fbpx

ეპიდემიის პირობებში გაჩენილი სერვისები და ინიციატივები საქართველოში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მარიამ კერესელიძე

ჩვენი პლანეტის ამჟამინდელმა ყველაზე დიდმა გამოწვევამ – კორონავირუსმა თითოეული ადამიანის დღის წესრიგი შეცვალა. ქვეყნები საზღვრებს კეტავენ, დისტანციური სწავლა და მუშაობა აქტუალური ხდება, თვითიზოლაცია კი კვლავაც რჩება საჭირო მოცემულობად, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. 

ჯერ კიდევ რთულია წინასწარი პროგნოზის გაკეთება იმაზე, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს და როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება კორონავირუსის შემდეგ, მაგრამ, სანამ მომავალზე დავიწყებთ ფიქრს, არსებული რეალობიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. 

 

წარმოგიდგენთ ეპიდემიის პირობებში საქართველოში გაჩენილ სერვისებს, ბიზნეს-ინიციატივებსა და შეთავაზებებს, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

 

Saba Offline Reader

თუ კითხვა გიყვართ, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ 16 მარტიდან 6000 წიგნზე ერთთვიან უფასო წვდომას გვთავაზობთ. პლატფორმა აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას, ქართული და უცხოური კლასიკის შედევრებს, თანამედროვე ბესტსელერებს და ლიტერატურული კონკურსის, „საბას“ ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს.  სპეციალური წამკითხველი  Saba Offline Reader საშუალებას გაძლევთ, ელექტრონული წიგნები თქვენთვის სასურველი მოწყობილობებით ინტერნეტის გარეშეც წაიკითხოთ.

 

PSP-ს ონლაინ აფთიაქი

სამედიცინო მომსახურება ამ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზით, PSP-ს ონლაინ აფთიაქი მიწოდების 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა,  რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივადაა შესაძლებელი სახლიდან გაუსვლელად მისთვის საჭირო პროდუქციის შეძენა.  მიტანის სერვისს WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) რეკომენდაციების შესაბამისად აღჭურვილი პარტნიორი კურიერი უსწრაფეს დროში ახორციელებს. ამ ეტაპისთვის შეკვეთის მიწოდება  მხოლოდ თბილისის მაშტაბით ხდება.

 

REDMED

თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ და ექიმთან პირისპირი ვიზიტისგან თავს იკავებთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. სამედიცინო ონლაინ პლატფორმა REDMED-მა სპეციალისტების დისტანციური მომსახურება უფასო გახადა. ოჯახის ექიმი ან პედიატრი აუდიორჩევით დაგაკვალიანებთ, როგორ უნდა მოიქცეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ასარიდებლად, ან გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან. ვიდეორჩევის მიღება კი ალერგოლოგისგან, ენდოკრინოლოგისა და თერაპევტისგან შეგიძლიათ მიიღოთ. 

 

ევექსი

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, არიან ადამიანები, რომლებიც, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. სწორედ ამ მიზეზითა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, „ევექსი კლინიკებმა“, დასაქმებულთა სამედიცინო და საინფორმაციო მხარდაჭერა დაიწყეს. პროგრამის ფარგლებში, გადამზადდა და ჩამოყალიბდა ოჯახის ექიმების მობილური ჯგუფი, რომლებიც იმ დასაქმებულებს შეამოწმებენ, ვისაც ყველაზე ინტენსიური შეხება აქვთ მომხმარებლებთან ან ხშირად უხდებათ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. პროგრამაში ჩაერთვება მოძრავი კლინიკა – „ევექსმობილიც“, რომელიც, საქართველოში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეგიონებში ივლის და მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს.

 

Vendoo

COVID-19 ის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, ონლაინ ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა Vendoo-მ მიტანის საფასური გააუქმა და მთელი საქართველოს მასშტაბით სასურველ პროდუქტს უფასოდ მოგიტანთ. რაც მთავარია, შეკვეთის ჩაბარებისას კურიერები  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

 

soplidan.ge

უკონტაქტო მიტანის  სერვისი აამოქმედა სოფლის პროდუქტების ინტერნეტ მაღაზიამ soplidan.ge. გადახდა მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი და არა ნაღდი ფულით, ამასთან, კურიერი შეკვეთას კართან დაგიტოვებთ. მიტანა თბილისისა და მისი შემოგარენის გარშემო უფასოა. 

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ხელოვნების მოყვარულებისთვისაც კარგი ამბავი გვაქვს. სანამ ყველა საგამოფენო სივრცე დახურულია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დათვალიერება ვირტუალურადაც შეგიძლიათ. პროცესი მარტივია: აირჩევთ გამოფენას, გადახვალთ ბმულზე და იმოგზაურებთ ეპოქიდან ეპოქაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის საკმარისი არ იქნება, იხილეთ ჩვენი სტატია, რომელშიც მსოფლიოში 12 ცნობილი მუზეუმის ვირტუალურ ტურებს წარმოგიდგენთ.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას და სტატიის ბოლოს კვლავ შეგახსენებთ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმ მთავარ რეკომენდაციებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელებას შეუშლის ხელს:

  • ხელების ხშირი დაბანა წყლითა და საპნით, 20 წამის განმავლობაში
  • სოციალური დისტანცირება 
  • ნივთებისა და ზედაპირების მუდმივი დეზინფექცირება
  • ცემინებისას ხელსახოცის გამოყენება, მისი არარსებობის შემთხვევაში კი მოხრილი იდაყვის დახმარება
  • სიცხის, ხველების ან სუნთქვის გართულების შემთხვევაში, დაუკავშირდით სამედიცინო დაწესებულებებს. 

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.