fbpx

გამოფენა ვიდეოთამაშში: ეს ყველაფერი შეიძლება სიზმარი იყოს


გააზიარე სტატია

ორი ხელოვანი სახლში მარტო დარჩა და ონლაინ გამოფენის გაკეთება გადაწყვიტა. გამოფენა ვიდეოთამაშის სახით იქნება წარმოდგენილი ფეისბუქის გვერდზე და მასში 30-ზე მეტი არტისტის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. ეს არ არის ისეთი ფანტასტიკის სცენარი, სადაც მოქმედება შორეულ მომავალში ვითარდება – 2020 წლის მარტია, საქართველო, სადაც ისევე, როგორც მთელ  მსოფლიოში, უფრო სწორად, მის უდიდეს ნაწილში, პანდემიით შეშინებული ადამიანები საკუთარ სახლებში არიან შეყუჟულები, უყურებენ ეკრანებს და ცდილობენ გამოიცნონ, როგორი იქნება მომავალი ამ ყველაფრის შემდეგ. 

 

 

აქ, ამ რეალობაში, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე ქმნიან ციფრულ პლატფორმას  “მარტო სახლში”, რომლის შესასვლელშიც გვხვდება წარწერა: ეს ყველაფერი შეიძლება სიზმარი იყოს.  დასასწრებათ ეწვიეთ ბმულს 

 

გამოფენასთან დაკავშირებულ კითხვებზე მარიამმა გვიპასუხა: 

 

რამ გადაგაწყვეტინა ციფრული გამოფენის გაკეთება?

პირველ რიგში, პანდემიამ და სახლში გამოკეტვამ. 

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სახლში აღმოვჩნდით გამოკეტილები. 

ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, ერთ წინადადებასაც ვერ ვწერდი, ორ აბზაცს ვერ ვკითხულობდი, ვერაფერზე ვერ ვკონცენტრირდებოდი, რაც მიმდინარე მოვლენებს არ ეხებოდა. 

ყველაფერი გაჩერდა, დაიკეტა, შეიცვალა. მუზეუმები, გალერეები, საგამოფენო სივრცეები დაიკეტა. ყველა ეკრანებს არის მიჩერებული.

რეალობა, ნიუსები, გარემო იმდენად დაუჯერებელი გახდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი რეალობის შექმნა. ახალი რეალობის შექმნა კი დღევანდელი მდგომარეობით ვირტუალურ სამყაროშია შესაძლებელი. 

ციფრული ხელოვნებით რამდენიმე წლის წინ დავინტერესდით, ციფრულ ხელოვნებაში, ციფრულ საიდუმლოებებში ჩვენი მეგზური ზურა ჯიშკარიანი იყო.

დეთუ  ძალიან გაიტაცა ვიდეოთამაშების კეთებამ, თამაშის შექმნა, პროგრამირება, კოდის წერა ციფრულ სამყაროში ღვთიური პროცესია. ქართულში გვაქვს სიტყვა “ბედისწერა”, ქართულ მითოლოგიაში გვყავს ბედის მწერლები – ის, ვინც დაბადებისას ადამიანის ბედს წერს. თამაშის კეთებისას, წერ კოდს, თუ სად იქნება მნათობი, სად იქნება წყალი, რა ფერი იქნება ცა. წერ და რასაც დაწერ, ის ხდება, რასაც დაწერ, ის ჩნდება. 

აქამდე, უმეტესად, რასაც ვაკეთებდით, ქუჩასთან ან ადამიანებთან კომუნიკაციასთან იყო კავშირში. როდესაც კარგავ ერთ გასაღებს, მეორეს პოულობ. ჩვენ შემთხვევაში ეს გასაღები თამაში გახდა.

თამაშების სამყარო ჩვენთვის შესაძლებლობაა, სახლიდან გაუსვლელად, ეკრანებზე გადაგვეტანა ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ვიდეოთამაშები ჩემთვის სახელოვნებო კუთხით არის უფრო საინტერესო, ეს შესაძლებლობების უსაზღვრო სამყაროა, თუ რეალობაში ცაში წარწერის გაკეთება რთულია და ზოგჯერ შეუძლებელი, აქ სიტყვა შეგიძლია ღრუბლად აქციო. 

ციფრული სამყარო უკვე ისედაც იპყრობს ჩვენს ყოველდღიურობას. ურთიერთობები, შოპინგი, კინო, ყველაფერი ეკრანზე გადადის, ეს კარგია თუ ცუდი, სხვა საკითხია, ფაქტია, რომ ასეა. დღეს კი სხვა გზაც არ არის. 

ჰოდა, აი ასე, ერთი კვირის წინ გადავწყვიტეთ ახალი სამყარო შეგვექმნა. სატესტო გამოფენით დაგვეწყო და ონლაინ ხელოვნების პლატფორმაც გაგვეკეთებინა, სადაც ახალ პროექტებს დავდებდით. მარტო სახლში – ასე ჰქვია პლატფორმას და ვფიქრობ, სათაური კარგად აღწერს მიზეზებს.

 

რამდენად რთული აღმოჩნდა ნამუშევრების გადატანა საგამოფენო სივრცის ნაცვლად ვიდეოთამაშში? 

საინტერესო პროცესი იყო. შეიძლება ვინმემ თქვას და ბევრი ამბობს კიდეც, რომ ხელოვნება რეალობაში უნდა გამოსცადო, რომ ნამუშევარს ეკრანიდან ვერ გაიგებ, რომ ნამუშევარი დაკარგავს ე.წ. აურას. არა მგონია, რომ ეს ასე იყო, აურის დაკარგვაზე ციფრული რეპროდუქციის დადგომამდე ლაპარაკობდნენ ხელოვნების თეორეტიკოსები. 

სულაც რომ ასე იყოს, დღეს მოცემულობა ასეთია,  სახლიდან ვერ გახვალ, რომ მუზეუმში წახვიდე, მუზეუმიც დაკეტილია და სახლში ჯდომაც ვირუსის გავრცელების შეჩერების ჯერჯერობით ერთადერთი გზაა. 

ხელოვნება წყალივითაა, აუცილებლად პოულობს გზას.

ამიტომ, ათასობით და ათიათასობით მოწყენილი, ეკრანებს მიჩერებული ადამიანებისსთვის გავაკეთეთ ეს გამოფენა. 

ეს პილოტია, ტესტი, ამიტომ მარტივი გზით წასვლა გადავწყვიტეთ. 

გარემოდ საგამოფენო სივრცედ გარიყულა შევარჩიეთ. გარიყულაში, ბოლგარსკის სასახლეში, უკვე 20 წელია მხატვარი ყარამან ქუთათელაძე ძმები ზდანევიჩების სახელობის ფესტივალს “ფესტინოვა გარიყულას” მართავს. ადგილის  სახელი – გარიყულა – დღეს მილიონობით ადამიანის მდგომარეობის სახელად იქცა. 

30 მხატვარს დავუკავშირდით და უკვე არსებული ნამუშევრების გამოფენა გადავწყვიტეთ. მხოლოდ 2დ ნამუშევრები, მხოლოდ ფოტო, ფერწერა, გრაფიკა და ხმა.

ვიდეოთამაშში გამოფენის აწყობის პროცესი ჰგავდა ნამდვილი გამოფენის აწყობის პროცესს. საინტერესოა, როგორი იქნება დამთვალიერებლის შთაბეჭდილება, ამიტომ ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, ვინც გამოფენას ნახავს, მოგვწეროს და გვითხრას, რა მოეწონა ან რა არ მოეწონა. 

 

ნამუშევრები, რომელიც აარჩიე ამ გამოფენისთვის, არის თუ არა რაიმე კავშირში პანდემიასთან, შიშთან, აპოკალიპსურ განწყობებთან – საერთოდ, რა ნიშნით შეარჩიე ეს ნამუშევრები?

რამდენიმე სიტყვა ავიღე, გასაღები სიტყვები და ნამუშევრები ამ სიტყვებით შევარჩიე.

გამოფენის შესავალი ტექსტი დავწერე, რომელიც დღიურის ჩანაწერივითაა, დღევანდელი მდგომარეობის აღწერაა. მერე ტექსტმა თვითონ მიკარნახა ვინ უნდა გამოგვეფინა. 

“ეს გამოფენა ის ერთი წამია, სიზმარსა და გაღვიძებას შორის, სანამ ჯერ არ გაგღვიძებია, მაგრამ უკვე აღარც გძინავს.

ეს გამოფენა ახალ რეალობაზე, ახალ სინამდვილეზეა. 

ეკრანებთან გატარებულ დღეებზე, სიცარიელეზე, მარტოობაზე, სიზმრებზე, მოლოდინზე, უცნაურ გრძნობებზე. 

ეს გამოფენა არის ქუჩებში დამდგარ სიცარიელეზე. არაფერზე.”

 

რამდენად გამოხატავს გამოფენის სახელი შენ შინაგან განწყობას, დამოკიდებულებას ამ ვითარების მიმართ, რაშიც აღმოვჩნდით? 

ეს სახელი მხოლოდ ჩემს კი არა, ალბათ ათასობით ადამიანის მდგომარეობას გამოხატავს. მაგრამ ჩემთვის ეს კითხვა მანამდეც არსებობდა. მერეც იარსებებს. 

ხომ გახსოვს ის ამბავი, მესიზმრება, თუ პეპელა ვარ, თუ პეპელა და ვარ, და მესიზმრება, რომ ადამიანი ვარ. 

 

ეს პლატფორმა, “მარტო სახლში”, რომელიც ახალია, მხოლოდ ამ გამოფენისთვის შეიქმნა თუ გაგრძელება იქნება? 

გამოფენების სერიებს ვაპირებთ. ვაპირებთ მხატვრების სოლო გამოფენებიც გავაკეთოთ, რომლისთვისაც მხატვრები ახალ ნამუშევრებს მოიფიქრებენ, ჩვენ კი გარემოს, არქიტექტურას შევქმნით. კიდევ უთვალავი იდეა გვაქვს, გააჩნია, რამდენი ხანი ვიქნებით სახლში გამოკეტილები. თუმცა, ამ პლატფორმაზე მუშაობას ამნისტიის მერეც გავაგრძელებთ. შეიძლება სხვადასხვა ინსტიტუციებთანაც ვითანამშრომლოთ და მათთვის გავაკეთოთ გამოფენები თუ სხვა პროექტები. 

პლატფორმას ონლაინ ხელოვნების პლატფორმა ჰქვია – და სიტყვები განგებ შევარჩიეთ, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არა მხოლოდ ხელოვნების რომელიმე კატეგორიაში (ინტერნეტზე დაფუძნებული ხელოვნება, ან ახალი მედია ხელოვნება) მუშაობა, არამედ ციფრული და რეალური ხელოვნების ამ პლატფორმაზე ჩვენება არის. 

 

ყველა სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ იმაზე, როგორი იქნება ცხოვრება პანდემიის შემდეგ. როგორ გგონია, ხელოვნებას რა ცვლილებები ელოდება?

ცვლილებები ალბათ გარდაუვალია. ხვალ არავინ იცის რა მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი რამ შეიცვლება. დამოკიდებულებები, ფასეულობები,  ეკონომიკა, ცხოვრების წესი. 

დასავლეთში სახელოვნებო ბაზარი, ე.წ. არტ მარკეტი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ისედაც აბსურდამდე იყო მისული.

ტექნოლოგიებმა ხელოვნება ადრეც შეცვალა და ახლაც, პანდემიის გარეშეც მოსალოდნელი იყო გარდაქმნა. ახლა კი, უკვე ვფიქრობ, რომ გარდაუვალია. ყოველ შემთხვევაში, დღეს, ამწამს, სხვა გზა არ არის. 

ახალი დრო დადგა. ამ ახალ დროში ხელოვნება იქნება ის, რამაც შეიძლება გზა გვიჩვენოს. 

p.s. თუ ვიდეოთამაში ერთხელ მაინც გითამაშიათ, გამოფენას ადვილად დაათვალიერებთ. თუ არა, რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ, რომ სიარული, აქეთ – იქით ყურება, სირბილი ისწავლოთ. თუ თამაში გაგიჭირდებათ, ჩვენ გვერდზე გამოფენის ფოტო და ვიდეოდოკუმენტაციას დავდებთ. 

 

ინსტრუქცია მათთვის, ვისაც არ უთამაშია ვიდეოთამაში:

  • გადადით ლინკზე 
  • დაელოდეთ თამაშის ჩატვირთვას  (2-3 წუთი, გააჩნია კომპიუტერის მონაცემებს)
  • გადაიყვანეთ თამაში full screen mode-ზე;
  • დააწკაპუნეთ კურსორით ეკრანზე;

სასიარულოდ გამოიყენეთ:

  • w – წინ
  • s – უკან
  • a – მარცხნივ
  • d – მარჯვნივ 
  • ან ისრები. 
  • ახტომა – space
  • w shift – სწრაფი სიარული
  • მაუსით ასწორებთ ხედვის მიმართულებას.
  • სამწუხაროდ, სუსტი ოპერატიული სისტემის კომპიუტერით თამაშმა შეიძლება გაჭედოს.
  • ტელეფონიდან ვერ ითამაშებთ. ამ შემთხვევაში, იხილეთ გამოფენის ვიდეოდოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ გვერდზე დაიდება.

გამოფენის სანახავად უნდა ეწვიოთ ფბ გვერდს: Home alone – მარტო სახლში – online art platform

 

პროექტის ავტორები: მარიამ ნატროშვილი/დეთუ ჯინჭარაძე [სადარისმელია]

მონაწილეoბენ: 

  • თამარ ნადირაძე  
  • გიორგი გაწერელია
  • ანკა ბოჭორიშვილი 
  • ნინო ჩუბინიშვილი
  • დავით ხორბალაძე
  • თამარ ბოჭორიშვილი
  • კოტე ჯინჭარაძე
  • მიშო სულაკაური
  • ლადო ლომიტაშვილი
  • გვანცა ჯგუშია
  • ანდრო ერაძე
  • ნუცა ესებუა
  • მაკა ზედელაშვილი
  • ანდრია დოლიძე
  • თინა სირაძე
  • სოფო კობიძე
  • მაია ბარათაშვილი
  • მანუჩარ ოქროსცვარიძე
  • ლაშა ცერცვაძე
  • ქრისტინე კაკაბაძე
  • მაქსიმე მაჩაიძე
  • გიო ჯინჭარაძე
  • გიორგი მაღრაძე
  • გვანცა ჯიშკარიანი
  • სალომე დუმბაძე
  • რიტა ხაჩატურიანი
  • მანანიკო კობახიძე
  • ქეუ მეფარიშვილი
  • ანნა ძიაპშიპა
  • ნათია ბენაშვილი
  • კოკა ვაშაკიძე
  • ნინო მეტრეველი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.