fbpx

როგორ ეხმარება ბიზნესსა და დასაქმებულებს დანიის სახელმწიფო კორონავირუსის კრიზისისას


გააზიარე სტატია

 


ავტორი: დერეკ ტომპსონი

მთელ მსოფლიოში ქვეყნები საზღვრებს კეტავენ, რათა კორონავირუსის გავრცელება შეაჩერონ, ცდილობენ “გაყინონ” ეკონომიკა და ნებისმიერი საშუალებით დაეხმარონ ხალხს კრიზისული პერიოდის გადატანაში.

“გამყინვარების პერიოდის” დანიური ეკონომიკის ვერსია ასე გამოიყურება: მასობრივი განთავისუფლების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა დამქირავებლის ნაცვლად ხელფასის 90%-ს იმ დასაქმებულებს გადაუხდის, რომლებიც სახლში წავლენ და არ იმუშავებენ. ეს გეგმა მთავრობისგან 3 თვეში  მშპ-ის 13%-ის დახარჯვას საჭიროებს, რაც დაახლოებით 13 კვირის განმავლობაში 2,5 ტრილიონი აშშ დოლარის დახარჯვის ტოლფასია.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ დანიის დასაქმების მინისტრმა პიტერ ჰუმელგაარდმა შეკითხვებს უპასუხა.



თქვენ ხართ დასაქმების მინისტრი იმ ქვეყანაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რადიკალური ეკონომიკური გეგმის შესრულებას იწყებს. სანამ ჩვენ კონკრეტულად ამის შესახებ ვისაუბრებთ, გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა ამ კრიზისის შესახებ.

პიტერ ჰუმელგაარდი: ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ახლა ვცდილობთ, ეკონომიკის გაყინვაა. ეს განსხვავდება 12 წლის წინანდელი მიდგომისგან, რომლის დროსაც, თუ ამერიკული ტერმინებით ვიტყვით – ჩვენ ვიხსენით უოლ სტრიტი და დავივიწყეთ მეინ სტრიტი.  ამ შემთხვევაში საუბარია “მეინ სტრიტის” გადარჩენაზე.
იზოლაციის  შემდეგ, ვიცოდით, რომ ბევრ ადამიანს სამსახურიდან გაუშვებდნენ, ჩვენ კი ამის თავიდან აცილება გვსურდა. საუკეთესო იდეა იყო ის, რომ სახელმწიფოს გადაეხადა ბიზნესისთვის, რათა მათ თანამშრომლები შეენარჩუნებინათ. 

ეს რადიკალური გეგმაა. მაგრამ რადიკალურ პერიოდს რადიკალური რეაგირება სჭირდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რონალდ რეიგანის ციტატა გაცოცხლდა: “ჩვენ ვართ მთავრობა – აქ ვართ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ.”


თუ შეიძლება ზუსტად გვითხარით, როგორ მუშაობს ეს გეგმა, რადგან ამ დრომდე მსგავსი რამის შესახებ არ გვსმენია. ვთქვათ, მე ვარ კოპენჰაგენში რესტორნის მფლობელი, რომელსაც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობის შეჩერება უწევს,  მყავს 10 თანამშრომელი და რამდენადაც ამ პერიოდის განმავლობაში შემოსავალი არ მექნება, მათი სამსახურიდან განთავისუფლება მომიწევს. მოგმართავთ დახმარებისთვის. ამის შემდეგ რა ხდება?

პიტერ ჰუმელგაარდი: პირველი –  თქვენი ყველა თანამშრომელი უფლებამოსილია მიიღოს შემოსავლის კომპენსაცია, სანამ მათთან ხელშეკრულება გაქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მიდიან სახლში, თქვენ კი, რესტორნის მფლობელს, სახელმწიფო გიხდით მათი ხელფასების 90%-ს –  თვეში დაახლოებთ 4000 დოლარამდე, რომელსაც იმ დასაქმებულებს გადაუხდით, რომლებიც ხელშეკრულებით გყავთ მიღებული.

მეორე, მთავრობა აანაზღაურებს თქვენს ფიქსირებულ ხარჯებს, როგორიცაა ქირა. მაგალითად, მთავრობა გადაიხდის თქვენს ქირას იმის მიხედვით, თუ რამდენი პროცენტით შემცირდება თქვენი შემოსავალი.

მესამე – თუ თქვენი რომელიმე თანამშრომელი კორონავირუსით დაავადდება, მთავრობა მას შვებულებას აუნაზღაურებს პირველივე დღიდან. როგორც წესი, დანიაში დასაქმებული იღებს პასუხისმგებლობას ავადმყოფობის შემთხვევაში თანამშრომელს 30-დღიანი ანაზღაურებული შვებულება მისცეს.
საბოლოოდ, ჩვენ გადავავადეთ დამატებითი ღირებულების გადასახადი,  მოვუწოდეთ ბანკებს თქვენნაირ კომპანიებს გაუხანგრძლივონ სესხის გადასახადი.

 

რამდენად ადვილია თქვენი მოტყუება?  იქნებ მე, დამსაქმებელმა, მოვიტყუო, თითქოს თანამშრომლები სახლში გავუშვი, მაგრამ ამ დროს საიდუმლოდ მიტანის სერვისი წამოვიწყო? როგორ უნდა აირიდოთ თავიდან მასობრივი თაღლითობა?

პიტერ ჰუმელგაარდი: ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები. რა თქმა უნდა, იქნებიან კომპანიები, რომლებიც ეცდებიან ამით უსამართლო სარგებელი მიიღონ. მაგრამ  დანიურ საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს ამ ინიციატივებს და ეს პროგრამები ნდობით სარგებლობს.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე გზა თაღლითობის დასადგენად. კომპანიებს უნდა ჰყავდეთ უფლებამოსილი ბუღალტერი, რომელიც მათ განცხადებაზე კომპანსაციის შესახებ  პასუხისმგებელი იქნება. ამასთან, დანია სრულიად ციფრული ქვეყანაა. მთავრობას საგადასახადო ჩანაწერებითა და მობილური გადახდის საშუალებით შეუძლია დაადგინოს, მუშაობენ თუ არა კომპანიები ჩვეულ რეჟიმში. 

იმ შემთხვევაში, თუ თაღლითობას აღმოვაჩენთ, მოვითხოვთ თანხის უკან დაბრუნებას დამატებით გადასახადთან ერთად ან დამსაქმებელს ბრალს დავდებთ სამართლებრივად.

 

დანიაში თქვენ მიაღწიეთ შეთანხმებას სამ სხვადასხვა ჯგუფს შორის – პროფკავშირებს, დამსაქმებლებსა და მთავრობას შორის, მაგრამ მთავრობაში  არის 10 პარტია. როგორ შეძლო დანიამ ასე სწრაფად მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა განსხვავებულ იდეოლოგიურ ჯგუფებს შორის?

პიტერ ჰუმელგაარდი: დანიაში ჩვენ გვაქვს გაერთიანებების  დიდი ტრადიცია, რომლებიც არ არიან ისეთივე იდეოლოგიური ან რადიკალური, როგორც  სხვა ქვეყნებში. მათ პირდაპირი მოლაპარაკება ჰქონდათ დამსაქმებელთა ასოციაციებთან. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში მთავრობა აქტიურად მონაწილეობს დიდ გამოწვევებთან გასამკლავებლად. იზოლაციის გამოცხადების შემდეგ, შაბათს შევთანხმდით, ხოლო კვირას უკვე ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას განვუცხადეთ. 

სიგნალი ყველასთან მივიდა – დამსაქმებლებთან და დასაქმებულებთან, რომლებიც ბიზნესის გვერდით იდგნენ. მთავრობა კი ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს ეკონომიკის “რბილად ვარდნა”. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ მაგალითის გაზიარებას ყველგან შეძლებენ, რამდენადაც უმეტესად პროფკავშირები ძალიან სუსტია, ან პროფკავშირებსა  და დამსაქმებლებს შორის ნდობა არ არსებობს. 


მინდა ვიცოდე რა პასუხს გასცემთ ამ გეგმის შესახებ შესაძლო 3 კრიტიკულ შეკითხვას: პირველი – დანია აპირებს მომდევნო 3 თვეში მშპ-ის 13 პროცენტი დახარჯოს. არ გაშინებთ ინფლაცია ან სახელმწიფო ვალი?

პიტერ ჰუმელგაარდი: თუ ეს მდგომარეობა სტრუქტურულ პრობლემად გადაიქცევა, მასობრივი უმუშევრობით და საერთო მოთხოვნის შემცირებით, ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი დეფიციტისთვის საფასური გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე ამ პროგრამებში ინვესტიციაა. ეს არის ჩვენი ლოგიკა და ეკონომიკური მხარე. ნაკლების გაკეთება უფრო ძვირი ჯდება. ამის შემდეგ არსებობს მისი სოციალური მხარეც: უმუშევრობა უამრავ პრობლემას ქმნის არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ ინდივიდებისთვისაც.


კიდევ ერთი კრიტიკული შეკითხვა, რომელიც ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს: ფულის გადახდა ადამიანებისთვის იმის გამო, რომ არ მუშაობენ და ექსკლუზიურად მათი კომპენსირება – ეს ყველაფერი ხომ არ გაართულებს მუშაობას იმ კომპანიებისთვის, რომელთაც უფრო მეტი ადამიანი სჭირდება, მაგალითად, სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება, სასურსათო მაღაზიები, ან ონლაინ მიწოდება?

პიტერ ჰუმელგაარდი: არა, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ მასობრივ გათავისუფლებას. ეს პროგრამა თავიდან აიცილებს სამსახურებიდან დათხოვნას, მასობრივ გათავისუფლებას. უნდა გახსოვდეთ, რომ კომპენსაციის ეს სქემები დროებითია. ისინი ივნისში დასრულდება.


სინამდვილეში, ყველაზე დიდი შეშფოთებას პროგრამის ივნისში დასრულება იწვევს. როგორ გააგრძელებს ეკონომიკა ნორმალურად ფუქციონირებას  ზაფხულის დასაწყისში, თუ ჯერ კიდევ იქნებიან ინფიცირებული ადამიანები?

პიტერ ჰუმელგაარდი: მთავარია გვახსოვდეს, რომ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას უნდა შეეძლოს იმ ადამიანების მკურნალობა, ვისაც მკურნალობა სჭირდება. თუ ვირუსი დანიაში ისევე სწრაფად გავრცელდება, როგორც ეს იტალიასა და ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში მოხდა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებს. მაგრამ ვირუსის გავრცელების შენელებით, ჯანდაცვის სისტემას ექნება შესაძლებლობა, მოასწროს ინფიცირებულთა მკურნალობა. ეს არის ჯანმრთელობის სტრატეგია.

თუ  იზოლაცია უფრო დიდი ხნის განმავლობაში დაგვჭირდა, შეიძლება გადავხედოთ ჩვენს გეგმას და წარმოვადგინოთ ახალი ინიციატივები. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ჩვენ გავაკეთებთ უფრო მეტს.


აშშ-ში ჯერ კიდევ არ გვაქვს გადაუდებელი დახმარების სპეციალური პროგრამა. რა  შეტყობინება გაქვთ ამერიკელი კანონმდებლებისთვის?

პიტერ ჰუმელგაარდი: გააკეთე უფრო მეტი –  სწრაფად. ნუ დაელოდები. ეკონომიკაში მიღებულმა ზომებმა უნდა უშველოს არა მხოლოდ “მეინ სტრიტს” არამედ “უოლ სტრიტსაც”. შეინარჩუნეთ შემოსავალი და ჩვეულებრივი ადამიანების სამუშაო ადგილები, ასევე შეინარჩუნეთ მცირე ბიზნესი.


ორიგინალი: https://www.theatlantic.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.