fbpx

იპოქონდრია და ფეისბუქჯგუფი “ოო, იგონებ!” – თაკო სონღულაშვილის დღიური


გააზიარე სტატია



„როგორ ხარ, მითხარი, როგორ ცხოვრობ?

რას ჭამ? რას სვამ? როგორ გძინავს?

რით სუნთქავ?

რას კითხულობ? ან კითხულობ საერთოდ?!

მომწერე.“

 

მესიჯს მიგზავნის ჩემი მეგობარი მაია, სანამ მე მძინავს, სანამ თვალს გავახელ – მოკლე და არეული ძილისაგან გამოვფხიზლდები, ავდგები, ავიზლაზნები, წამალს დავლევ, ჰერკულესს შევჭამ, სახლს გავანიავებ…

სანამ დღე დაიწყება – სამ ოთახში გამომწყვდეული.

თვითიზოლაციის პირველი დღეების პირველი დილები ჯადოსნური იყო – გამოფხიზლების ის პირველი ბედნიერი წამები, როცა არ გახსოვს, როგორ მსოფლიოში, როგორ ქვეყანაში, როგორ ხასიათზე დაიძინე.

ახლა ძილშიც კი მახსოვს, მსოფლიოს ყოყლოჩინა ქვეყნებიც რომ დააჩოქა იმ ახალმა ვირუსმა, რომელიც უკვე ყველას გაეცნო, მაგრამ ისევ უცხოა – რომლის არ ვიცით წამალი.

დღესაც თითქოს ჩვეულებრივად გათენდა, ბრეინფაქერი ჩიტები ისევ აჭიკჭიკდნენ, არაფერი ხდება განსაკუთრებული და ქუჩაც ახმაურდა. ერთი გამონაკლისით – ბირჟა აღარ დუღს და ორთაჭალის მხრებში მოხრილი კოლორიტები ქართულ-სომხურ-რუსულის ნაზავით აღარ განიხილავენ ამ ქვეყნის ავან-ჩავანს – გლობალურ ჭრილში.

 

სანამ მეორე თვალს გავახელ, ხელში უკვე ტელეფონი მიჭირავს და ახალ ამბებს ვკითხულობ:

საპატრიარქომ, ზიარების წესს არ შევცვლითო;

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უშეცდომოდ.

ვიღაცამ – ძმანო და დანო ამათ ჯინაზე ეკლესიები გადავჭედოთო – მერე ყველა

ერთი კოვზითა და მოყვასისგან 2 მეტრის დაშორებით ეზიარა ქრისტეს;

თურქეთში covid19-ზე მუშაობის გამო ჟურნალისტები დააკავეს;


რუსეთს რო კორონა უხსენო… რა კორონა, რა მათე, ქალო, რა მათე?!

რომანოვების კლასტერის შემდეგ, კიდევ 4 ახალი კლასტერი შეიქმნა;

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა – ქართულად. მერე უთარგმნეს.

პოლიციამ კონსპირაციული ქელეხი აღმოაჩინა;

ამას წინათ ერთმა კარგმა გოგომ, მარიამმა და მეორე ვისზე ნაკლებმა კარგმა, მე, შუაღამისას სპონტანურად იპოქონდრიკებისთვის ჯგუფი – „ოო, იგონებ!” – შევქმენით.

ჯგუფში ძირითადად ვწერთ, რომ ცოტა გვახველებს, ცოტა სიცხე გვაქვს, ცოტა ყელი გვტკივა. ვიღაცები გვეპრეტენზიებიან, რამე სახე/ფორმა მიეცით ჯგუფსო და ვის აქვს მაგისი დრო და ნერვები, გეხვეწები.

თან მოწოდებით ფორმალისტი არ ვარ – მე თუ მკითხავ, არაფორმალური ჯობია ყველაფერი – ჩარჩოებს მიღმა, კონტურების გარეშე, არავითარი ერთი მიმართულება და თემატიკა, იცინე, იკითხე, წერე.

ჩამოჯექი და იწუწუნე, თუ გინდა, ვინ ოხერი?!

მოკლედ, ჯგუფში სრული დემოკრატიაა, თან ხომ იცით, არაფორმალური ყველაფერი დიდხანს ძლებს.

 

***

ჯანდაბა! უკვე 10:00 საათია, ეუთიროქსი უნდა დავლიო. ჰო, ეგეთი კლიაოზნიკი წამალია, 10:00 საათის მერე ეფექტი აღარ აქვს. წამალს ვსვამ, ნახევარ საათში

 – ჰერკულესი. მერე ყავა – რძით.

ყველას სძინავს. ვანიავებ სახლს. ვალაგებ. ვწესრიგდები. კომპიუტერთან ვჯდები და მუშაობას ვიწყებ.

რომ არა ჩემი სამუშაო, რომლის კეთებაც ონლაინ შემიძლია, ერთ-ერთი მათგანი ვიქნებოდი, ვინც სევდისაგან სევდიანი სევდიანად გარდაიცვალა და არავინ შემოუარა მის სევდიან სხეულს სევდიანად, დასვენებულს სევდიან ზალაში – სრულიად სევდიან დროს.

კონსპირაციული ქელეხიც სანატრელი მექნებოდა.

მე 1990 წლის თაობა ვარ, ანუ ხომ ხვდებით, როგორი რთულია ჩემი თაობისთვის ემოციური დისკომფორტის ეს დოზა.

ჩვენ არ ვმდგარვართ პურის რიგებში, ჩვენ ის ბავშვები ვართ, ვის გამოც იდგნენ პურის რიგებში ჩვენი დედები, მამები, ბებია-ბაბუები და ახალგაზრდობის წლებს, მართალია, პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში საბჭოთა დაღით, მაგრამ მაინც კომფორტულად ვატარებთ.

დავტრაშუნობთ წინ და უკან, ერთმანეთთან და ერთმანეთით ვერთობით, ახალ გამოწვევებს ვეჭიდებით, ხან მეგობრებთან ერთად, ხან ვხვდებით, რომ მეგობრებთან ერთად მხოლოდ გართობაა უპრიანი. არათუ სახლის, არამედ ქვეყნის საზღვრებს ვკვეთთ და ყველაზე მამაცები ყველაზე მამაცურად მივდივართ წინ.

და ახლა? რა გამოვიდა? ისევ იმას ვუბრუნდებით, რასაც მუდამ გავურბოდით?

ისევ იმას ჩავხედოთ თვალებში, რასაც დიდი ხნის წინ მოვუხუჭეთ თვალი?

ყველაფერი ხომ ერთმანეთთან ურთიერთობისას, ერთმანეთთან შეხებისას, ერთმანეთთან გატარებულ დროს გა_მოვიგონეთ, გავაკეთეთ, ავაშენეთ, განვავითარეთ. ყველა იდეა, დიდი თუ პატარა, ერთმანეთთან ცოცხალი ინტერაქციის შედეგი იყო.

და ახლა? რა გამოვიდა? ნახევარ საათში ერთხელ უნდა იბანო ხელები, ისტერიულად ალაგო სახლი, ისინჯო სიცხე, შუბლზე მიიდო ხელი, ხან წაუტირო, ხან გაიცინო, ხან შეგეშინდეს, ხან ისევ იმაზე წერო, რაც გაწუხებს… დიახ, ასე გამოვიდა და ასეც უნდა მოვიქცეთ. უნდა დავრჩეთ სახლში და მერე, როცა ყველაფერი ჩაივლის, ჩვენ ჩვენი ოთახებიდან უკეთესები გამოვიდეთ, ახლიდან გამოვიჩეკოთ.

 

***

მითხარი, როგორ ხარ, როგორ ცხოვრობ?

ცხოვრობ საერთოდ?

რას ჭამ? რას სვამ? როგორ გძინავს?

გძინავს საერთოდ?

 

რით სუნთქავ? მძიმედ ხომ არა?

სუნთქავ საერთოდ?

რას კითხულობ, რამე ახალს?

კითხულობ საერთოდ?

მომწერე, როგორ ხარ.

შენც გრძნობ მომავალს? – ახალ სამყაროს.

 

თაკო.

24 მარტი, 2020


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.