fbpx

ნიუ იორკის საავადმყოფოებთან მაცივარი-ტრაილერები განათავსეს


გააზიარე სტატია

 

მაცივრიანი ტრაილერები რომლებსაც დროებით  მორგებად გამოიყენებენ ხუთშაბათს ნიუ-იორკში, ორი საავადმყოფოს გარეთ განათავსეს. 

ქალაქში სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება კორონავირუსის პანდემიის გამო.

ბოლოს ასეთი მკვეთრი ზომები ნიუ-იორკმა 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტული აქტის შემდგომ მიიღო. ამ პერიოდში, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის განადგურების შემდეგ, ქალაქის სამედიცინო შემოწმების ოფისს გარდაცვლილი 2753 ადამიანის სხეულის იდენტიფიცირება დაევალა.

ეს მორგები ერთგვარად იმ ისტორიული გამოწვევისა და კრიზისის სიგნალია, რომლის წინაშეც ჯანდაცვის ეროვნული სამსახური დგას. ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლაზიოს განცხადებით, მინიმუმ 281 ადამიანია გარდაცვლილი ქალაქის მასშტაბით, ხუთშაბათის მონაცემებით. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, მისი რაოდენობა  21873-ია.

ნიუ-იორკის შტატში ვირუსის შედეგად 385 ადამიანია გარდაცვლილი, 37 000-ზე შემთხვევაა დაფიქსირებული. ამერიკის მასშტაბით 80 000-ზე მეტი შემთხვევა და 1100-ზე მეტი გარდაცვალების  ფაქტია აღრიცხული. 

ნიუ-იორკის ოლქის ქუინსის Elmhurst-ის საავადმყოფოში ამ კვირაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 13 პაციენტი გარდაიცვალა. სამედიცინო შემოწმების სააგენტოს სპიკერის, აჯა ვორსი-დევისის განცხადებით, ეს არის ადგილი, სადაც მაცივრიანი ტრაილერებია განთავსებული. 

ქვეყნის ყველაზე მასშტაბური მუნიციპალური ჯანდაცვის სისტემის,  NYC Health + Hospitals-ის პრეზიდენტმა მიტჩ კატზმა განაცხადა, რომ ამ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 4 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ტრაილერები და თეთრი კარვები განთავსდა ნიუ-იორკის Bellevue-ის ჰოსპიტალური ცენტრის მახლობლად, რომელიც სამედიცინო შემოწმების შენობის მიმდებარედ მდებარეობს. დევისმა აღნიშნა, რომ მაცივრიანი სატვირთო მანქანები სპეციალურად კორონავირუსის შემთხვევებისთვის არ არის შექმნილი. ის ეხმარება საავადმყოფოებს მორგების დატვირთვის შემსუბუქებაში და იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ საავადმყოფოს მორგები ტევადობის ზღვარს მიაღწევს. 

”ჩვენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის პირობებში ვართ და ქალაქმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა”, – ნათქვამია მთავარი სამედიცინო შემოწმების ოფისის (OCME) განცხადებაში. ”როგორც ამ დეკლარაციის ნაწილი, სააგენტოებმა, როგორიცაა OCME, დაადგინეს საგანგებო მდგომარეობის გეგმები, რათა დაეხმარონ ყველა შესაძლო შედეგისთვის მოსამზადებლად.”

დევისის განცხადებით, სატვირთო მანქანები ნაწილია ქალაქის გეგმისა, რათა მოემზადონ კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული პოტენციურად გარდაცვალების ბევრი  შემთხვევისთვის. საავადმყოფოების გარეთ არსებული ტრაილერები ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის ოფისის საკუთრებაა. სამედიცინო შემოწმების (The medical examiner) განკარგულებაშია კიდევ 45 დიდი სატვირთო მანქანა. ტრაილერები  ცოტა ხნის წინ შეიძინეს. ”საავადმყოფოებთან შედარებით ტრაილერს საკმაოდ დიდი ტევადობა აქვს”, – თქვა დევისმა და დასძინა, რომ სატვირთო მანქანებისა და მობილური კარვების ტევადობა საშუალოდ  3500-დან 3600-მდე გარდაცვლილია.

 

 

OCME-ს პერსონალი დიდი სიფრთხილით ეკიდება სხეულების დამუშავების საკითხს, ისინი ასუფთავებენ ტომრებს და ყველა ზედაპირს, რაც გარდაცვლილ ადამიანს შეეხო.

საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ მათ ნიუ-იორკისა და სხვა შტატებისგან თხოვნა მიიღეს, რომ მორგში გადასვენების ოპერაციებში დაეხმარონ. ჰავაისა და ჩრდილოეთ კაროლინასაც მსგავსი მოთხოვნები აქვთ და სააგენტო ყველა თხოვნას განიხილავს. 

ნიუ-იორკს ასევე  მრავალწლიანი კონტრაქტები აქვს სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც მაცივრიან სატვირთო მანქანებს უზრუნველყოფენ, მაგრამ, ოფიციალური პირების განცხადებით, ეს გეგმა აქტიური არ არის. ეს სატვირთო მანქანები, სავარაუდოდ, განთავსდებიან სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის იმპროვიზირებულ “საავადმყოფოებში”, როგორიცაა ჯავიტის კონვენციის ცენტრი.

 

 

რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის ნავსაყუდელთან გამოჩნდა მცურავი ჰოსპიტალი, რომელიც ქალაქს დამატებითი საწოლებით უზრუნველყოფს. გემს 1000-ზე მეტი პაციენტის მიღება შეეძლება, მისი ზომა 3 საფეხბურთო მოედნისას უტოლდება. სულ ამერიკის საზღვაო ძალებში 2 ასეთი გემი-ჰოსპიტალია, თითოეულის ფასი 100 მილიონი დოლარია. ბოლოს ნიუ-იორკმა ამ გემით 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ისარგებლა.

 

 

ორიგინალი: https://edition.cnn.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.