fbpx

4 სტრატეგია, რომელიც თქვენს ბიზნესს კორონავირუსის კრიზისიდან აღდგენაში დაეხმარება


გააზიარე სტატია

ავტორი: გრეგ შვარცი

 

კორონავირუსული პანდემია გლობალურ ეკონომიკაზე  ახდენს გავლენას. ვირუსმა საჰაერო მიმოსვლას მძიმე დარტყმა მიაყენა, გაუქმდა სპორტული ლიგები და დიდი ღონისძიებები, ქვეყნები მოგზაურობის შეზღუდვებს აწესებენ, რათა მათ საზღვრებში ვირუსმა ვერ შეაღწიოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები და საავადმყოფოები კი უარესის მოლოდინში არიან. 

კრიზისის დროს რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე და ოპტიმისტური განწყობა. საბედნიეროდ, მეწარმეებისა და ბიზნესის ლიდერებისთვის წნეხის ქვეშ მშვიდად ყოფნა მათი სამუშაოს ნაწილია.

სწორედ ამ პერიოდში  პროაქტიული ნაბიჯების გადადგმით, თქვენ შეძლებთ საკუთარი ბიზნესი უფრო უსაფრთხო პოზიციაში გადაიყვანოთ,  რათა სიძლიერე შეინარჩუნოთ და კრიზისის ჩაწყნარების შემდეგ, სწრაფად გამოხვიდეთ მდგომარეობიდან. სინამდვილეში, ჩინეთი, ქვეყანა, სადაც ვირუსი პირველად გაჩნდა, უკვე აჩვენებს ეკონომიკური აღდგენის ნიშნებს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ძირითად სტრატეგიასა და ინფორმაციას, რომელიც თქვენს ბიზნესს კრიზისული პერიოდის გადალახვაში დაეხმარება.

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კორონავირუსი მომხმარებლებზე

იმის მიხედვით, თუ რომელ ინდუსტრიაში ხართ, თქვენს მომხმარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი კონკრეტული ტკივილის წერტილები. სტრატეგიულად იფიქრეთ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს პანდემია თქვენს მომხმარებლებზე, რაზე ფიქრი არ აძინებთ ღამით და როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ. ამის შემდეგ გაყიდვებსა და მარკეტინგზე შეგიძლიათ დაფიქრდეთ –  შეიმუშავეთ სტრატეგია, როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემები და გამოწვევები. მაგალითად, თქვენი მომხმარებლები…

  • დარდობენ მიწოდების ქსელის შეფერხებებზე?
  • დარდობენ როგორ უნდა მართონ თანამშრომლები ისეთ გარემოში, სადაც ყველას სახლიდან მუშაობა სჭირდება?
  • დარდობენ მოგზაურობის შეზღუდვებზე?
  • ებრძვიან საერთო ბაზრის გაურკვევლობასა და მოთხოვნის შემცირებას?
  • დაინტერესებულები არიან როგორ მართონ ფულადი სახსრები?
  • ძირითადი ინვენტარის ან მარაგების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან სხვა მომხმარებლებმა პანიკურად შეიძინეს პროდუქტები?

ყველა ეს ბიზნესგამოწვევა შეიძლება გამწვავდეს ისეთი კრიზისით, როგორიც კორონავირუსია. თქვენი, როგორც ბიზნესის მფლობელის, ძირითადი ამოცანაა გაერკვეთ, როგორ უნდა მოახდინოთ პროდუქციისა და სერვისების ხელახლა პოზიციონირება ისე, რომ დაეხმაროთ და მოაგვაროთ ის ძირითადი პრობლემები, რის წინაშეც ახლა მომხმარებლები დგანან. 

მაგალითად, თუ თქვენ ყიდით ვიდეოკონფერენციების სერვისს, ეს იდეალური შესაძლებლობაა, რომ მომხმარებლებს დამატებითი დახმარება და კონსულტაცია შესთავაზოთ, რათა გაარკვიონ,  როგორ უნდა მოერგონ დისტანციურ სამუშაოებს. იმ შემთხვევაში, თუ  ლოჯისტიკური ბიზნესი გაქვთ, კარგი დროა, რომ თქვენს მომხმარებლებს შესაძლო გადაწყვეტილებები წარუდგინოთ უახლესი პრობლემების მართვის შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიო მიწოდების ქსელზე.

 

მოიზიდეთ გაყიდვების ახალი არხები

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები იკეტება, ადამიანებს კვლავ ენდომებათ რაღაცების ყიდვა, ეს კი ქმნის შესაძლებლობას, თქვენი მომსახურება ალტერნატიული გაყიდვების არხებზე წარადგინოთ. მაგალითად, თუ კორონავირუსი თქვენს საცალო ვაჭრობაზე მოახდენს გავლენას, მაშინ ელექტრონული კომერციის შეთავაზებები გაზარდეთ. ჩინეთის რესტორნებში ხალხის ნაკადმა იკლო, შესაბამისად ისინი  წასაღები კერძების გაყიდვაზე გადავიდნენ. 

შეგიძლიათ თუ არა თქვენი ონლაინ-მარკეტინგული ძალისხმევისა და ელექტრონული კომერციით გაყიდვების გაზრდა? შეგიძლიათ თუ არა სოციალურ მედიასა და LinkedIn-ზე უფრო მეტი ისაუბროთ, პერსონალური გაყიდვების შეხვედრების ნაცვლად?

ბევრი B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) კომპანია ამისთვის უკვე მზადაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პროგრამულ ან სხვა ციფრულ სერვისებს ყიდიან. ბიზნესკომპანიები კვლავ განაგრძნობენ არსებობას, მაგრამ უმეტესი მათგანისთვის ონლაინზე გადასვლაა საჭირო.

 

იმუშავეთ გრძელვადიან ინვესტიციებზე თქვენს ბიზნესში

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ B2B-ს გაყიდვებზე მუშაობთ, კორონავირუსი შეიძლება გახდეს გარკვეული გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა. თუ თქვენ ნელი ტემპით განიცდით რეგრესს, ეს შესანიშნავი დროა, ხელახლა შეაფასოთ კომპანიის ოპერაციები, პლატფორმები და პროცესები, რათა გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა შექმნათ.  

ეს უპრეცედენტო სიტუაცია აშკარად იწვევს უამრავი ფრენის ჯავშნების, კონცერტების ბილეთებისა და საქმიანი კონფერენციების გაუქმებას, მაგრამ B2B გაყიდვები ასე არ დაზარალდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კრიზისი უფრო დიდხანს გასტანს და კომპანიები იძულებულები გახდებიან, შეამცირონ ხარჯები და ინვესტიციები. გააგრძელეთ თქვენი ბიზნესის წარმართვა გრძელი ხედვით, იმ შემთხვევაშიც, თუ მოკლევადიანი სიტუაციები გიჟურად, გაურკვევლად და არასაიმედოდ გამოიყურება.

 

მზად იყავით დაუკმაყოფილებელი მოთხოვნისთვის

ჩინური ბიზნესკომპანიების კიდევ ერთი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ პოსტ-კორონავირუსული ეკონომიკური აღდგენა შეიძლება უფრო სწრაფი აღმოჩნდეს, ვიდრე ველოდებით. თუ დღეს ხარჯებს შეამცირებთ, პოსტ-კრიზისული აღდგენისას შესაძლოა პოზიციონირებული არ იყოთ კაპიტალიზაციისთვის. 

ყველამ უნდა მიიღოს სიფრთხილის ზომები, რათა ვირუსის გავრცელება შევამციროთ. კომპანიებს დღეს შეუძლიათ რამდენიმე კარგი ნაბიჯის გადადგმა, რათა ხვალ უფრო დიდი წარმატებისთვის იყვნენ პოზიციონირებულნი. გამოწვევები და კრიზისი ყოვევლთვის არსებობს, მაგრამ ჩვენ ადაპტირება და მისი დაძლევა შეგვიძლია. 

 

ორიგინალი: https://www.entrepreneur.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.