fbpx

თინათინ კვინიკაძე – კოსტიუმებით მოყოლილი ამბავი


გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე მარგალიტაშვილი

ფოტო: ტასო ბეჟიტაძე

თინათინ კვინიკაძის სამკერვალოში ჩვეული ფუსფუსია. თეთრ უნიფორმებში გამოწყობილი, თავიდან ფეხებამდე მოწესრიგებული და მოღიმარი ადამიანები საოცარი სისწრაფით ქმნიან იმას, რაც შემდეგ „აჭარა ჯგუფის“ მთავარმა სუპერგმირებმა უნდა ჩაიცვან.

საკერავი მანქანების „ჩქარი“ ხმა ფონად გასდევს ყველაფერს, რაც ამ სივრცეში იქმნება. კედლებზე თინათინის დახატული ესკიზებია, სადაც მარტივად ამოიცნობ შვეიცარს, რომელიც „სტამბის“ შესასვლელში ზუსტად ასეთი უნიფორმით შეგხვდა და სასტუმროს ლაბირინთებში გზა გაგიკვალა.

ფანჯრები პირდაპირ უყურებს სასტუმროს ნომრებს, საიდანაც სტუმრები ინტერესით აკვირდებიან თეთრ ოთახში მოფუსფუსე ადამიანებს. „თუ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე სამკერვალო მექნებოდა, ზუსტად ასეთი უნდა ყოფილიყო,“ – ამბობს თინათინი და თან სხვადასხვა ნამუშევარს გვათვალიერებინებს, – „ჩვენი მთავარი მიმართულება უნიფორმებია, ამიტომ, პირველ რიგში, თვითონ ვართ გამოწყობილი თეთრ უნიფორმებში. ეს ქალბატონები ჩვენი სახეები არიან. სტუმრები ხშირად ამოდიან ხოლმე და გვეუბნებიან ან გვწერენ, რომ ჩვენი ყურებისას თავი კინოში ჰგონიათ“.

 

უნიფორმა

პირველ რიგში, უნიფორმა კომფორტული უნდა იყოს, იმიტომ, რომ ის სამუშაო პროცესისთვის იქმნება. არის რაღაც სტანდარტები, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. დანარჩენს კი – ფერს, თარგს, დეტალებს – ჩემი დიზაინით ვადგენ, რა თქმა უნდა, კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. პროცესი ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლოა. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს ფილმზე მუშაობას ჰგავს – მთავარი გმირები ისე უნდა გამოვაწყო, რომ მათი ხასიათის არცერთი დეტალი არ გამომრჩეს.

 

The Shop

პირველი მაღაზია სექტემბრის ბოლოს, „სტამბაში“ გავხსენით, მეორე კი ბაკურიანში ახლახან გაიხსნა. რადგან „აჭარა ჯგუფის“ სამკერვალოს ხელმძღვანელი და დიზაინერი ვარ, ყველაფერი, რაც Hotel Atelier-ის სახელით იკერება, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, პროცესში მთლიანად ვარ ჩართული და ვცდილობ, რომ ხარისხი კომპანიის მოთხოვნებსა და მიზნებს მაქსიმალურად შეესაბამებოდეს.

Instagram-ის გარდა, მხოლოდ აქ იყიდება Rose Moda-ს პროდუქციაც, რომელიც ასევე ჩემი შექმნილია. ვცდილობ, ერთ სივრცეში ყველა ნამუშევარი ჰარმონიულად გავაერთიანო.

აქვე იყიდება ჩვენი  უნიფორმების აქსესუარები, რომლებიც „აჭარა ჯგუფს“ ყველასაგან გამოარჩევს. შეგიძლიათ, შეიძინოთ „რუმსისა“ და „სტამბის“ ბელბოის ქუდი, ხელთათმანი და ღილიც კი, რომელიც სპეციალურად ამ სამოსისთვის მზადდება. გვყავს ხელის თოჯინებიც – ისინი ჩვენი პერსონალის სხვადასხვა პროტოტიპს ქმნიან.

 

„დამზადებულია საქართველოში“

ის, რომ ქართული ბრენდი ხარ, თავისთავად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი დიზაინერები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნონ. ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი სოფო ჭყონიას, დემნა გვასალიას… 

„დამზადებულია საქართველოში“ ნიშნავს იმას, რომ გავიზარდეთ, განვვითარდით და უკვე ისიც კი შეგვიძლია, რომ მოდის ტენდენციები სხვებს ვუკარნახოთ. ძალიან დასაფასებელია ქართველი მომხმარებლების დამოკიდებულებაც, რომლებსაც სურთ, რომ ქართული პროდუქცია შეიძინონ. ეს განსაკუთრებულ სტიმულს მაძლევს და კიდევ უფრო მეტად მინდება, ქართული პროდუქტი შევქმნა.

 

ფერები

მოდის დიზაინერობის ამბიცია არ მაქვს. ვაკეთებ იმას, რაც ჩემთვის მომწონს და მგონია, რომ სხვებიც სიამოვნებით იქონიებდნენ. ყოველთვის, როცა რაიმეს ვქმნი, ვქმნი რამდენიმე ფერში. მინდა, ეს თამაშივით იყოს და ყველას შეეძლოს საკუთარი ფერისა და ხასიათის შერჩევა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ადამიანი არასოდეს უნდა შეზღუდო არც ფერში და არც – არაფერში. ეს ცხოვრება ისედაც საკმარისად სტრესულია.

 

გული

მიყვარს ეს ფორმა! ჩემს ნამუშევრებში ხშირად ფიგურირებს გულის ფორმა და ეს აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ხდება. რასაც უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ან გულებს ვხატავ, ან გულის ფორმებს ვარჩევ. მეგობრებიც სულ გულებს მჩუქნიან და ნაძვის ხის სათამაშოებშიც კი გულები ჭარბობს. არ ვიცი, ასე რატომ ხდება. ივ სენ ლორენი ამბობდა, ნამდვილი ელეგანტურობა გულის ელეგანტურობით განისაზღვრებაო. მეც ვეთანხმები. გული სიყვარულია.

 

ო, მოდა, მოდა

პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში სიარული. მაშინ, 20 წლის წინ, იქ არავინ დადიოდა და ვერც ვერავინ ხვდებოდა, რატომ ვიქექებოდი ტანსაცმლის გორებში. სულ მინდოდა, იქ ნაპოვნი უნიკალური სამოსი სხვებსაც ენახათ. ალბათ, სწორედ აქედან გაჩნდა ვინტაჟური მაღაზიის შექმნის იდეა.

მიხარია, რომ „ო, მოდა, მოდამ“ თავისი ეპოქა შექმნა და იქ ისეთი გოგოებიც მოვიდნენ, მეორადი ტანსაცმლის ჩაცმა რომ ვერც წარმოედგინათ. ამ ვინტაჟურმა მაღაზიამ თბილისური მოდის ტენდენციები შეცვალა და უფრო ფერადი გახადა. 

მეორადი ტანსაცმლის პრაქტიკა ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მისასალმებელია – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ გამოსადეგ სამოსს, სხვადასხვა საინტერესო გზით, არსებობის ახალი შანსი მივცეთ და გარემოზე უფრო მეტად ვიზრუნოთ.

 

კინო

ის, რომ ფილმებზე მუშაობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არასდროს დამიმალავს. ბევრ რამეზე მითქვამს უარი კინოს გამო და ეს არასოდეს მინანია. ყველა ფილმი, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზეა გადაღებული, მერწმუნეთ – გმირობის ტოლფასია. თითოეულ მათგანს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. 

ის, რომ რაღაც ფორმით მაინც ვემსახურები სამშობლოს, ჩემს საქმიანობას სულ სხვა ფასეულობას სძენს და ამიტომ ჯერაც არ დამიკარგავს ის ენთუზიაზმი, რომელიც პირველად 21 წლის წინ, გადასაღებ მოედანზე მქონდა.

 

მძევლები

„მძევლებზე“ მუშაობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლო იყო. გადაღებების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დავიწყე სიარული არქივებში – იმ პერიოდის შესახებ ყველაფერს ვკითხულობდი, ვუყურებდი, ძველ ფოტომასალას ვათვალიერებდი და ხალხის მონაყოლს ვისმენდი. ვიცოდი, რომ წლების შემდეგ ეს ფილმიც იმ პერიოდის „რეფერენსი“ გახდებოდა. ამიტომ, არცერთი დეტალი არ უნდა შემშლოდა!

ფილმში ნაჩვენები კოსტიუმების უმეტესობა ნამდვილად იმ პერიოდისაა. ვცდილობდი, მაშინდელი ტანსაცმლისთვის მიმეგნო. ზოგი ვიპოვე, ზოგი მაჩუქეს. თუ ძველი სამოსი არ იყო, „ბავშვთა სამყაროში“ მივდიოდი, იმ ეპოქის ქსოვილს ვყიდულობდი და ვკერავდი. ყველაფერი ასე შევქმენი – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები…

თინა დალაქიშვილის გმირის საქორწილო კაბაც ძველი თეთრი ხავერდის ქსოვილისგან არის შეკერილი. მისი ელვაც კი ძველ თეთრ კაბას მოვხსენი. გამიმართლა და კოლჰოტებიც კი მაშინდელი ვიპოვე – გაუხსნელ ტომარას მივაგენი და ვიყიდე. იმავე პერიოდისაა საცურაო კოსტიუმებიც.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან დიდ როლს ასრულებს მაშინდელი განწყობის მაყურებლამდე მიტანაში. ამაზე Mad Men-ი მახსენდება – იქ ყველა კოსტიუმი ძველი და ანტიკვარულია.

სამწუხაროდ, ქართველი მაყურებელი ასეთ დეტალებს დიდად არ აკვირდება. იშვიათად თუ  მოვა ვინმე და გეტყვის, რომ ფილმში ნანახი კოსტიუმებით დაინტერესდა, მოეწონა ან არ მოეწონა. საზღვარგარეთ, ამ მხრივ, სხვანაირი კულტურაა.

 

საოცნებო პროექტი

დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი HBO-ს რომელიმე სერიალზე. ვერც კი ვხვდები, როგორ ქმნიან ასეთ იდეალურ პროექტებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მათი შესაძლებლობები, ძალიან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი, მაინც წარმოუდგენელი პროფესიონალიზმია!

ჩემი საყვარელი გმირიც და მუზაც არის აგათა კრისტის გმირი – ერკიულ პუარო. ვგიჟდები ამ პერსონაჟზე! წელიწადში ერთხელ მაინც ვუყურებ ამ სერიალს და ყოველ ჯერზე საოცარ ესთეტიკურ სიამოვნებას ვიღებ. ბ-ნი ჟანრი ლოლაშვილის პერსონაჟი “სამ სახლში” სწორედ პუაროს ინსპირაციით შევქმენი. თავადაც მიხვდებით, თუ დააკვირდებით.

კინოში ისტორიული კოსტიუმის შექმნა ძალიან დიდი შრომაა, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, შექმნა ახალი და თანამედროვე. ამ დროს უფრო შორს ფიქრი გიწევს.

 

ოჯახური პორტრეტი

მე და ნესტანი პატარები ვიყავით, 9 აპრილი რომ მოხდა. უცნაურია, მაგრამ მანამდე არასოდეს მენახა, დედა როგორ ტიროდა. მეორე დღეს ხელი მოგვკიდა და ქუჩაში გაგვიყვანა. არადა, ზოგადად, ძალიან გვიფრთხილდებოდა და უარყოფით ინფორმაციას ჩვენამდე არასოდეს უშვებდა. მოგვიანებით, სამოქალაქო პანაშვიდზეც დაგვასწრო. ახლა ვხვდები – ეს ყველაფერი იმისათვის გააკეთა, რომ ჩვენში სამშობლოს მიმართ პასუხისმგებლობა და სწორი დამოკიდებულება ჩაენერგა. იმ მომენტმა ბევრი რამ განსაზღვრა. 

აფხაზეთის ომში მამა არ იბრძოდა, მაგრამ ხშირად ჩადიოდა თავისი მეგობრების გასამხნევებლად. სოხუმიდან ერთ-ერთი ბოლო თვითმფრინავით გამოფრინდა. ჩემი მშობლების ამ დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რომ მეც და ჩემმა დამაც ვიცით, რომ, პირველ რიგში, ჩვენი  ქვეყნის მიმართ ვართ პასუხისმგებლები და ჩვენი ნებისმიერი საქმიანობა, რაღაც დოზით მაინც, ამას უნდა ასახავდეს.

მინდა, რომ რაღაც შევცვალო, რაღაც გავაუმჯობესო – თუნდაც იმისთვის, ვინც ჩემ შემდეგ იმუშავებს და შეეცდება, რომ უკეთესი შექმნას. ყველაფერი პროგრესისთვის, მომავლისთვის უნდა გაკეთდეს.

 

მომავალი

გაზაფხულზე შედგება მიშა ჩარკვიანის სპექტაკლის პრემიერა. ავგუსტ სტრინბერგის „პელიკანში“ სიუჟეტი მე-20 საუკუნის დასაწყისში ვითარდება. ახლა სწორედ ამ სპექტაკლის კოსტიუმებზე ვმუშაობ.

ასევე, ვმუშაობ დათუნა ბორჩხაძის ფილმზე, რომლის გადაღებები მარტის ბოლოს იგეგმება.

„აჭარა ჯგუფი“ კი ფართოვდება და სასტუმროები მალე ბათუმში, აბასთუმანსა და ბორჯომშიც გაიხსნება. უნიფორმის ესკიზებზე მალე დავიწყებ მუშაობას. ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი. ახალ სასტუმროებს ზუსტად ისე ველოდები, როგორც ახალი ფილმების ან სპექტაკლების წარმოებაში ჩაშვებას. ვნახოთ, როგორ გამომივა!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.