Art of the Poster – მინეაპოლისის კოლეჯმა “ოქროს ხანის” პოსტერების არქივი გამოაქვეყნა
ინტერნეტში ყოველდღიურად მატულობს იმ ონლაინ-არქივების რაოდენობა, რომლებსაც კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროებში მომუშავე ორგანიზაციები, მუზეუმები თუ ფონდები ხელმისაწვდომს ხდიან საზოგადოებისათვის. გაციფრულებული უნიკალური ფოტო-ვიდეომასალა, წიგნები, სახელმძღვანელოები შემეცნებისა და თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
მინეაპოლისის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯმა გლობალურ საგანმანათლებლო ონლაინ-სივრცეს კიდევ ერთი საინტერესო არქივი შემატა. საუბარია პროექტზე „Art of the Poster“, სადაც თავმოყრილია 1880-1918 წლებში, ე.წ. „ოქროს საუკუნეში“ შექმნილი პოსტერები. მათ მხატვრული და ისტორიული მნიშვნელობა აქვთ, რადგან გრაფიკული დიზაინის პირველ ნიმუშებადაა მიჩნეული.
Théophile Alexandre Steinlen, 1896
პროექტი „Art of the Poster 1880-1918“ 200-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც ლითოგრაფიული მეთოდითაა დამზადებული და იმ ეპოქისთვის სრულიად ახალი მეთოდებია გამოყენებული. თუ მანამდე ლითოგრაფიული ბეჭდვისას ქვა გამოიყენებოდა, ისეთმა არტისტებმა, როგორებიც იყვნენ ალფონს მარია მუჰა, ჟიულ შერე და ანრი ტულუზ-ლოტრეკი, ქვა თუთიის ფირფიტებით ჩაანაცვლეს, რაც ბეჭდვის ხარჯების შემცირებასა და ქაღალდზე სწრაფი ბეჭდვის საშუალებას იძლეოდა.
Alphonse Mucha, 1897
Henri de Toulouse-Lautrec, 1893
Leonetto Cappiello, 1906
მინეაპოლისის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯის წარმომადგენელთა თქმით, ამ პერიოდში შექმნილმა პლაკატებმა არა მარტო მნიშვნელოვნად განავითარეს გრაფიკული დიზაინის სფერო, არამედ მიმდინარეობა ხელოვნების ფორმად აქციეს.
Jules Chéret, 1893
Jules Chéret, 1889
Henri Meunier, 1897
Frederick Charles Herrick. 1920
“ამ პოსტერების უმეტესობა რესტორნების, სხვადასხვა გასართობი სანახაობების, ალკოჰოლისა და თამბაქოს რეკლამისთვის იქმნებოდა, მიუხედავად ამისა, დღეს შედევრებადაა აღიარებული. მათი ავტორები „მაღალი ხელოვნების“ თაყვანისმცემელთა წრეებში იყვნენ პოპულარულნი, თუმცა, პოსტერების მეშვეობით, ისინი უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო, მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც მუზეუმებსა თუ გალერეებში არასოდეს დადიოდნენ“, – ამბობენ არქივის შემქმნელები.
პოსტერების ნახვა და გადმოწერა შესაძლებელია პროექტის ბმულზე: „Art of the Poster 1880-1918“.