fbpx

კარანტინი და მაწვნის კონტრაბანდა ოქროყანიდან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლუკრეციო ბაქანიძე


კარზე დარეკეს და ისე ვარ გადაჩვეული მაგ ამბავს, გადამცდა ყავა და ხველებ-ხველებით და გინებით დავაწექი გასაღებად. გავაღე და ვხედავ დგას ბებერი კაცი, ორი ჩანთა უდევს ფერხთით, დასდის წვიმა, გალუმპულია დობრად, და მეკითხება: – კაი მაწონი ხო არ გინდა შვილო? ოქროყანისაა, ჩემია. არც მაწონი-მაწონის ყვირილი, არც ქილების ჩხარუნი. აეგრე, ჩუმად. 

ნამალევად. 

ჩემი სენტიმენტების და სინაზის ბოლო ნამცეცები ქე წაიღო ამ წყეულმა კარანტინმა. უთევზაობამ, უსიგარეტობამ და უარყობამ ჯერ დამშალა ნერვებად და მერმე გამამკაცრა, გამასალკლდევა, მაგრამ ვუყურებ მემაწვნეს და გამეჩხირა ბურთი ყელში ბლიად. უცებ მომაწვა ყოველი. ესე რო ვართ, ესე ყლეურად რო ვართ მეც და ისიც. მეთქი როგორ არ მინდა. მაწონი მევასება. მაგრამ არ მაქ ეს დედამოტყნული ფული. აეხლა დავუშვებ კომუნალურებს და მერე გიჟივით უნდა ვწერო დღეში ორმოცდაათი გვერდი. რო გადავრჩე. 

მაგრამ ესეც ხო სადღაც მთისიქიდან მოათრევს ამ წვიმაში უზარმაზარ ჩანთებს და დაიპარება კარდაკარ. ხმას ვერ იღებს, რო არ დააჯარიმონ ამ რეგვენა ყლეებმა. კორონაც ახატია და შავი ჭირიც – ჩემსავით. ჩვენსავით. და იმიტომ კი არ გვახატია, რო მაგარი როჟები ვართ – არა. და ვერც მივახვედრებთ ვერავის, რატომ გვახატია კორონები და შავი ჭირები. 

რატომ არ გვეხება და სადღაც გადაღმიდან, ჰორიზონტებს მიღმა თუ ჩაგვესმის ექოებად მსოფლიოს ხმა – ვერ მივახვედრებთ ისე, რო უსულგულო სირები არ გამოვჩნდეთ. ხოდა ვდგავართ მე და ბებერი მემაწვნე, არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას. არ გვიკეთია პირბადეები, მაგრამ ორივეს ორგანული, ინტუიტური რწმენა გვაქვს და ორივემ ვიცით, რასაც უნდა ვუფრთხოდეთ სინამდვილეში. 

არ მაქვს მეთქი ფული და გააძრო და მაჩუქა ერთი ქილა მაწონი და შეერია ისევ ცხოვრებას. ამ დედააფეთქებულ, ამ მშვენიერ ცხოვრებას. 

მიდევს აგერ ის მაწვნის ქილა საბას ლიტერატურული პრემიის, სტატუეტის გვერდით და მეღიმება სიმწრით, რამეთუ ვხვდები, რომელია სათამაშო და რომელი – ჭეშმარიტი ჯილდო, სამყაროს მიერ მოძღვნილი. რომელს გადავცვლი ერთ ბოთლ ჭაჭაში და რომელს შემოვინახავ, როგორც ნიშანს, რო უნდა გადავრჩე. რო უნდა ვიბრძოლო. რო უნდა ვიცხოვრო, ამის დედაც…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.