fbpx

ვისაც ყვავილები არ უყვარს, იმას არაფრის სიყვარული შეუძლია


გააზიარე სტატია

ავტორი: ქეთო შურღაია

სამყარო დაპატარავდა. მივეჩვიე კიდეც ამ მდგომარეობას. ვზივარ, ვწევარ, ფეხებს ვკეცავ და ვშლი, ხანდახან ვცეკვავ, ვფიქრობ წარსულზე და მომავალზე, აწმყო გაყინულივითაა.

სექტემბერში ჩემი საუკეთესო მეგობარი, სანდრო, იაპონიაში წავიდა ერთი წლით, მაშინ მე მაროკოში ვიყავი და კიდევ უფრო ადრე მომიწია მასთან დამშვიდობება. პირველი გამოცდილება იყო შორ მანძილზე ურთიერთობის. საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ვერაფრით ჩავდექით ურთიერთობის ჩვეულ რეჟიმში, არ ვიცი სასაათო სარტყლის თუ გაუცხოების გამო. პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, თუმცა, გარკვეული არასასურველი შეგრძნებები გააქრო. ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, ჩემი მეგობრები რომელ უბანში, ქალაქში თუ ქვეყანაში არიან. უსასრულო და სასრული მანძილები ერთნაირი გახდა და ახლა ყველა თანასწორადაა დატეული ჩემი ლეპტოპის ეკრანზე.

ერთი კვირის წინ ოთხმა მეგობარმა მშობლები, ბებიები და ბაბუები სახლებში იზოლირებულად დავტოვეთ და  საცხოვრებლად გადმოვედით ბაზალეთზე. დასტრესილ ქალაქს მოვშორდით. თითქმის ყოველ საღამოს ოჯახის წევრებსა და სხვა, კარების მიღმა გამოკეტილ მეგობრებს ველაპარაკებით. პარასკევ საღამოდ იქცა ყოველი შებინდება, „ზუმში შემოდი“ გახდა „ბარში გამოდი“ და შუშის ერთმანეთზე მიჭახუნების ხმა ლეპტოპის ვიდეოთვალზე სასმელის ჭიქის უხმო მიდებამ ჩაანაცვლა, მაგრამ ეს ვიღას უკვირს?!

თავი ფილმში მგონია, თუმცა, არა იმ ფანტასტიკაში, სადაც ვირუსი ერთიანად ანადგურებს ყველაფერს, არამედ ზანტ, მინიმალისტურ და უნარატივო ფილმში, სადაც ყოველი დღე და კადრი ერთმანეთს ჰგავს, შენ კი დაუსრულებლად ეძებ მათში რამეს, რითაც დღევანდელ დღეს გუშინდელისგან გამოარჩევ. 

ერთი სახლი ბევრ ისტორიას იტევს, ან ასე მინდა, რომ იყოს. ყოველდღე ოჯახის ახლობელი, რომელიც სკოლის მასწავლებელია, მოდის და თავის მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილებს უტარებს. მის სახლში აურზაურია, ამიტომ სიმშვიდეში მუშაობისთვის ჩვენს დიდ ოთახში, პატარა მაგიდასთან ჯდება. შესაბამისად, ჩვენი დილაც ბოლო ერთი კვირაა „ვეფხისტყაოსნის“ განხილვით იწყება. გუშინ მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსანი“ ჟურნალის გამოცემად აქციეს, თავიანთი ხელით დახატული გრაფიკული ილუსტრაციებით. ჩვენ  ჩუმად სამზარეულოდან ვუსმენდით გაკვეთილს და ჩემს მეგობარს, თეკლას, დაებადა იდეა, მოდი, “ვეფხისტყაოსანი” ცრუ სიახლედ, ე.წ. Fake News-ად გადავაკეთოთო. გუშინ დაგვეზარა, მაგრამ, ეჭვი მაქვს, მომავალ დღეებში მივუბრუნდებით მაგ საქმესაც.

შუადღისკენ ადგილობრივი ქალი შემოდის ეზოში ყვავილების მოსავლელად, თავის ძაღლ მიკისთან ერთად.  ერთ-ორ სიტყვას ვცვლით ხოლმე. იმ დღეს ვუთხარი, მიწიდან ამოგლეჯილი და წყალში ჩადებული ყვავილები არ მიყვარს-მეთქი. ცოტა ხანი მაჯით ბარს დაეყრდნო, თვალი გამისწორა და დამრიგებლური ტონით მითხრა: 

„ვისაც ყვავილები არ უყვარს, იმას არაფრის სიყვარული შეუძლია“. 

მას მერე აივანთან ერთ ხაზად ჩამწკრივებულ ნარცისებს ვუყურებ. რომ ჩამოვედით, იმ დღეს დარგო რამდენიმე ძირი და უკვე სანახევროდ გაიშალა კიდეც. ყოველ დილას უფრო აყვითლებული გვხვდება ზღურბლი. ეს ნარცისები ჩემი იზოლაციის დღეების ქვიშის საათად მექცა. ველოდები, ყველა როდის აყვავდება, რომ ჩემი ლეპტოპი ისევ ზურგჩანთაში შევინახო, კარი გავაღო, გარეთ გავიდე, ბარის კართან მდგომ ბევრ ხალხში ნაცნობი სახე დავინახო, ჭახუნის ხმა ისევ გავიგონო და მეგობრების შორ მანძილზე ყოფნა ძველებურად შევიგრძნო. 

 

28.03. 2020

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.