის რტო, ყველა დი კაპრიოსთვის მიუცემელი ოსკარი  მას ეკუთვნის. რომ არა ეს კორონა, წელს ფლორენციაში მიმყავდა. მინდოდა, მედიჩების მანდარინების ჩრდილქვეშ მეცქირა მისი გაოგნებული სახისთვის. 

რომში ისეთი დაემართა შარშან, აი ერთ რამედ ღირდა მისი გაშტერებული სახის გამომეტყველების ცქერა. ზუსტად ვიცი, რომ უფიცის და ვინჩიზე გადაფსიხდებოდა. სასწაული და ვინჩები აქვთ. 3 წლის წინ, ბედად, ზღაპრული გიდი გაიჩითა მცირე ჯგუფთან ერთად და ავეკიდე. დავყვები როგორც ვეშაპს თუ ზვიგენს დაჰყვება პატარა თევზი და მისი ნასუფრალით ქეიფობს. სასწაულად ჰყვება.  

ჩამოდგა და ვინჩის ტილოსთან “გამოცხადება”. ვიღაც ტლუმ და ვინჩის მერე მიუხატა ფრთები ამ ანგელოზს. ლეონარდოს დახატული ეცოტავა, არადა დაკეცილი ფრთა ზუსტად იმ ზომისაა, რაც და ვინჩიმ დახატაო. ნახეთ, როგორაა ანგელოზის ფეხქვეშ ბალახი გადაწეული, ზუსტად ისე, როგოც ვერტმფრენის დაფრენის დროს ხდებაო. ღვთისმშობელს კიდევ თინეიჯერის სახე აქვს. აზრზე არაა, რომ მაცხოვრის დედა გახდება და “what a fuck” სახით უყურებს ანგელოზს, “დავაი” ჩემი ეზოდან ახლავეო. ყველა იღიმის. ყველას სწამს. რისი, სავარაუდოდ, არ იციან, და განა საჭიროა?

აქაურ ბოტიჩელის გვერდს ვერ აუვლი. რამე თუ შეიძლება იყოს ღვთაებრივი – ეს ბოტიჩელის თმის ფრიალი, ნაზად ატმის ყვავილის ფერი ღაწვები და გაუცნობიერებელი მარადისობა ჩაბუდებული ცისფერი თვალებია. ეს ის ქალაქია, სადაც ადამიანი თავს ჭეშმარიტად მარტო გრძნობ. ხვდები, სად ხარ, რა დროა, რას უყურებ და რას ეხები. და გრძნობ იმასაც. რომ აუცილებლად მოკვდები. ესენი კი ისევ ამ კედლებზე იქნებიან.

ჰოდა, გამოიხედე, კოვიდ-19, აქეთ! ჰო, ვერ შეგაფასეთ, რა გველი, გულღრძო და ყიზილბაში ყოფილხარ სინამდვილეში. გრიპი გვეგონე, შეგვეშალე, შე კაცო. შეგვეშვი ახლა და წადი ისევ იმ შენს ღამურებში. რომს მაინც ვერ წაართმევ ამ პლანეტას და რისთვის ირჯები? ეს 80-ს გადაცილებული მოხუცები ხომ ისედაც თავისით მიიცვლებოდნენ მალე, არ გრცხვენია? 

ნუ დაამსგავსე დედამიწა ჩრდილოეთ კორეას. შენი გადამკიდე ისედაც ყოველ ცისმარე დღეს ვუყურებ, რამდენ საათში გაგვითავდება ბუნებრივი საწვავი და გაზი და რამდენ შხამს ვუშვებთ ჰაერსა და ოკეანეებში. არც კი ვიცი, რომში რამდენი წასვლა ამორეცხავს ამ სტატისტიკას გონებიდან. ოღონდ დროზე მოშორდი და კართაგენს რეაბილიტაციის პროგრამა “ძველი ქალაქის ახალ ცხოვრებაში” ჩავრთავ, გერმანელებსაც შევიყვარებ და რავი, ამასობაში იქნებ ეს ქონთემფორარიც გავიგო რა ტრიუკია. 

საკუთარი თავის ციტირება ზუსტად ის გრძნობაა, როცა დაფეთებულს გეღვიძება, გგონია, მაღვიძარამ გიმტყუნა, ცხოვრების შეხვედრა გამაზე, უყურებ საათს და მაღვიძარას ამუშავებას 2 წუთი უკლია. დებ უკან ბალიშზე თავს და ალისას კატასავით იღიმი. ჰოდა There are two ways: my way and the highway! But both of them რომში მიდის. 

P.S. ჩემი მეგობარი ანა ამბობს – ექაუნთი კი წაშალა, მარა ფეისბუქი მოყოლით აქვსო. ჰოდა, მაინც ყველას გიმახსოვრებთ, ხალხო. Keep panic და ხელები დაიბანეთ <3 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.