fbpx

კინორეკომენდაციები ნუცა კუხიანიძისგან


გააზიარე სტატია

ამ აპოკალიპსისმაგვარ ჟამს არც კინოს დრო არის და არც განწყობა, თუმცა ის მაინც ჩვენი ნაწილია და მის გარეშე თითქოს შეუძლებელია არსებობა, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში.

მართლა აპოკალიპსი თუ დადგა, მისი თავიც აღარ გვექნება. ისიც გაქრება ჩვენთან ერთად და ჩვენზე გაბრაზებული სამყარო მასაც ისევე დაივიწყებს, როგორც ჩვენ. 

მაგრამ, სანამ აქ ვართ და სანამ გადაფასების დრო გვაქვს, რამდენიმე ფილმი გამახსენდა.

 

ვფიქრობდი ფილმებზე, რომლებიც ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე ჩემთვის შთამბეჭდავი იყო, რომლებმაც რაღაცა სახის გარდატეხა მოახდინა ჩემში.

გამახსენდა ფილმები, რომლებსაც საოცარი ოსტატობით ან სილამაზით გამოვარჩევდი და ფილმები, რომლებიც განსაკუთრებულ გრძნობებს მიღვივებენ. 

ვფიქრობდი, როგორ ამომერჩია, რომლები მერჩია თქვენთვის, “დამნაშავე” ადამიანებისთვის, და შევჩერდი ამ რამდენიმეზე, იმიტომ რომ მათში მთავარი ადამიანია, თქვენნაირი, ჩემნაირი. ის ვიღაც გმირი…

და დღეს როდესაც ჩვენ, ადამიანები, საკუთარ თავს ვადანაშაულებთ იმაში, რაც ხდება, როდესაც ყველაზე დიდი სასჯელი აღმოჩნდა ერთმანეთის სუნთქვის და ერთმანეთთან შეხების შიში, მინდა კინო დავიხმარო და გავიხსენო, როგორი საოცარი არსება არის ადამიანი და რამხელა სიყვარული შეუძლია მას.

 

THE KID

პირველი და ყოველთვის პირველი იქნება ჩარლი, ფილმი THE KID. პატარა, უშნო, ღარიბი, მოხეტიალე, მარად სევდიანი უდიდესი სიკეთის გამო. ალბათ ადამიანის ყველაზე დიდი გენია სწორედ ამ სიკეთის გაცემის უნარია.

 

ALL THAT JAZZ

ამერიკულ კინოზე გამახსენდა Bob Fosses-ის ავტობიოგრაფიული მიუზიკლი ALL THAT JAZZ. სიკვდილთან შეგუების ხუთი სტადია: სიბრაზე, უარყოფა, ვაჭრობა, დეპრესია, მიღება. 

ეს გენიალური პერსონაჟი აქ, ამ სტადიების ყოველ ეტაპზე, სიცოცხლის უდიდეს სიყვარულს გვიჩვენებს. გრჩება განცდა, რომ რა მშვენიერია სიცოცხლე და ასევე მშვენიერი იქნება სიკვდილიც. 

 

HAROLD AND MAUDE

სიცოცხლის სიყვარული ყველაზე საყვარლად შეეძლო მოდს, ამერიკელი რეჟისორის, Hal Ashby-ს HAROLD AND MAUDE-ში.

70-იანი წლების შავ კომედიაში 80 წლის მოდი 18 წლის დეპრესიულ ჰეროლდს აყვარებს ცხოვრებას და ამას ისე ფაქიზად, ისე გულწრფელად აკეთებს, რომ ყველანაირი ასაკი, უთანხმოება, განსხვავებები ქრება. რჩება მხოლოდ ეს საოცარი სამყარო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულს იმსახურებს ჩვენგან.

 

MINNIE AND MOSKOWITZ

მაგრამ ჩემთვის ყველაზე გამორჩეული შეყვარებულები მაინც MINNIE AND MOSKOWITZ-ის პერსონაჟები არიან John Cassavettes-ის ფილმიდან. განსაკუთრებით მოსკოვიცი. მის სიყვარულს არა აქვს ბარიერები, ის უშიშარია, უკომპრომისო, მას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება, ის არის უტყუარი, ისეთი, როგორიც ნამდვილი სიყვარულისას წარმომიდგენია, ყოველთვის აბსოლუტურად თავისუფალი.

თავისუფლებაზე პირველი მახსენდება მაკმერფი, MILOS FORMAN-ის ONE FLEW OVER THE CUCKOS’S NEST-დან. ალბათ ეს გმირი ერთ-ერთი მთავარი გმირია კინოს სამყაროში და ადამიანის ცნობიერშიც. გმირების გმირი. ალბათ მისნაირები არიან ისინი, ვის გამოც სიცოცხლე გრძელდება, რადგან მისი თავისუფლება გადამდები ხდება და გარშემო ყველაფერს ცვლის.

 

THE NEW WORLD

ჩემთვის ქალის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახე არის Terrence Malik-ის THE NEW WORLD-ში. ეს არის პოკაჰონტასის ისტორია, რომელიც ინდიელი პრინცესა იყო. უფრო ეს მისი სიყვარულის უნარის ისტორიაა, რადგან ის თავის სიყვარულზე მაღლა საერთო მცნებას აყენებს. ალბათ ეს ყველაზე ძნელი აქტია და ამიტომაც ყველაზე ნამდვილი და სუფთა. 

BREAKING THE WAVES

და რა თქმა უნდა Lars von Trier-is ბესი, ფილმიდან BREAKING THE WAVES. ის პირდაპირ თავის თავს წირავს სიყვარულისთვის. მის წინაშე თვით ღმერთიც კი ქედს იხრის.

 

FANNY AND ALEXANDER

Ingmar Bergman-ის FANNY AND ALEXANDER. აქ ერთ პერსონაჟს ვერ გამოვარჩევ, ამ ფილმში მათი დიდი ჯარია. აქ თითქოს ყველა ამაღლებულია თავისი კეთილშობილებით, მისტიკის დონემდეც კი. ეს ფილმი  ჩემში ყოველთვის საოცარი მიტევების და დიდსულოვნების განცდას აღვიძებს. ეს ჩემი ალბათ ყველაზე საყვარელი ფილმია.

 

WINGS OF DESIRE

და ბოლოს, Wim Wenders-ის WINGS OF DESIRE. როდესაც ანგელოზსაც კი უნდა, რომ ადამიანი გახდეს, გაფიქრებს, რომ ალბათ ღმერთმა მართლაც განსაკუთრებული უნარი მოგვცა, უნარი, რომ შეგვეძლოს სიყვარული.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.