როგორ დავუმეგობრდეთ მთებს – საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია GMGA
“ჩვენ, ქართველი ერი ჩვენი ქვეყნის რელიეფს მაქსიმალურად უნდა მოვერგოთ”, – მითხრა პროფესიონალმა გიდმა და მთამსვლელმა გიორგი მაკალათიამ. მის სიტყვებზე აგერ უკვე რამდენი დღეა ვფიქრობ და ვხვდები, რომ მაქსიმალურად კი არა, მინიმალურადაც არ ვართ მორგებული. ვერ ვერგებით, გამოდის, რომ ვერ ვიყენებთ. ვერ ვიყენენებთ – ე.ი. ფულსავ ვერ ვაკეთებთ იმდენს, რამდენიც შეიძლება გავაკეთოთ, ვერც სიამოვნებას ვიღებთ.
მცირე მოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 1.5% სრიალებს თხილამურზე ან სნოუბორდზე და დაახლოებით ამდენი დადის მთაში, სპორტული ან სარელაქსაციო მიზნით. სათხილამურო სპორტი ძვირიან კატეგორიაში გადის და იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომლის 80% საჭმლის ფულისთვის იბრძვის, შეიძლება აპატიო მისი იგნორირება.
იმავეს ვეღარ იტყვი ჰაიკინგზე, ქართულად მთაში ბორიალზე, რაც სასარგებლოა, სასიამოვნო და თან სახალისო. ჰაიკინგისთვის მხოლოდ მთა და გამძლე სპორტული ფეხსაცმელი გჭირდება, ამის მიუხედავად ქართველი ადამიანი მთაში არ დადის. ამ საკითხზე ფილოსოფიური წიაღსვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ უბრალოდ გაიხსენეთ, როდის გახვედით მახლობელ გორაკ-ბორცვებზე უმანქანოდ და მწვადების შეწვის გარეშე.
დაახლოებით იგივე შეიძლება ვთქვათ ზღვის ათვისებაზეც, სადაც არ არსებობს საზღვაო ტრანსპორტი, საზღვაო ტურიზმი და სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს შეიძლება ითქვას, რომ ნავი ახლოდან საერთოდ არ უნახავს. ამჯერად ზღვაზე ვერაფერს გეტყვით, სამაგიეროდ მინდა გაგაცნოთ ადამიანები, რომლებმაც მთის ათვისება პროფესიონალურად დაიწყეს და რომლებსაც უნდათ, რომ ჩვეულებრივმა საქართველოს მოქალაქეებმა მთა გაიცნონ და შეიყვარონ, მაშინვე როგორც კი კორონას ისტერია წარსულს ჩაბარდება და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმზე გადავალთ
Georgia Guide Office – საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციასთან (GMGA) დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია სერტიფიცირებული გიდების მიერ. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლასთან და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციასთან. გაიდ-ოფისი ასაქმებს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის კურსდამთავრებულებს და თანამშრომლობს მხოლოდ სერტიფიცირებულ გიდებთან.
ილია ბერულავა, მთამსვლელი, საერთაშორისო სერტიფიცირებული სამთო გიდი:
“პირველად იყო იდეა, შეგვექმნა სერტიფიცირებული სამთო გამყოლების პლატფორმა საქართველოში, სვანეთში. გვინდოდა ყოფილიყო სივრცე, ორგანიზაცია, სადაც ნებისმიერი სერტიფიცირებული გამყოლი შეძლებდა გაწევრიანებას. ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო კომერციული, სადაც შემოსული თანხა გადანაწილდებოდა ყველაზე. გიდების ოფისი და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია არიან ის ორგანიზაციები, რომელიც მთავრობას მიაწვდიან კომპეტენტურ რჩევებს, იდეებს და წარუდგენენ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის გზებს, რაც სამთო ტურიზმს უკავშირდება რეგიონში.
საჭიროება
ილია ბერულავა: “გუდაურში და ყაზბეგში უცხოელმა არასერტიფიცირებულმა გიდებმა ადგილობრივების ნიშა დაიკავეს. თავიდან კურორტზე რამდენიმე უცხოელი გიდი ჩამოვიდა, შემდეგ კი მათ ათეულობით კოლეგა მოჰყვა, რომლებმაც ადგილობრივების სამუშაო ადგილები დაიკავეს. ამაში დამნაშავე ქართული კანონმდებლობა და ქართველი გიდებიც არიან, რომლებმაც დროულად ვერ შეძლეს გაერთიანება და კონკურენცია სერიოზულად ვერ აღიქვეს. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ რუსულენოვანი ტურისტების დიდი უმრავლესობა, გამყოლებად აქ დაფუძნებულ თანამემამულეებს ირჩევს.”
გიორგი მაკალათია – მთამსვლელი, სამთო გამყოლი: “საქართველოში არ არსებობს კანონი, ან რეგულაცია, რომელიც არასერტიფიცირებულ, არაკვალიფიციურ გამყოლს უკრძალავს მუშაობას. შესაბამისად, ის უცხოელები, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში ვერ ან არ გაიარეს სერტიფიცირება, ან უბრალოდ ფეხი ვერ მოიკიდეს, საქართველოში ჩამოდიან.
გიდების ოფისი და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია ეცდება, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი სერტიფიცირებული გიდი გაიზარდოს, რაც ზემოთ ხსენებულ პრობლემას გარკვეულ პერიოდში ავტომატურად მოაგვარებს და ქვეყნის იმიჯსაც მაღლა ასწევს.”
ამ ეტაპზე გიდების ოფისს ჰყავს 20 სერტიფიცირებული სამთო გამყოლი, სექტემბერში მათ კიდევ 15 შეემატება.
როგორ უნდა გახდე სერტიფიცირებული გიდი
თუ გინდა, რომ გახდე პროფესიონალი სამთო გამყოლი, უნდა ჩააბარო საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში. ამ სკოლაში მსურველებს კონკურსის წესით, გამოცდების ჩაბარების შემდეგ იღებენ. ჩაბარების მსურველს ასევე უნდა ჰქონდეს საბაზისო სამთო გამოცდილება და უნდა იცოდეს თხილამურებით სრიალი. ორწლიანი კურსისა და შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემდეგ ის მიიღებს კურსის შესაბამის სახელმწიფო სერტიფიკატს.
ამ მომენტისთვის საქართველოში 200-ზე მეტი სხვადასხვა სამთო დისციპლინაში სერტიფიცირებული ინსტრუქტორი და გამყოლი გვყავს:
- 50 საფეხმავლო გამყოლი – ტრეკინგი ჰაიკინგი
- 150 სათხილამურო ინსტრუქტორი გადავამზადეთ
- 20 სამთო
- 10 საზაფხულო სამთო მარშრუტების გამყოლი
- გიდების ოფისი ახლა მხოლოდ სვანეთშია, ცოტა ხანში გაიხსნება რაჭაში და ყაზბეგში.
შესაძლებლობა ადგილობრივებისთვის
ნატა ჯაფარიძე – სათხილამურო გამყოლი: “ბავშვობიდან ვსრიალებდი, მრავალგზის გამარჯვებული ვარ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, სხვადასხვა დისციპლინებში. შემდეგ მაშველი გავხდი. ყოველთვის მინდოდა სკი ტური მეცადა, თუმცა არც აღჭურვილობა მქონდა, არც არავის ვიცნობდი, ვისთან ერთადაც წავიდოდი.
შემდეგ გამოჩნდა GMGA, დაფუძნდა სკოლა, სადაც მინდოდა სამთო გამყოლის კურსებზე ჩაბარება, მაგრამ არ მიმიღეს სამთო გამოცდილების არქონის გამო, შემდეგ სათხილამურო გიდის კურსებზე ჩავაბარე. ჯერ მინდოდა ჩემთვის მესწავლა და ამეთვისებინა ის უნარები, რაც გამომადგებოდა სკი ტურზე. მერე სკოლა მომეწონა და უამრავი საინტერესო და საჭირო რამე შემომესწავლა თვალსა და ხელს შუა. მერე ისიც აღმოჩნდა, რომ სათხილამურო გამყოლის დიდი საჭიროებაა სვანეთში, ამიტომ დავანებე სამაშველო სამსახურს თავი და გავხდი პროფესიონალი გიდი.
ჩვენთვის, ადგილობრივებისთვის ესაა იდეალური საშუალება, რომ საკუთარი თავი დაასაქმო და გქონდეს საინტერესო, ჯანმრთელი საქმე, რომელიც ისედაც გენეტიკაში გაქვს და რომელსაც შენი ბაბუები, დიდი ბაბუები მრავალი ასწლეულის განმავლობაში მისდევდნენ. სამთო საქმეში ყოველდღიურად ახალ რამეს სწავლობ და იხვეწები, თან ეს ყველაფერი კარგი ანაზღაურების ფასად”.
რატომაა აუცილებელი გიდების სერტიფიცირება
გიორგი მაკალათია – მთამსვლელი, სამთო გამყოლი: “ტურისტების ნაკადის ზრდასთან ერთად მოიმატა უბედურმა შემთხვევებმა. თითოეული უბედური შემთხვევა, რომელიც არაკვალიფიციური გიდის გამო ხდება, საფრთხეს უქმნის ყველაზე ძვირფასს, ადამიანის სიცოცხლეს, ასევე აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ტურიზმს და შესაბამისად – ეკონომიკას.
21-ე საუკუნეში, როცა ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტვიტერის საშუალებით ნებისმიერი ინფორმაცია რამდენიმე წუთში ვრცელდება, თითოეულმა შეცდომამ შეიძლება ენით აუწერელი ზარალი მიაყენოს საქართველოს. გაიხსენეთ შარშანდელი ავარია გუდაურში, ზუსტად 5 წუთში საბაგიროს ავარიის ამსახველი ვიდეო ყველა სააგენტომ გაავრცელა თავის გვერდზე. უმორჩილესად ვთხოვთ ყველა ადამიანს, რომელიც აღნიშნული საქმით დაინტერესებულია, ან უკვე მუშაობს, ჩააბაროს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში, გაიაროს გადამზადება და მშვიდად გააგრძელოს თავისი საქმე.”
IFMGA
სამთო გამყოლთა ასოციაციაციების საერთაშორისო ფედერაცია (IFMGA) არის ის უმაღლესი საფეხური, რომელზე ასვლასაც თითოეული სამთო გიდის ან ასოციაციის ოცნებაა. ესაა გამყოლთა ჩემპიონთა ლიგა, რომლის ლოგოტიპის დანახვა გიდის ქურთუკზე კლიენტს ყველანაირ კითხვას უქრობს და აგრძნობინებს, რომ საიმედო ხელშია.
GMGA მისი კანდიდატი ორგანიზაციაა. ქართველმა გიდებმა საერთაშორისო დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ ყველა აუცილებელი გამოცდა ჩააბარეს, რასაც წლის ბოლოს საერთაშორისო ფედერაციის წევრობა მოჰყვება.
როცა ქვეყანა IFMGA რუკაზე ჩნდება, მის მიმართ ნდობა რადიკალურად იზრდება. Საქართველოს, როგორც ახალგაზრდა ტურისტულ ქვეყანას, საერთაშორისო ნდობა ძალიან სჭირდება, რადგან საერთაშორისო აუდიტორია, ძირითადად, რუსეთთან ომებით და გაქცეული პრეზიდენტით იცნობს.
GMGA გეგმები, ოცნებები, ფიქრები
ილია ბერულავა: IFMGA-ში გაწევრიანებას მოჰყვება რეზონანსი, რაც გამოიწვევს დიდ ინტერესს მთელი მსოფლიოდან. ინტერესის ზრდასთან ერთად, დაგვჭირდება ბევრი გიდი, შესაბამისად, ბევრი მასწავლებელი და მოსამზადებელი ცენტრი. ვფიქრობთ, რომ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან და განათლების სამინისტროსთან ერთად შევძლებთ გაზრდილ მოთხოვნას სწორი მიწოდება დავახვედროთ. ასევე ვგეგმავთ, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ სამთო გიდების საქმიანობის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების საკითხში.
გიორგი მაკალათია: ჩვენი ოცნებაა მთის პოპულარიზაცია სკოლებში, რადგან ბავშვმა, რომელიც ცხოვრობს მთაში, იცოდეს სად ცხოვრობს და რა განძთან აქვს საქმე. ჰქონდეს ელემენტარული უნარები, რომელიც მთაში სიარულში გამოადგება და როგორც გითხარი, გვინდა, რომ რელიეფთან მორგებულები ვიყოთ. საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მთიანი ქვეყანაა, სადაც ადგილობრივები მთაში საერთოდ არ დადიან. “რუმსი” რომ არ ყოფილიყო ყაზბეგში, ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი არასოდეს ავიდოდა. ბევრმა ადამიანმა, რომელიც “რუმსის” გამო ავიდა, უფრო სწორად მის მშვენიერ ტერასაზე სელფის გადასაღებად, შემდეგ აღმოაჩინა, რომ ყაზბეგში კიდევ ბევრი რამაა სანახავი.
ნატა ჯაფარიძე: უამრავი ჩემი ნაცნობი მეუბნებოდა, “რა გინდა, შვილო, მთაში, მთა რა ქალის საქმეა, წადი გათხოვდი, ბავშვები გააჩინე”. ასეთი ადამიანი, რომელიც მთიან რეგიონში ცხოვრობს, თუმცა მთისკენ არც იხედება, არც თავის შვილს ასწავლის იმას, რომ მთაში ასვლა კარგია. მიდგომა უნდა შეიცვალოს და მთის გაცნობა ბავშვობიდანვე, სკოლიდანვე უნდა დავიწყოთ.
ილია ბერულავა: უნდა ვიბრძოლოთ ძველი ფობიების დასამარცხებლად: ზოგს ეშინია სვანეთში ამოსვლის, რატომღაც ის ძველი ლეგენდები 90-იანების კრიმინალებზე ისევ ცოცხალია, არადა დღეს სვანეთი ყველაზე უსაფრთხო რეგიონია საქართველოში.
გიორგი მაკალათია: ყველაზე მეტად ქართველები დადიან იქ, სადაც კარგი საჭმელია და კარგი სელფი გამოდის, ვფიქრობთ, უნდა გავაგებინოთ, რომ აქ გემრიელი საჭმელია და სელფიც მთაში ყველაზე ლამაზი გამოდის. გადასაღები კიდევ ბევრია, მეგობრებო!
- გიდების ოფისის მისამართი: მესტია, თამარ მეფის ქუჩა 20.
- ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/georgiaguideoffice/
- ვებგვერდი: https://www.georgiaguideoffice.com/
- ტელეფონი: 597 33 66 53