fbpx

მამაკაცების სილამაზის კონკურსი საჰარას უდაბნოში


გააზიარე სტატია



საჰარას უდაბნოში სილამაზის კონკურსის სტანდარტები და კრიტერიუმები ჩვენი ტიპური სილამაზის კონკურსებისგან  არ განსხვავდება, მაგრამ ნიგერიის ერთ-ერთ ტომში ბიჭების სილამაზეს გოგოები აფასებენ.

ის ფაქტი, რომ მარტო ქალები უვლიან თავს, მხოლოდ და მხოლოდ  მოძველებული კლიშეა. ნახეთ, რამხელა დროს, ენერგიასა და ფულს ხარჯავენ მამაკაცები კონკურსისთვის მოსამზადებლად.

მათი კოსტიუმების შექმნას ერთი წელი სჭირდება. კოსტიუმები ფერადი ნაქარგებითა და ბრწყინვალე, თვალშისაცემი აქსესუარებით არის გაფორმებული. ყვითელ ოხრასა და რუხ საღებავს სახის კონტურების გამოსაკვეთად და გასაფორმებლად იყენებენ.

ბოლოს,  მომზადების შემდეგ, თეატრალური წარმოდგენა იწყება. კონკურსანტები იწყებენ ცეკვასა და სიმღერას უდაბნოს მზის ქვეშ, რათა ჟიურის წევრ ქალებზე შთაბეჭდილება მოახდინონ.


ქალები არჩევენ ყველაზე ლამაზ სახეს, ყველაზე მაღალსა და დახვეწილ აღნაგობას, ყველაზე მბრწყინავ თვალებსა და დაუვიწყარ, თეთრ ღიმილს.

ამბობენ, რომ Wodaabe-ის ტომი ყველაზე მეტად სილამაზეს, ოჯახსა და პირუტყვს აფასებს. ეს ძალიან ერთგული ხალხი, ძირითადად, მეცხოველეობას მისდევს.

Wodaabe-ის ტომი განთქმულია სილამაზით – ქალებიც და კაცებიც მაღლები და გამხდრები არიან, აქვთ გრძელი, სწორი ცხვირი, ლამაზი ნაკვთები, თხელი ტუჩები და უზადო კანი.



სექტემბრის წვიმიანი სეზონის ბოლოს, ყოველწლიური მიგრაციის დაწყებამდე, მომთაბარე ტომები თავიანთ პირუტყვთან ერთად უდაბნოში სილამაზის კონკურსისთვის იკრიბებიან. Gerewol-ის სახელით ცნობილი ერთკვირიანი კულტურული ცერემონია აერთიანებს ტომის შეკრებებს, აქლემებით რბოლას, ცეკვას, სიმღერას და რაც მთავარია, ამ დროს  ტომის საუკეთესო კაცებს შორის სილამაზის კონკურსი იმართება.

Wodaabe-ის ტომის ქალები, რომლებიც დასავლეთ აფრიკაში თავიანთი საოცარი სტილით არიან განთქმულნი, შორიდან მორიდებით აკვირდებიან და აფასებენ, არჩევენ საუკეთესო მონაწილეს,  რომელმაც მომავალ წლამდე მისტერ Wodaabe-ის ტიტული უნდა ატაროს.

ისევე, როგორც მის მსოფლიოს კონკურსანტები, რომლებიც თავიანთი ბრწყინვალე ღიმილისა და მოციმციმე თვალების წარმოჩენას ცდილობენ, ასევე ცდილობენ Wodaabe-ის მამაკაცებიც  – ხაზი გაუსვან თავიანთ ლამაზ ნაკვთებს. ამასთან, ცნობილია ისიც, რომჟიურის წევრი ქალების წინაშე საჰარას მზეზე საათობით დგომისას კონკურსანტები ხშირად სპეციალურ კოქტეილს სვამენ, რომელსაც ჰალუცინოგენური ეფექტი აქვს.


ტრადიციული Yaake-ს ცეკვისას მამაკაცები გრაციისა და ელეგანტურობის მიხედვით ფასდებიან, რაც არც ისე ადვილია, როცა ნასვამი ხარ.



კონკურსანტები სილამაზის კონკურსს  ძალიან სერიოზულად ეკიდებიან და დიდი მონდომებით ცდილობენ, რომ ჟიურის წევრებზე შთაბეჭდილება მოახდინონ. ზოგიერთი მამაკაცი იმდენად კარგად ფლობს მაკიაჟის ტექნიკას, რომ ზოგჯერ მათი განსხვავება ქალებისგან ძალიან ძნელია.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ფოტოზე ვუყურებდი მშვენიერ ქალს, თუმცა ფოტოგრაფმა Steve McCurry-მ  საკუთარ ბლოგზე ფოტო შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა – “ახალგაზრდა მამაკაცი Wodaabe-ის ტომიდან”.



2001 წელს მეტე ბოვინი თავის წიგნში “Nomads Who Cultivate Beauty” არსებულ სტერეოტიპებს დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ ამ ტომის მამაკაცებს ხშირად უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს ჰომოსექსუალიზმსა და ტრანსვესტიტობაში.   სინამდვილეში, კონკურსანტები ამ კონკურსში გოგოების მოსახიბლად მონაწილეობენ, რამდენადაც ფესტივალი მაჭანკლობასა და არშიყობას ეძღვნება.

ალბათ ამის ცოდნის გარეშეც შეიძლება ითქვას, რომ ეს ტომი, რომლის რელიგიაც უმეტესად ისლამია, სილამაზის გენდერული სტანდარტების გამოწვევას იღებს.

“Wodaabe” მათ მშობლიურ ენაზე “ტაბუების ხალხს” ნიშნავს.

ორიგინალი: https://www.messynessychic.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.