fbpx

ეპიდემიის პირობებში გაჩენილი ქართული საქველმოქმედო ინიციატივები


გააზიარე სტატია



ქვემოთ ჩამოთვლილი საქველმოქმედო ინიციატივები მხოლოდ ნაწილია იმ პროექტებისა, რომლებიც საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად შეიქმნა. თუ თქვენ იცით სხვა მსგავსი პროექტების შესახებ, რომლებიც თანამოქალაქეების დახმარებას ითვალისწინებს, მოგვწერეთ და  შეძლებისდაგვარად ვეცდებით მათ შესახებ ინფორმაცია ჩვენს მკითხველს გავაცნოთ.

 

 “დავეხმაროთ მოხუცებს 


ფეისბუქჯგუფი  “დავეხმაროთ მოხუცებს  2020 წლის 13 მარტს “4 მარიამის” (მარიამ ცერცვაძის, მარიამ თითბერიძის, მარიამ ჩაკვეტაძისა და მარიამ ჯორბენაძის) ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფი   გაჭირვების ზღვარს მიღმა მყოფი პენსიონრების საკვებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, უფასო სასადილოებში წასვლის ან დახმარების სათხოვნელად გარეთ გასვლა რომ არ დასჭირდეთ. 

ახლა უკვე 28 967-წევრიან ჯგუფში 55 000 ლარი სულ რაღაც ერთ დღეში შეგროვდა. სხვადასხვა კომპანიის, კერძო და სახელმწიფო დაწესებულების დახმარებით, “4 მარიამის” მიერ ორგანიზებული კამპანიის ფარგლებში, მოხალისეები 600-მდე ხანდაზმულს 55 000 ლარზე მეტი ღირებულების საჭირო მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტით დაეხმარნენ. 

 

შეცვალე • Shecvale

 

მოძრაობა შეცვალე • Shecvale-ს ინიციატივით 13 მარტს ფეისბუქჯგუფი ერთად დავძლიოთ პანდემია (COVID 19) შეიქმნა, რომელიც ახალი კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისა და მედპერსონალის დახმარებას ითვალისწინებს. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, მოხალისეები სხვადასხვა კომპანიასა და იურიდიულ პირებთან ერთად, კამპანიის ”+1 მოხალისე” ფარგლებში, ეხმარებიან ოჯახებს, რომლებიც  საკვები პროდუქტების შეძენას მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ვერ ახერხებენ.  

კამპანიის ფარგლებში დაეხმარნენ კოჯრის ბავშვთა სახლს, “ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს”; მოხალისეებმა საკვები პროდუქტებით მოამარაგეს საკარანტინო ზონაში მომუშავე პირები და პაციენტები, ლუგარის ლაბორატორიისა და გლდანი-ნაძალადევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი.

 

ერთმანეთისთვის/For Each Other 

ფეისბუქის ჯგუფი ერთმანეთისთვის/For Each Other  2020 წლის 21 მარტს შეიქმნა და ამ დროისთვის 1179 წევრს აერთიანებს. ჯგუფში  ვრცელდება ინფორმაცია და მისამართი იმ ოჯახებისა, რომლებიც ეპიდემიის გავრცელების პირობებში დახმარებას საჭიროებენ. პრობლემის მქონე ოჯახს ან პირს მის რაიონში ყველაზე ახლოს მცხოვრები მოხალისე შესაძლებლობისა და სურვილის მიხედვით ეხმარება.  

 

ხაშურელმა მასწავლებელმა ხათუნა ჩიტაძემ პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნისა და გაძვირებული ფასის გამო მათი  შეკერვა და გაჩუქება გადაწყვიტა. ხათუნა ჩიტიძე პირბადეებით ხაშურის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და თანამოქალაქეებს დაეხმარა. 

კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შექმნილი დეფიციტის გამო მკერავმა ლია კაპანაძემ მრავალჯერადი პირბადეები ხანდაზმულებისთვის, ონკოლოგიური პაციენტებისა და სხვადასხვა საჭიროებების მქონე პირებისთვის შეკერა. 


მკერავმა ხობიდან მარტა ტურავამ  თანამოქალაქეების დასახმარებლად ნატურალური ქსოვილებით პირბადეების კერვა დაიწყო. მარტამ დაამზადა 100 პირბადე, რომელიც მოხალისეთა ჯგუფის დახმარებით თანამოქალაქეებს  უსასყიდლოდ დაურიგდა.



პოეტ ნატა ვარადას ინიციატივით შეიქმნა ფონდი “მწერალი მწერალს”, რომელიც ითვალისწინებს თბილისსა და რეგიონებში გაუსაძლის ეკონომიკურ პირობებში მყოფი მწერლების დახმარებას, რომელთა მდგომარეობა ეპიდემიისას კიდევ უფრო დამძიმდა. ანგარიშის ნომერი: GE94TB7003371365100022

ნატა ვარადას მიერ 2018 წელს დაარსებული 1234 სანდრო ბუცხრიკიძის ფონდი ეძებს მოხალისეებს ქუჩაში მყოფი მოხუცებისა და ბავშვების დასახმარებლად. 27 წლის სანდრო ბუცხრიკიძე 2 ივნისს ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე დაიღუპა. სანდრო ბუცხრიკიძე ტყიბულის თეატრის მსახიობი იყო. 

მუშაობდა წითელი ჯვრის ადგილობრივ ორგანიზაციაში, ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ადამიანებს. ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში ფონდი წეროვანში მრავალშვილიან ოჯახებს საკვებით დაეხმარა.




ტელეფონის ნომერი: 599 73 11 12


შეიქმნა  ტრანსგენდერთა სოლიდარობის ჯგუფი, რომლის მიზანია იმ ტრანსგენდერთა დახმარება,  რომლებიც უსახლკარობის საფრთხის წინაშე დგანან. ტრანსგენდერთა უმრავლესობა ქირით ცხოვრობს, იზოლაციის პირობებში კი შეუძლებელია ფულის გამომუშავება და საცხოვრებლის შენარჩუნება.

თანხა თანაბრად გადაუნაწილდებათ ბინის ქირის, პროდუქტებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საშუალებების შესაძენად.

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE10BG0000000131421565

TBC: GE67TB7937145063600042

მიმღები: ნიკოლო ღვინიაშვილი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.