მჟღერი, პროგრესული და გაბედული – იაპონური მოდერნიზმის გრაფიკული დიზაინი
ავტორები: Wayne Crothers, Annika Aitke
1923 წლის კანტოს დიდ მიწისძვრასა და წყნარი ოკეანის ომს შორის (1942-1945) პერიოდში ტოკიო და ოსაკა მსოფლიოს ყველაზე აქტიურ და თანამედროვე ქალაქებად იქცნენ. შემოქმედებითმა და ფინანსურად თავისუფალმა ახალმა თაობამ, რომელიც “თანამედროვე გოგოებისა” და “თანამედროვე ბიჭების” სახელწოდებით არის ცნობილი, ხელი შეუწყო იაპონური ინოვაციების განვითარებას.
გამოფენა, რომელიც მელბურნის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა, იაპონური მოდერნიზმის მოდას, დეკორატიულ ხელოვნებას, პოპკულტურასა და დიზაინს წარმოგვიდგენს.
მეწყერი ჰოდოგაიას გვირაბის წინ (1924), Oda Kanchō, ფერადი ქსილოგრაფია
იაპონიის ისტორიაში კანტოს დიდი მიწისძვრა ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მოვლენა. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 1923 წლის პირველ სექტემბერს, 11 საათზე და 58 წუთზე სწორედ მაშინ დაფიქსირდა, როცა ოჯახები თავიანთ ღუმელს ლანჩისთვის ახურებდნენ. მიწისძვრის შედეგად 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 700 000 უსახლკაროდ დარჩა. ერთი წლის შემდეგ იაპონურმა გამომცემლობამ (Shōnen Gahōsha) გამოსცა ილუსტრაციების სერია კატასტროფის თვითმხილველთა მონათხრობის სკეჩებისა და ჩანახატების მიხედვით.
იოკოჰამას ექსპოზიცია (1936), ფერადი ლითოგრაფია
მიწისძვრისგან განადგურებული ქალაქის აღდგენის აღსანიშნავად იამაშიტას პარკში იოკოამას ექსპოზიცია გამოიფინა. განაპირა რაიონმა, რომელიც სტიქიის შემდეგ ნანგრევებად იქცა, 3 თვეში 3 მილიონი დამთვალიერებელი მიიზიდა. პოსტერზე გამოსახული გემის ძაბრი წარმოაჩენს იოკაჰამას სტატუსს, რომელიც საერთაშორისო პორტი იყო.
ტანსაცმლის მაღაზია Mitsukoshi (1927), Koike Iwao, ფერადი ლითოგრაფია
1673 წელს იაპონიაში კიმონოს გამყიდველის მიერ დაარსებული პირველი მაღაზია – Mitsukoshi 1904 წელს თანამედროვეობის მეტაფორა გახდა. 1914 წელს გახსნილი მაღაზიის ახალ შენობაში იაპონიაში პირველი ლიფტი დამონტჟდა. პოსტერი ასახავს ახალი შენობის მოდერნისტულ ხაზებს, შესასვლელში მდგარ ლომის სკულპტურებს და თანამედროვე ქალებს კომონოში. Koike Iwao იყო 7 ადამიანისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც Sugiura Hisui-ის მიერ ჩამოყალიბდა.
ზღვაზე (1930) Shabano Kiyosaku, ფერადი ქსილოგრაფია
ცურვა და ზღვაზე სეირნობა ქალაქის მშფოთვარე ცხოვრებისგან თავის დასაღწევი პოპულარული საშუალება იყო. პლაკატი, რომელზედაც ფილმის მსახიობი Mikoshiba Hatsuko არის გამოსახული, რკინიგზის სამინისტროს დაკვეთით შეიქმნა, თუმცა ნამუშევარი შეუსაბამო აღმოჩნდა სამინისტროსთვის და საბოლოო ჯამში ერთ-ერთმა კომპანიამ Keisei აკვაპარკის რეკლამისთვის შეიძინა. პოსტერი დამზადებულია ტრადიციული ქსილოგრაფიული მეთოდით.
ჯაზის მოცეკვავე (1934) Kobayakawa Kiyoshi, ფერადი ქსილოგრაფია
იაპონიაში ფოტოგრაფიის გამოჩენამ ქსილოგრაფიის პოპულარობა შეამცირა. 1920-1930-იან წლებში Ito Shinsui-მ და Kobakawa Kiyoshi-მ გამომცემელ Watanabe Shōzaburō-სთან ერთად, shin-hanga-ს (ახალი პრინტების) მოძრაობა დააარსეს, რის შედეგადაც ედოს პერიოდის (1600–1868) დახვეწილი ukiyo-e ბეჭდვის ტექნიკა განახლდა.
ადრეული გაზაფხული (1931) Itō Shinsui, ფერადი ქსილოგრაფია
Bijin-ga ლამაზი ხალხის სურათებს ნიშნავს. მიმდინარეობა შეიქმნა მეთვრამეტე საუკუნის ოსტატების – Kitagawa Utamaro-სა და Torii Kiyonaga-ს თაოსნობით და ისინი თავიანთ ნამუშევრებში თანამედროვე ეპოქის ქალებს წარმოაჩენდნენ.
კაბარეს მასპინძლის სიმღერა (1930) by Saitō Kazō, ფერადი ოფსეტი
პოპულარული ფილმები 1920-1930-იან წლებში იაპონიის თანამედროვე ცხოვრების საუნდტრეკს ქმნიდნენ. ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Victor Talking Machine და იაპონური კინოსტუდია Shochiku, პოპულარული მელოდიები მოდური და ბოჰემური ინსტრუმენტებისთვის, ჰარმონიკასა და უკულელესთვის, მუსიკალურ პარტიტურებად აქციეს.
ნიჰონბაშელი (1930) Imai Hisamaro, ფერადი ოფსეტი
Saito Kazo-სა და Imai Hisamaro-ს კომპოზიციებმა (თანამედროვე გოგოები) – ბობ-ვარცხნილობებით, ნახევრად დაჩრდილული სახეებითა და მაცდუნებელი თვალებით, გეომეტრიული ფიგურების ფონზე თანამედროვე გრაფიკული დიზაინის საზღვრები გაარღვიეს. ჰისამაროს ერთ-ერთი ნამუშევარი აერთიანებს ილუსტრაციას და ფოტოგრაფიას, წარმოადგენს თანამედროვე ქალს, რომელიც თავდაჯერებულად უყურებს ნიჰონბაშის ხიდს და მიცუკოშის მაღაზიას.
ქალის გრაფიკა ( 1924) Takehisa Yumeji (ილუსტრატორი), ფერადი ოფსეტი
საზოგადოებაში წიგნიერების მაღალმა მაჩვენებელმა და უახლესი ინფორმაციისადმი მოთხოვნილებამ მრავალი ფართო სპექტრის პერიოდული ჟურნალების დაარსება გამოიწვია. ჟურნალები გრაფიკული დიზაინერების, ილუსტრატორებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებდა და ხელოვნებისა და სოციალური ტენდენციების წინა პლანზე გადმოწევას ემსახურებოდა. ქალთა გაზეთები და ჟურნალები ძალიან პოპულარული იყო, მათ ხელი შეუწყვეს ინდივიდუალური აზროვნების განვითარებას და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თანამედროვე იაპონური სახელმწიფოს მშენებლობაში.
ქალის გრაფიკა (Fujin Gurafu) (1924) Takehisa Yumeji (ილუსტრატორი), ფერადი ოფსეტი
კოკუსაი ჯოჰაი ჟურნალ Fujin Gurafu-ს 1924 წლიდან 1928 წლამდე ლეგენდარული ფრანგული ჟურნალის, Art-Goût-Beauté-ის გავლენით გამოსცემდა. ჟურნალი მიმოიხილავდა საერთაშორისო სიახლეებს, თანამედროვე იდეებს, სილამაზეს, დიასახლისობასა და ცხოვრების წესს. ჟურნალი ძირითადად შავ-თეთრი იყო, მაგრამ მასში წამყვანი მხატვრების ფერადი ილუსტრაციები იბეჭდებოდა. მათ შორის იყო Takehisa Yumeji, რომლის თითოეულ ილუსტრაციას მკითხველი მოუთმენლად ელოდა.
ბავშვების მამული (1931) Okamoto Kiichi (ილუსტრატორი), ფერადი ოფსეტი, ლითოგრაფია
ედოს პერიოდში (1600–1868) შოგუნატის მიერ მართულ სკოლებში განათლების დონემ 50%-ს მიაღწია. განვითარდა მსხვილი საგამომცემლო ინდუსტრია, რომელიც ხეზე მუშაობის ტრადიციულ მეთოდებს მისდევდა. 1900 წლიდან იაპონიაში განათლება უფასო და ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდა, რამაც წიგნიერების დონე 90%-ით გაზარდა და ქვეყნის მოდერნიზაციას ხელი შეუწყო.
ბავშვების მამული (1928) Takei Takeo (ილუსტრატორი), ფერადი ოფსეტი.
Kodomo no kuni ტაისიოს პერიოდში (1912–26) დაარსდა. ამ დროს პედაგოგები მხარს უჭერდნენ ბავშვის ინდივიდუალიზმს, ჟურნალი კი ბავშვების გონებრივ განვითარებას ეხებოდა. იაპონელი მხატვრები ექსპერიმენტებს მოდერნულ სტილში ახორციელებდნენ, Kodomo no kuni კი იყო პლატფორმა, სადაც მათ ყველაზე ამბიციური ნამუშევრების წარდგენა შეეძლოთ.
ყოველკვირეული ჟურნალი Asahi (1939), ფერადი ოფსეტი
1922 წელს დაარსებული იაპონიის უძველესი ყოველკვირეული ჟურნალი ყველა ასაკობრივი კატეგორიის მკითხველის გულს იპყრობდა. იმ გამოცემების ფასი, რომლებიც 1934 და 1939 წლებს შორის იბეჭდებოდა, 15-დან 30 სენამდე მერყეობდა (დაახლოებით 410 იენი ან 5,50 $).
ყოველკვირეული ჟურნალი Asahi, ფერადი ლითოგრაფია
ყდაზე გამოსახული ახალგაზრდა, თავდაჯერებული ქალები წარმოჩენდნენ იმ პერიოდის თანამედროვე მოდის ტენდენციებს. ჟურნალი შეიცავდა ინფორმაციას სეზონური საქმიანობების შესახებ (ზაფხულში ცურვა, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ლაშქრობა და გარე საქმიანობა, ზამთარში სათხილამურო და საახალწლო ზეიმები).
ყოველკვირეული ჟურნალი Asahi, ფერადი ოფსეტური ლითოგრაფია
გამოცემა მოიცავდა სტატიებსა და სურათებს მოგზაურობის, ფილმების, ცნობილი სახეების, ხელოვნების, მუსიკის, სპორტისა და სამზარეულოს შესახებ.
ორიგინალი: https://www.theguardian.com/