fbpx

ლიოვის ნაცვლად კლოპი?!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ფეხბურთი რომ მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და სრულყოფილად ირეკლავს ბიზნესის სადღეისო პრობლემებს, იმ ინფორმაციებიდან და საჯარო განცხადებებიდანაც ჩანს, რომელთა მსგავსს სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ ვერვინ წარმოიდგენდა.

მაგრამ როგორი უნდა იყოს მისი ხვალინდელი დღე? დადგენილ ვადებში ჩატარდება თუ არა ევრო 2021? გამოვლინდება თუ არა მიმდინარე სეზონის ევროპის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული? დასრულდება თუ არა, ამა თუ იმ ქვეყნის ჩემპიონატი? მაყურებლებს დაუშვებენ თუ არა ივნისში მატჩებზე?

თანდათანობით სწორედ ამ ტიპის ფსონები ჩნდება საბუკმეიკერო კანტორებში, სადაც მთელი მსოფლიოს  საფეხბურთო აზარტის მიმდევართა ყურადღება ძალაუნებურად მხოლოდ ბელარუსისა და ნიკარაგუის ეროვნული ჩემპიონატების მიმართაა მიპყრობილი. 

მაგრამ როდემდე გასტანს ასე? გაივლის წლები და ფეხბურთის ისტორიის სახელმძღვანელოში აუცილებლად გამოჩნდება სლოვაკეთის შვიდგზის ჩემპიონ „ჟილინას“ სახელი, რომელმაც „ბოსმანის საქმის“ შემდეგ, შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული როლი იტვირთოს მომავლის ფეხბურთში.

დიახ, ისედაც ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარმა კლუბმა პანდემიის ჟამს პირველმა განაცხადა საჯაროდ  ლიკვიდაციის შესახებ და ფეხბურთელების დათხოვნა დაიწყო.

ამ ამბავმა ფიფა-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს გული აუჩუყა და მსოფლიო ფეხბურთის წამყვანმა ორგანიზაციამ ფეხბურთის გადასარჩენად 2,5 მილიარდი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა.

 

ილია ილფის და ევგენი პეტროვის ცნობილ ნაწარმოებ „ოქროს კერპისა“ არ იყოს, საინტერესოა, ლეიტენანტ შმიდტის რამდენი შვილი გამოუჩნდება ფიფა-ს გადასარჩენად და სლოვაკეთის შვიდგზის ჩემპიონის მსგავს გუნდებზე როგორ გადანაწილდება ეს თანხა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

არსებულ სიტუაციაში უეფა-ს გაცილებით ხისტი პოზიცია უკავია და ის ევროპის 55 წევრ ფედერაციას ეროვნული ჩემპიონატების ბოლომდე მიყვანისკენ მოუწოდებს. გამოსავალს ევროპის წამყვანი საფეხბურთო ორგანო მატჩების ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებაში ხედავს. ჩემპიონატების ზედმეტად გახანგრძლივების შემთხვევაში კი იგი მზადაა მომავალი სეზონის შეკვეცილი ვერსიის პროექტზე დაიწყოს მუშაობა. 

უეფა-ს მოწოდების საწინააღმდეგოდ, გასულ კვირას ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ ევროპის ქვეყნებიდან პირველმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჩემპიონატი აღარ განახლდება.

წინასწარი ინფორმაციით, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ამჟამინდელ პირველადგილოსან „ბრიუგეს“ გადაეცემა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას მეორეადგილოსანი „გენტი“ კი მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

თუმცა, ბელგიელთა განცხადების გამოქვეყნებისთანვე უეფა-მ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ევროტურნირებზე არ დაიშვებიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე სეზონს არ დაასრულებენ.

რას შეიძლება ველოდოთ თუნდაც ამ დღეებში? პანდემიის განვითარების დინამიკის მიხედვით, ბელგიის მაგალითს შეიძლება ევროპის კიდევ არაერთმა ქვეყანამ მიჰბაძოს…

ამჟამად ჩემპიონატი მხოლოდ ბელარუსში არ ჩერდება, რომლის ფეხბურთის ფედერაციასაც უეფა-ს წევრ სხვა ქვეყნებთან სოლიდარობისკენ მოუწოდა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ.

მაგრამ ბელარუსები იხტიბარს მაინც არ იტეხენ. მათ სამი ტურის შეხვედრები უკვე ჩაატარეს ჩემპიონატში და ისიც ცნობილია, რომ კლუბები მომდევნო კვირასაც არ დაისვენებენ.

ჩვენი ნაკრების მეტოქის ამგვარი აღტყინების ერთ-ერთი მიზეზი ერთა ლიგის მატჩია, რომელსაც აპირებს, რომ  სრულ მზადყოფნაში დახვდეს.  

მაგრამ ბელარუსების სტრატეგია ვეღარ განხორციელდება, რადგან აქამდე ივნისის დასაწყისში დანიშნული შეხვედრა გასულ კვირას, წინასწარ დადგენილი თარიღის გარეშე, შემოდგომაზე გადაიტანეს. იმ პერიოდში კი ვინ იცის, ვინ რა ფორმაში დახვდება გადამწყვეტ მატჩს… 

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებს, განრიგის მიხედვით, სექტემბერში ერთა ლიგის უკვე მომდევნო გათამაშებაზე ექვსი მატჩი ექნება ჩასატარებელი. ამგვარად, სავსებით შესაძლებელია, რომ ბელარუსთან მოგების შემთხვევაში, ჩვენ გუნდს სამ სანაკრებო ფანჯარაზე რვა(!) შეხვედრის ჩატარება მოუწიოს…

სამწუხაროდ, გაუქმდა 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი, სადაც საქართველოს ნაკრებს უნდა მიეღო მონაწილეობა და მასთან ერთად 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გოგონათა შორის, რომლისთვისაც საქართველოს უნდა ემასპინძლა.

19 და 21 წლამდელთა ნაკრებების შეხვედრები, ეროვნულის მსგავსად, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება.

გაჩერებული ფეხბურთის და საშუალო შეძლების გუნდების პრობლემების ფონზე კი, ერთი მხრივ, გაღიზიანებას იწვევს მდიდარი კლუბების დღევანდელი სატრანსფერო ტარიფები, მეორე მხრივ კი, მათი განცხადებები ადამიანებს აიმედებს, რომ კორონავირუსის დაძლევის შემდეგ, სპორტული სამყარო კალაპოტში ჩადგება და გულშემატკივრები ძველებურად დატკბებიან საფეხბურთო ვნებათაღელვით… 

„ბარსელონას“ გოლკიპერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კლუბში დარჩენის შემთხვევაში მომავალი სეზონიდან გაორმაგებულ ხელფასს, 10 მილიონ ევროს ითხოვს. კლუბი კი მზადაა მასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს და ყოველწლიურად 6.5 მილიონი ევრო უხადოს.

 

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ ყველანაირად ცდილობს გულშემატკივართა თუ მედიის წარმომადგენელთა დამშვიდებას, რომ კატალონიურ კლუბს ფინანსური პრობლემები არ ემუქრება, თუმცა ესპანეთის 26-გზის ჩემპიონის წინასწარი სატრანსფერო სტრატეგია საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

„ბარსელონას“ სამიზნეს დღესდღეობით ის ფეხბურთელები წარმოადგენენ, რომლებსაც თავ-თავიანთ კლუბებთან ერთი წლის კონტრაქტი აქვთ დარჩენილი ან მიმდინარე – გაჩერებული – სეზონის ბოლოს თავისუფალ აგენტებად იქცევიან. 

კლუბთან არსებული კონტრაქტის დარღვევით, მადრიდის „ატლეტიკოსგან“ საულის შეძენა კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 150 მილიონი ევრო დაუჯდება. თუმცა, როგორც ჩანს, მოლაპარაკება ვერ შედგება, რადგან ინგლისური კლუბი ფეხბურთელში „მხოლოდ“ 80 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

მადრიდის „რეალმა“, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის, ლორენსო სანსის კორონავირუსით გარდაცვალების შემდეგ კომერციული ოპერაციების გადადება გადაწყვიტა, გასულ კვირას განაცხადა, რომ სატრანსფერო ბაზარზე, სულ მცირე, 100 მილიონი ევროთი გამდიდრებას აპირებს. 

„სამეფო კლუბი“ ამ გეგმის განხორციელებას ხამეს როდრიგესისა და გარეთ ბეილის გაყიდვით გეგმავს, რომელთა კონტრაქტებიც შესაბამისად, 2021 და 2022 წლამდეა გაფორმებული.

ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთმა კლუბმა კი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, წლევანდელი გათამაშების ჩინეთში დასრულების იდეა წამოაყენა. ნუთუ ეს „ლივერპულია“, რომელიც სატურნირო ცხრილში კოლოსალური უპირატესობით ლიდერობის მიუხედავად, სულაც არაა გამორიცხული, რომ წლეულსაც ვერ ეღირსოს თავის პირველ პრემიერლიგურ ტიტულს…

ასეთ დროს მერსისაიდული კლუბის ქომაგებს როგორ არ გაახსენდეთ მარიო ბალოტელის სიტყვები. იტალიელმა თავდამსხმელმა 2012 წელს, „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ამ კლუბის ისტორიაში პრემიერლიგის პირველად მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მსოფლიოს აღსასრულის დღე უფრო ადრე დაუდგება, ვიდრე „ლივერპული“ პრემიერლიგის ტიტულს ეღირსებაო…

აი „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს კი, დღევანდელი ვირტუალური ტრანსფერების პერიოდში, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ევრო 2021-ის შემდეგ ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იოაჰიმ ლიოვის შემცვლელად მოიაზრებს. 

თუმცა ვინ იცის? კლოპის თანხმობის შემთხვევაში, ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას უფრო ადრეც შეიძლება ველოდოთ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.