fbpx

რამდენი კვირა შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის ციკლი? – Jerusalem Post


გააზიარე სტატია


ავტორი:  რენ ნეიმროდი

 

უკვე ოთხი თვეა, რაც COVID-19 მსოფლიოში გავრცელდა. ვირუსმა, რომელმაც დიდი გლობალური შეფერხებები გამოიწვია ჯანდაცვაში, ეკონომიკასა და საზოგადოებაში, მსოფლიოში მასობრივი პანიკა დანერგა. ახლა, რამდენიმე თვის შემდეგ, მჯერა, რომ ციფრები რეალურ საფუძველს ქმნის ოპტიმიზმისთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შტორმი.

იმის მიუხედავად, რომ ათწლეულების განმავლობაში სამედიცინო აღჭურვილობის ბიზნესში ვარ ჩართული, მე არ ვარ ბიოლოგიის, იმუნოლოგიის, მიკროორგანიზმების ან ინფექციური დაავადებების ექსპერტი.  თუმცა, რიცხვებს ბუნებრივი ფენომენების ახსნა შეუძლია, თუნდაც ისეთ ადგილებში, სადაც შესაბამის მეცნიერებას ეს არ ძალუძს. დაავადების შესახებ სტატისტიკის რამდენიმე წყაროს, მისი გავრცელების სიჩქარის, ახალი შემთხვევების სიჩქარის, სიკვდილიანობის მაჩვენებლებისა და სხვა მონაცემების გამოკვლევის შემდეგ გაჩნდა გარკვეული ნიმუში.  

ადამიანების უმეტესობა ორიენტირებულია მთელ მსოფლიოში პაციენტთა, ახალი პაციენტებისა და გარდაცვალების საერთო რაოდენობაზე. ეს რიცხვები მომაკვდინებელი ტემპით აღმავალია, გრაფიკების დათვალიერების შემდეგ კი გვაქვს გრძნობა, რომ მსოფლიო დასასრულისკენ მიდის. თუმცა, თითოეული ქვეყნის სპეციფიკური მონაცემების ცალ-ცალკე განხილვა სხვა რამეს გვიჩვენებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადრეული დაკვირვებაა, როგორც ჩანს, ამ დაავადებას აქვს კლასიკური “გაუსური მრუდის” (Gaussian bell-curve shape) პერიოდულობა. გრაფიკის ორივე კუდის უგულებელყოფით, ის მიუთითებს, რომ ამ ვირუსის ციკლი დაახლოებით ექვსიდან რვა კვირამდეა, მისი პიკი დაახლოებით ორიდან ოთხ კვირაში ჩნდება – არა პირველი დაფიქსირებული შემთხვევიდან, არამედ იმ დროიდან, როდესაც ინციდენტები მნიშვნელოვანი ტემპით იწყებს ზრდას.

 

ჩინეთში დაავადების 80 000 შემთხვევიდან თითქმის 85% გამოჩნდა ჰუბეიში,  პროვინციაში, რომელშიც 58,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ის დაახლოებით რომელიმე დიდი ევროპული ქვეყნის (იტალია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი ან გერმანია) ზომისაა. ავადობის პირველი შემთხვევები ჩინეთში ნოემბრის ბოლოს გამოჩნდა, მაგრამ ყოველდღიურად ასობით შემთხვევების დაფიქსირება დაახლოებით 20 იანვრიდან დაიწყო. თებერვლის შუა რიცხვებში ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს აღწევდა. თუმცა, 6 მარტისთვის ისევ ყოველდღიურად ასობით შემთხვევამდე დაეცა და ეს მაჩვენებელი მას შემდეგ მუდმივად მცირდება. შვიდი კვირის განმავლობაში ეპიდემია გაჩნდა, პიკს მიაღწია და თითქმის მთლიანად ჩაეხშო.

ჩინეთის ციფრებში ბევრს ეჭვი ეპარება და ფიქრობენ, რომ ჩინელებმა განახორციელეს ექსტრემალური კარანტინი, რომელიც სხვაგან ვერ შესრულდება. მაგრამ, მოდით, შევხედოთ კორეის რესპუბლიკას. 

სამხრეთ კორეამ მასშტაბური კარანტინის ნაცვლად ფართომასშტაბიანი ტესტირების სტრატეგია განახორციელა. 20 თებერვლიდან დაიწყო ყოველდღიურად ათობით შემთხვევის დაფიქსირება. 3 მარტისთვის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა დაახლოებით 850 ახალ შემთხვევას მიაღწია. მას შემდეგ იგი იკლებს და 15 მარტისთვის იგი სტაბილიზირდა დღეში 100-ზე ნაკლებ შემთხვევაზე (მხოლოდ ორი გამონაკლისით). არსებითად, ხუთი კვირის განმავლობაში კორეაში ეპიდემიის მნიშვნელოვანი დონე შემცირდა და მიაღწია ისეთ ყოველდღიურ მაჩვენებელს, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს. 

იაპონიაში, 20 თებერვლისთვის, ყოველდღიურად დაახლოებით 10 შემთხვევა ფიქსირდებოდა, სამი კვირის შემდეგ, 15-16 მარტისთვის, ეს მაჩვენებელი 50-ზე ავიდა, ხოლო შემდეგ კი კლება დაიწყო და 20-მდე ჩამოვიდა ბოლო ორი დღის განმავლობაში. იაპონია, მიუხედავად მცირე შემთხვევებისა, გაუსის მრუდის წესს მიჰყვება და დაავადების დაწყებიდან დაახლოებით ხუთი კვირის შემდეგ, მისი გავრცელების სიჩქარე მცირდება.

 

ირანიდან ჩამოტანილი მონაცემები საეჭვოა, მაგრამ იმის გამო, რომ  ბევრი არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც დაავადება 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მატერიალიზდა, მისი რიცხვების შემოწმება მაინც ღირს. 27 თებერვალს ირანში პირველად დაფიქსირდა დაახლოებით 100 შემთხვევა. პიკი დღე 14 მარტი იყო, 1365 ინფიცირებულით. ეს თითქმის სამი კვირის შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების მერე მოხდა. მას შემდეგ ყოველდღიური ავადობის მაჩვენებელი მზარდი აღარ არის და ივარაუდება, რომ მან პიკს მიაღწია და ყოველდღიურად დაახლოებით 1000 ახალ შემთხვევამდე შემცირდა.

მონაცემები სხვადასხვა შეზღუდვას განიცდის. საკმარისი მონაცემების ნაკლებობაა, ზოგიერთი მონაცემი არასანდოა, პერსპექტივა ძალიან მოკლე და სხვა. და მაინც, როგორც ჩანს, არსებობს მოდელი, რომელიც მეორდება თითოეულ ქვეყანაში, სადაც დაავადება ჩნდება. ამჟამინდელი მონაცემებით ვლინდება, რომ კორონავირუსს აქვს პიკის ციკლი დაწყებიდან ორიდან ოთხ კვირაში და კულმინაცია შვიდიდან რვა კვირის შემდეგაა. ეს ფენომენი ნამდვილად აღსანიშნავია. თუ ეს ზუსტია, იგი უზრუნველყოფს ანალიზის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

ევროპაში ვირუსი პირველად იტალიაში მოხვდა. 22 თებერვალს გამოჩნდა 50-ზე მეტი ახალი შემთხვევა. მას შემდეგ, ყოველდღიურად, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდებოდა და 21 მარტს პიკს მიაღწია, ყოველდღე დაახლოებით 6500 ახალი შემთხვევით. 22 მარტი პირველი დღე იყო, როდესაც ციფრებმა ვარდნა დაიწყო (5560), ეს მიგვითითებს, რომ პიკი იყო 21 მარტი და იტალიის ციკლი დაახლოებით 28 დღისგან შედგება.

 მეორე ქვეყანა  საფრანგეთია, 29 თებერვალს 43 შემთხვევით, რის შემდეგაც ყოველდღიურმა მაჩვენებელმა ზრდა დაიწყო და 19 მარტს თითქმის 1900-ს მიაღწია, მას შემდეგ კი ამ რიცხვის გარშემო სტაბილიზდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საფრანგეთმა პიკს მიაღწია 20 დღის განმავლობაში.

კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ამ მოდელის მხარდამჭერ მონაცემებს უზრუნველყოფს, გერმანიაა. სადაც პირველი მონაცემები 3 მარტს დაფიქსირდა, ხოლო 20 მარტს შემთხვევებმა 4500-ს მიაღწია (17 დღის შემდეგ). პირველი ვარდნა 21 მარტს დაიწყო. მეტ-ნაკლებად იგივე შეიძლება შეინიშნოს ესპანეთში, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მოდელის საფუძველს წარმოადგენს მისი ადგილობრიობა, აშშ-ს ანალიზი უნდა ჩატარდეს არა სახელმწიფო, არამედ შტატების დონეზე. გარდა ამისა, აშშ-ს ანალიზი შეიძლება უფრო რთული იყოს შტატებს შორის მოსახლეობის ნაკადის დინების გამო.

რაც შეეხება ისრაელს, თუ ვივარაუდებთ, რომ დაავადება დიდი რიცხვებით პირველად 10 მარტს გამოჩნდა, პიკი აპრილის პირველ კვირას უნდა იყოს, შემდეგ კი დაიწყებს კლებას და აპრილის ბოლომდე დღეში რამდენიმე შემთხვევაზე დაეცემა. მიზანშეწონილია ვივარაუდოთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის მიერ განხორციელებულმა სხვადასხვა ზომებმა და პირობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტალღის სიგრძეზე. 

ამასთან, თუ მოდელი სწორად წარმოადგენს კოროვირუსის ციკლს, მაშინ ეს პანდემია, ამგვარი ზომების გათვალისწინებით, მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება თითოეულ ადგილზე.

და ბოლოს, შესაძლებელია გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავდეთ, რადგან გვირაბი არც ისე გრძელია.

 

ორიგინალი: https://www.jpost.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.