fbpx

რემედიოსი, რაგბი და ჭრელი კაბები – მაშო სამადაშვილი


გააზიარე სტატია

ავტორი: მაშო სამადაშვილი

 

ერთ კვირაზე მეტია სახლში ვარ და ორი რამ ვიცი ზუსტად: 

  • ეს ადვილი არ არის. 
  • ხმა არაფერზე ამომეღება, ვინაიდან ხალხი მასობრივად რჩება უსამსახუროდ და ჩემს მდგომარეობაში წუწუნი, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია.

დრო იმაზე სწრაფად გავიდა, ვიდრე მეგონა, ისე მოვიდა მეორე სამუშაო კვირა, თითქოს წინა 7 დღე ერთი დაუსრულებელი იყო.

უცნაურად ლაგდება ჩემი ფიქრები, რამდენადაც მთელი დღე ამისთვის არ მცალია, ჩემს განვლილ ცხოვრებაზე გვიან ღამით ვფიქრობ, ვიხსენებ, როგორი იყო ჩემი ყოველდღიურობა ვირუსის გამოჩენამდე – მეგობრებთან ერთად ბარში ღვინის დალევა ისე მახსენდება, თითქოს ეს ძალიან ბევრი წლის წინ ხდებოდა. ყველა ახლობელი ადამიანი გამახსენდა, ვისაც ვაწყენინე და ბოდიში დროულად არ მოვუხადე, ვინც მაწყენინა და ჯერაც არ იცის ეს, რომ ვნახავ, ვეტყვი. დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ვიდრე რაღაცას ვიტყვი ან  პასუხს დავაბრუნებ, 3 წამით მეტხანს უნდა დავფიქრდე.

ამის გაანალიზებისას ძალიან სენტიმენტალურ ხასიათზე დავდექი და ჩემი თინეიჯერობის საყვარელ წამალს დავუბრუნდი. “გრეის ანატომიას” 13 სეზონის განმავლობაში ვუყურებდი და მედიცინაზე არ ვიცი, მაგრამ ადამიანურ ურთიერთობებზე კი ბევრი რამ ვისწავლე. მთავარი სიხარული მაინც, ჩემს წარმოდგენაში სამყაროში ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და კეთილი მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ნეიროქირურგი დერეკ შეპარდი იყო.

რეალურ ცხოვრებაში არ ვიცი, მაგრამ სერიალში შეგიძლიათ თქვენც გაიცნოთ ასეთი კაცი. პირველ სამ სეზონს უცბად გადავავლე თვალი და გამახსენდა, რომ ეს ჩემი საყვარელი საუნდტრეკი იყო, მოვუსმინე თუ არა, თითქოს 10 წლით დავპატარავდი:

შუადღისას დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ წვნიანის მომზადების დროა და მაწვნის სუპი გააკეთა, ჭამა გემრიელად დავიწყე, მაგრამ რატომღაც საჭმელი ძალიან ტკბილი აღმოჩნდა. ვიდრე არ დავამთავრე, არაფრით გამოტყდა, რომ აერია და ჩვეულებრივი მაწვნის ნაცვლად, ვანილიან მაწონს ჩაუძახა ქვაბში. 

შაბათს  რამდენიმე უჩვეულო რამ ჩავიდინე, მათ შორის რაგბი ტვ-ზე ვუყურე კანადა-საქართველოს თამაშს. ჩემმა მეგობარმა ქეთი ქავთარაძემ მომწერა, ჩართე, გახალისდებიო. ჩვენ ძალიან გვიყვარს რაგბი, ხშირად დავდივართ თამაშებზე, მაგრამ ამჯერად ცალ-ცალკე ვუყურეთ მატჩს, მართალია, 2017 წლისას, მაგრამ ძალიან კარგ ფორმაში იყო მაშინ ნაკრები და საოცარი ლელოებიც დავდეთ, ცოტა ლუდიც დავლიე, მარტომ, მაგრამ მაინც. 

თუ რაგბი გიყვართ, საუკეთესო მომენტებს თქვენც გადახედეთ:

ამავე დღეს შევუკვეთე ჰულა ჰუპი, მთელი დღეები ვზივარ და მგონი, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. ვარჯიში ჯერ არ შემიძლია, სამწუხაროდ, 3 დღის წინ ფეხი ამისრიალდა და მუხლი მაქვს გასიებული, ამიტომ, მგონი, კარგი არჩევანი გავაკეთე, თქვენც სცადეთ, თუ მოგინდებათ:

ჩემი მეგობრები დიდი ხანია აღარ მინახავს, მთელი ჩვენი სამყარო Facebook-ის ჩეთებამდე დაპატარავდა, მაგრამ ზუსტად ვიცი – ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე არიან თუ ამერიკის პატარა ქალაქ ივანსვილში, სათქმელი და გასაზიარებელი მუდამ გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში უამრავ მტკივნეულ ინფორმაციას ვცვლით, გავიგეთ, რომ ჩვენი მეგობრების 5 თვის შვილმა, რემედიოს გორგილაძემ, პირველად გასინჯა ვაშლი (ვიდეოც ახლდა ინფორმაციას თან) და წამში გავხალისდით.

კვირას ეს არაჩვეულებრივი ტექსტი კიდევ ერთხელ გამახსენდა, პრინციპში, წაკითხვის შემდეგ არც არასდროს დამვიწყებია, იქნებ თქვენც მოგეწონოთ, კვირის დღეებშიც კარგი საკითხავი იქნება: https://www.newyorker.com/

ერთი აღმოჩენაც გავაკეთე, დილაობით ჩემს ცოტა კუსტარულ, მაგრამ გამძლე საკიდზე ჩამოკიდებულ ჭრელ, საგაზაფხულო კაბებს ვუყურებ და წარმოვიდგენ, რომელს ჩავიცვამდი ახლა, სამსახურში რომ მოვდიოდე, რომელს  – სტუმრად და რომელს – სასეირნოდ, მაგრამ ამაზე დიდხანს ფიქრის დრო არ მრჩება, ახალი დღე იწყება და თან ვიცი, რომ ეს ჩვევაც მალე გამიქრება, რადგან ესეც გაივლის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.