fbpx

დიდი სიცარიელე – მსოფლიოს ქალაქები ადამიანების გარეშე – New York Times


გააზიარე სტატია


ავტორი: მაიკლ კიმმელმენი

დღეს სხვა გლობალურმა უბედურებამ  შიში გადარჩენის აუცილებელ პირობად გარდაქმნა. მილანში, ნავილზე მდებარე კაფეები გისოსებშია ჩამალული, პიკის საათებში ტაიმს-სქვერი კი მოჩვენებების ქალაქად გადაიქცა, ისევე როგორც ლონდონი და კონკორდიის მოედანი პარიზში.


აქ ყველა ფოტო ერთ ამბავს მოგვითხრობს: ტაძარი ინდონეზიაში, ჰენედას აეროპორტი ტოკიოში, სასადილო ნიუ-ჯერსიში – სიცარიელე ვირუსის მსგავსად ყველგან გავრცელდა.

ახლახან The New York Times-მა ათეულობით ფოტოგრაფი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაგზავნა, რათა ოდესღაც ხმაურიანი საზოგადოებრივი მოედნები, სანაპიროები,  საგამოფენო დარბაზები, რესტორნები, კინო-თეატრები, “ტურისტული მექა” და რკინიგზის სადგურები აღებეჭდათ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, როგორც დღეს ჩვენ ისინი წარმოგვიდგენია, ძველი ბერძნული აგორადან იღებს დასაბამს. ჰომეროსთან სიტყვა “აგორა” აღნიშნავს “შეკრებას”. საბოლოოდ, იგი  წარმოადგენდა ქალაქის ცენტრში არსებულ კვადრატულ ან გაშლილ სივრცეს, რის გარეშეც ძველი ბერძნები ქალაქს არა ქალაქად, არამედ უბრალოდ საცხოვრებლებისა და სამლოცველოების კრებულად მიიჩნევდნენ.

ათასობით წლის შემდეგ საზოგადოებრივი მოედნები იქცნენ მაგნიტებად, იმ ადგილებად, სადაც სიამოვნების მისაღებად და დასამშვიდებლად, კოლექტიური მუხტის მისაღებად, რაღაცის აღსანიშნავად ან გასაპროტესტებლად მივისწრაფვით. ტიანანმენის, ტაჰირის, ტაქსიმისა და სხვა მოედნებზე მომხდარი აჯანყებების შემდეგ, საფრანგეთში გასულ წელს  “ყვითელი ჟილეტების” მოძრაობამ თავისი უკმაყოფილება პარიზის რესპუბლიკის და ოპერის მოედანზე გამოხატა, საპროტესტო ტალღამ  სწორედ საჯარო სივრცეები დაიკავა.

ეს ორივე მოედანი მე-19 საუკუნეში ბარონ ჟორჟ-ეჟენ ოსმანის გეგმის მიხედვით აშენდა. 1850 წელს, ჯანმრთელობის ახალი რეგულაციების მიღების შემდეგ,  დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად ძველი პარიზის რეკონსტრუქცია დაიწყო. 

ვირუსებითა და სხვა სტიქიური უბედურებებით გარემოცულმა მსოფლიოს ქალაქებმა ახალი ინფრასტრუქტურული გეგმა შეიმუშავეს, გაწერეს ზონირების წესები, რათა ქალაქში უზრუნველყოფილიყო სინათლისა და ჰაერის  სწორად გავრცელება, შეიქმნა საზოგადოებრივი ადგილები, შენობები და სხვა ობიექტები, მათ შორის ისინიც, რაც ფოტოებზეა ასახული.

მათმა ამჟამინდელმა სიცარიელემ, საზოგადოების ჯანმრთელობის აუცილებლობამ, შესაძლოა გამოიწვიოს დისტოპია და არა პროგრესი, მაგრამ იმედის მომცემია ის, რომ ექსპერტების რჩევების გათვალისწინებით და გვერდზე დადგომით,  ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს უნარი გავერთიანდეთ საერთო კეთილდღეობის გამო.

ეს ფოტოები მკაცრია და ამაღელვებელი, ისევე როგორც კადრები ფილმებიდან შავი ჭირისა და აპოკალიფსის შესახებ, მაგრამ გარკვეულწილად ისინი იმედის მომცემიცაა.

ისინი ასევე შეგვახსენებენ, რომ სილამაზე ადამიანის ჩართულობას მოითხოვს.

იმას არ ვამბობ, რომ დაცარიელებული შენობები და მოედნები, რკინიგზის სადგურები და ტაძრები ლამაზი არაა. ბევრი ამ ადგილთაგანი, ისევე როგორც ფოტოების უმრავლესობა, ხელოვნების ნიმუშია. ვგულისხმობ იმას, რომ ცარიელი შენობები, მოედნები და სანაპიროები არის ის, რასაც  ხელოვნების ისტორიის სახელმძღვანელოები, სასტუმროების რეკლამები, ბრჭყვიალა საცხოვრებლები, სამოგზაურო ჟურნალები ესწრაფვიან. 

მათი სიცარიელე გაჰყვირის არსებობაზე, რომელსაც ადამიანური ყოფა და ყოველდღიური ცხოვრების ხმაური სრულიად ჩამოსცილებია. ისინი თითქოს ადრეული მკვლევრების გამოცდილებას ასახავენ, რომლებიც დაკარგული ცივილიზაციის ნაშთებს შეეჯახნენ. 

ისინი აღძრავენ  ნანგრევების რომანტიკას.

სილამაზე  გულისხმობს სხვა რამეს. ეს არის ის, რასაც ჩვენი არსებობით ვსრულყოფთ.
ეს იქნება ჩვენი დაბრუნების მომენტი.

 



ორიგინალი: https://www.nytimes.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.