fbpx

ძალიან მარტივად: რას ნიშნავს ინფლაცია? — ფინანსური განათლება


გააზიარე სტატია

ინფლაცია ეკონომიკური ცნებაა და აღნიშნავს საბაზრო ფასების მკვეთრ მატებას პროდუქტზე, საქონელსა და ყველა სახის მომსახურებაზე, იმის პარალელურად, რომ იკლებს ფულის მსყიდველობით უნარიანობა. მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ინფლაცია ფულის, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას გულისხმობს. რაც უფრო მეტია ინფლაციის დონე, მით მეტი თანხაა საჭირო იმ პროდუქტების შესაძენად, რომელსაც ინფლაციის ზრდამდე უფრო ნაკლები ფულით ყიდულობდით.

მოდით, განვიხილოთ მაგალითი: 1967 წელს, როდესაც მაკდონალდსმა ბიგ მაკი პირველად გამოუშვა, მისი ფასი 45 ცენტი იყო, დღეს კი იგივე ბურგერი 4$ ღირს. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რატომ მოხდა ასე. ამაში “დამნაშავე” სწორედ ინფლაციაა.

რა იწვევს ინფლაციას?

ინფლაციის გამომწვევი მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. მაგალითად:

  • ქარხანა-საწარმოებში წარმოების ხარჯების მატება მუშა-ხელის საჭიროებით გამოწვეული რაოდენობის ზრდის გამო;
  • მოსავლიანობის ან/და წარმოების დაბალი მაჩვენებელი, რაც თავისთავად დეფიციტურს ხდის კონკრეტულ საქონელს და ბუნებრივია მისი ფასი იზრდება მოთხოვნის პარალელურად. ასეთ დროს დიდია განსხვავება ფასსა და ღირებულებას შორის. მაგალითისთვის, შესაძლოა 1 პური საშუალოდ 70-80 თეთრი ღირდეს, თუმცა, არასაკმარისი რაოდენობის არსებობის გამო მისმა ფასმა, 1 ან 2 ლარიც კი შეადგინოს. ამ დროს მომხმარებელი პროდუქტს რეალური ფასით კი არა, მისი ღირებულებით განსხაზღვრავს, ანუ რამდენად უღირს მას კონკრეტულ მომენტში 1 პური;
  • სხვადასხვა სახის კრიზისები, რომელიც იწვევს ეკონომიკური აქტივობის შემცირებას და ართულებს ბიზნეს საქმიანობას;
  • მთავრობის ფისკალური პოლიტიკა და გადასახადების ზრდა, მათ შორის აქციზის გადასახადის;
  • ფულის მასის ხელოვნური ზრდა, როცა ეროვნული ბანკი იწყებს იმაზე მეტი ფულის ბეჭდვას, ვიდრე ამის საჭიროებაა;
  • უძრავ და მოძრავ ქონებაზე ფასის ზრდა, რაც ერთი მხრივ განბაჟების პოლიტიკის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, ავტომობილების ფასი შეიძლება გაიზარდოს იმის გამო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, განბაჟება უფრო გაძვირდეს;

როდის არის კარგი და როდის არის ცუდი ინფლაცია?

როგორც ყველაფერი ცხოვრებაში, ინფლაციაც არც გადაჭარბებული ვარგა და არც ნულოვანი.

როდესაც ინფლაცია ძალიან მაღალია, რა თქმა უნდა ეს არც ეკონომიკისთვის და არც მოსახლეობისთვის არ არის კარგი, ისევე როგორც როცა ინფლაცია 0%-ია.

აშშ-ს მთავრობის მიერ ინფლაციის ნორმალურ მაჩვენებლად 2%-ია დადგენილი. ასეა სხვა განვითარებულ სახელმწიფოებშიც, სადაც 2-3% ინფლაციის დამაკმაყოფილებელ მაჩვენებლად ითვლება. იმისთვის, რომ ასეთი ტემპი შენარჩუნდეს, ხშირად მთავრობები ხელოვნურად ცდილობენ ეკონომიკაში ფულის სუბსიდირებას, ბიზნესის დახმარებას და ა.შ.

ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი ეხმარება ეკონომიკას ზრდაში და პარალელურად, ის მიიჩნევა დეფლაციის გამომრიცხველ მექანიზმად, რომელმაც შესაძლოა უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოს.

დეფლაციაზე შემდეგ სტატიებში ვისაუბრებთ, მანამდე კი გავაგრძელოთ ინფლაციაზე.

ინფლაცია საშიში ხდება მაშინ, როდესაც ის აღემატება 3%-ს. ამ დროს თქვენი ფულის მსყიდველობითუნარიანობა მნიშვნელოვნად მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგივე თანხით უფრო ნაკლები პროდუქტის შეძენას შეძლებთ.

მაგალითისთვის განვიხილოთ ზიმბაბვეს შემთხვევა. 2008 წელს ქვეყანაში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ პროდუქტზე ფასები ყოველ 24 საათში ორმაგდებოდა. კრიზისთან საბრძოლველად მთავრობამ უფრო და უფრო მეტი ფულის ბეჭდვა დაიწყო, თუმცა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ მალე ზიმბაბვეს ყველა მოქალაქე ტრილიონერი იყო, მაგრამ არაფრის ყიდვა არ შეეძლოთ. ცოტახანში კი, ქვეყანას, ფულის დასაბეჭდად საჭირო ქაღალდიც დაუმთავრდა.

რაც შეეხება წარსულს, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ინფლაციის მაჩვენებლით, აშშ ლიდერობს, რომელიც 1960 წელს დაიწყო და მხოლოდ და მხოლოდ 1980 წელს, ამერიკელი ეკონომისტის პოლ უოკერის ძალისხმევით დასრულდა, რამაც მას საკმაო პოპულარობა მოუპოვა და შემდგომში პრეზიდენტების, ჯიმი კარტერის, რონალდ რეიგანისა და ბარაკ ობამას ფინანსური მრჩეველი გახლდათ. რონალდ რეიგანმა ერთხელ ასეთი რამ თქვა:

“ინფლაცია ისეთივე სასტიკია, როგორც ყაჩაღი, ისეთივე საშიში, როგორც იარაღიანი თავდამსხმელი და ისეთივე მომაკვდინებელი, როგორც ჰიტმენი”

კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ: თუ თქვენ ინფლაციის დაწყებამდე ბანკში სესხი გქონდათ და ინფლაციის შედეგად ხელფასი გაგეზარდათ (რაც იშვიათად ხდება და სახელმწიფოსთვის უკიდურესი ბერკეტია ინფლაციასთან საბრძოლველად), მაშინ თქვენ რა თქმა უნდა იხეირებთ, რადგან უფრო მარტივად შეძლებთ არსებული ვალის გადახდას, თუმცა, თუკი მხოლოდ ხარჯი გეზრდებათ ფასების ზრდის პარალელურად, გამოდის, რომ თქვენ წაგებაში ხართ.


 

მანამ, სანამ ჩვენ საკუთარი ძალებით ვცდილობთ მკვეთრი ინფლაციის თავიდან აცილებას, მთავრობები გვარწმუნებს, რომ ინფლაციის ცვალებადი მაჩვენებელი, ძირითადად, განვითარებად ქვეყნებს ახასიათებთ, როგორიცაა ჩვენი ქვეყანა, რაც კრიტიკოსების თქმით, ბუნებრივიცაა.

თუ მათ დავუჯერებთ, ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით არსებული სიტუაცია მხოლოდ ეროვნული ვალუტის გაუფასურებით არაა გამოწვეული, არამედ არათანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ტიპის გადასახადებს, რაც ბიზნესს დამატებით ტვირთად აწვება.

საქართველოში ინფლაციის საკითხზე მომდევნო სტატიებში მოგიყვებით, ამიტომ თვალი ადევნეთ ჩვენს სტატიებს და მიიღეთ ფინანსური განათლება ჩვენთან ერთად.

ასე, რომ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, რომელიც არამხოლოდ ფინანსურ მხარეს გულისხმობს, დროა ჩავწვდეთ ინფლაციის მნიშვნელობას და მის გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე.

3,306 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.