fbpx

როგორი იქნება ცხოვრება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ – Technology Review


გააზიარე სტატია


ავტორი: გიდეონ ლიჩფილდი


ეს არ არის დროებითი შეფერხება. ესაა სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესის დასაწყისი

ცხოვრება პანდემიის პირობებში

მოკლევადიან პერიოდში ეს ყველაზე მეტად საზიანო იქნება იმ ტიპის ბიზნესისთვის, რომლის შემოსავალიც  ხალხის რიცხოვნობაზეა დამოკიდებული. ესენია: რესტორნები, კაფეები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები, მუზეუმები, ხელოვნების გალერეები, სავაჭრო ცენტრები, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობები; შემოსავლის გარეშე რჩებიან მუსიკოსები და სხვა შემსრულებლები, სპორტული გუნდები, საკონფერენციო ადგილები, საკრუიზო ხაზები, ავიაკომპანიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძო სკოლები, სარეაბილიტაციო ცენტრები. 

არაფერს ვამბობთ იმ სტრესზე, რომელსაც მშობლები აწყდებიან ბავშვების სახლში სწავლებისას; ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ იზრუნონ თავიანთ მოხუცებულ ნათესავებზე ისე, რომ ვირუსი არ გადასდონ;  მათზე, ვისაც არ აქვს ფინანსური მხარდაჭერა, რომ შემოსავლის შემცირებას გაუმკლავდეს.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ნაწილობრივი ადაპტაციაც. სავარჯიშო დარბაზები ინვენტარის ონლაინ გაყიდვას იწყებენ, მართავენ ონლაინ ტრენინგებს. ჩვენ ვნახავთ პანდემიის პირობებში ახალი სერვისების აფეთქებას, რასაც “ჩაკეტილ ეკონომიკას” უწოდებენ. ამასთან ერთად, საიმედო პრაქტიკაც დაინერგება: მოგზაურობის შემცირებით ნახშირბადის წვის პროცენტულობა დაიკლებს, გაიზრდება ადგილობრივი მიწოდება, მეტს ვისეირნებთ ფეხით და ვიმოძრავებთ ველოსიპედით.

თუმცა მრავალი ბიზნესისა და საარსებო წყაროსთვის შეუძლებელი იქნება ამ პრობლემასთან გამკლავება. ჩაკეტილი ცხოვრების წესი კი არ არის მდგრადი ხანგრძლივი პერიოდისთვის.

და მაინც, როგორ ვიცხოვრებთ ამ ახალ სამყაროში?

სავარაუდოდ, გვექნება უკეთესი ჯანდაცვის სისტემა პანდემიებზე სწრაფი  რეაგირების შესაძლებლობით, მედიკოსები შეძლებენ დაავადების გავრცელებამდე ამოიცნონ და შეაკავონ  აფეთქება, მოამზადონ სამედიცინო აღჭურვილობა, დაავადების დასადგენი ტესტები და მედიკამენტები. ეს ყველაფერი Covid-19-ის შესაჩერებლად გვიანი იქნება, მაგრამ დაგვეხმარება, რომ მზად ვიყოთ მომავალი პანდემიებისთვის.


უახლოეს პერიოდში, ალბათ მივაგნებთ კომპრომისებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს  სოციალური ცხოვრების გარკვეული სახე შევინარჩუნოთ.

შესაძლოა, კინოთეატრებმა დატოვონ მხოლოდ ადგილების ნახევარი, შეხვედრები გაიმართოს უფრო დიდ დარბაზებში, სადაც სავარძლები დისტანციის დაცვით იქნება განთავსებული, სპორტული დარბაზები კი ხალხმრავლობის დასარეგულირებლად მოგვთხოვენ ადგილი წინასწარ დავჯავშნოთ.

საბოლოო ჯამში, ჩვენ შევძლებთ ვიურთიერთოთ უსაფრთხოდ, რამდენადაც იარსებებს დახვეწილი მეთოდები იმის დასადგენად, თუ ვინ იმყოფება დაავადების რისკ-ჯგუფში და ვინ  არა.

ამ ყველაფრის მომასწავებელი ნიშნების ნახვა შეგვიძლია იმ მეთოდებში, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა დღეს მიმართავს.

მაგალითად, ისრაელი აპირებს გამოიყენოს მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობის დასადგენი ფუნქცია, რათა მიაკვლიონ იმ ადამიანებს, რომლებიც ვირუსის მატარებლებთან იყვნენ კავშირში. სინგაპური ადგენს ყველა კონტაქტს და აქვეყნებს დეტალურ მონაცემებს თითოეულ ცნობილ შემთხვევაზე.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ზუსტად არ ვიცით, თუ როგორი იქნება მომავალი, მაგრამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სამყარო, სადაც გაფრენამდე მოგვიწევს რეგისტრაციის გავლა სერვისცენტრში, სადაც თქვენი მოძრაობა ტელეფონის საშუალებით დაფიქსირდება. ავიაკომპანია ვერ დაადგენს,  სად წახვედით, მაგრამ გაფრთხილებას მიიღებს, თუ  ინფიცირებულ ადამიანთან ან დაავადების ცხელ წერტილებთან ახლოს იქნებით. მსგავსი სერვისები დაინერგება დიდი ადგილების, სამთავრობო დაწესებულებების ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესასვლელთან. 

ყველგან იქნება ტემპერატურის სკანერები, სამსახურში კი შესაძლოა მოგთხოვონ  მონიტორის ტარება, რომელიც გააკონტროლებს თქვენს ტემპერატურასა და სხვა სასიცოცხლო ნიშნებს. თუ აქამდე ღამის კლუბები სრულწლოვანების დამადასტურებელ მოწმობას ითხოვდნენ, მომავალში შესაძლოა მათ იმუნიტეტის დამადასტურებელი საბუთი მოითხოვონ – იმის მტკიცებულება, რომ პირი უკვე გამოჯანმრთელებულია ან ჩატარებული აქვს ვაქცინაცია კონკრეტული ვირუსის წინააღმდეგ.

ჩვენ შევეგუებით და მივიღებთ იმ ზომებს, ისევე, როგორც  მივიღეთ აეროპორტის გამკაცრებული კონტროლი.


როგორც წესი, ეს ყველაფერი ყველაზე მეტად საზოგადოების უსუსტეს და უღარიბეს ნაწილზე იქონიებს გავლენას.

მაგალითად, მათზე, ვისაც ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვაზე, ან ვინც დაავადების გავრცელების  ადგილებში ცხოვრობენ, შეეზღუდებათ ისეთ ტერიტორიებზე შესვლა,   რომლებიც სხვებისთვის ხელმისაწვდომია.

ისინი, ვინც კონტრაქტის გარეშე მუშაობენ – მძღოლები, იოგას ინსტრუქტორები – მიხვდებიან, რომ მათი სამსახური არასაიმედოა. ემიგრანტებს, ლტოლვილებს, საბუთის გარეშე მყოფებსა და ყოფილ მსჯავრდებულებს კიდევ ერთი ბარიერი  შეექმნებათ საზოგადოებაში ადგილის მოსაპოვებლად.

უფრო მეტიც, თუ არ იქნება მკაცრი წესები იმის დასადგენად,  ვინ არის დაავადების რისკის შემცველი, მთავრობას ან კომპანიას ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ნებისმიერი კრიტერიუმი: თქვენ მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით, თუ წელიწადში 50 000 დოლარზე ნაკლებს იღებთ, თუ ოჯახში 6-ზე მეტი ხართ ან ცხოვრობთ ქვეყნის კონკრეტულ ნაწილში. ეს  ყველაფერი მიკერძოებულობისა და ფარული დისკრიმინაციის შესაძლებლობას ქმნის, როგორც ეს გასულ წელს იმ ალგორითმის გამოყენებით მოხდა, რომელიც აშშ-ის სადაზღვევო სისტემის წარმომადგენლებმა გამოიყენეს და რომელიც უნებლიეთ თეთრკანიანებს ანიჭებდა უპირატესობას.

სამყარო ბევრჯერ შეიცვალა და კვლავ განაგრძობს შეცვლას. ყოველ ჩვენგანს მოუწევს ცხოვრების ახალ წესთან, სამუშაო გარემოსა და ფალსიფიცირებულ ურთიერთობებთან შეგუება. მაგრამ იქნებიან ისეთებიც, ვინც უმეტესობაზე მეტს დაკარგავენ, იქნებიან ისინიც, ვინც უკვე ძალიან ბევრი დაკარგა. საბოლოოდ, კი კრიზისის სიღრმემ უნდა აიძულოს ქვეყნები, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატები, აღმოფხვრას უზარმაზარი სოციალური უთანასწორობა, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს დაუცველს ხდის.


ორიგინალი: https://www.technologyreview.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.