შოკოლადის გემო ხანგრძლივი დიეტის შემდეგ – ცხოვრება კარანტინის დასასრულს
ხანგრძლივი დიეტის შემდეგ პირველად გასინჯული შოკოლადის გემო გახსოვთ?
აი თითქოს გემო, სუნი, სტრუქტურა, დანაშაულის შეგრძნება ენის წვერზე ერევა ერთმანეთს, თქვენს ტვინი კი დავლურს უვლის იმდენად არ სჯერა ამხელა ბედნიერების.
ან თუ ყავაზე გითქვამთ თუნდაც სამი დღით უარი და პირველი ყლუპის მოსმისას, ყველა გრძნობა, სმენაც კი, ჩართულია იმაში რომ „პრიხოდი„ არ დაიკარგოს.
იგივე ემოცია აქვთ დარწმუნებული ვარ მწეველებს და ნარკოტიკის მომხარებელს, როდესაც ცხოვრების მამოძრავებელ ძალას (არ დამიწყოთ სიყვარულიაო), მავნე ჩვევას, თავიდან გაეხსნებიან.
მგონია რომ ასეთი იქნება ჩვენი პირველი დღე კარანტინის შემდეგ, ვიღაცისთვის სამსახურისთვის მომზადება, ვიღაცისთვის შოპინგი, სპაში ან სალონში განავარდება, ან სხვათაშორის ნათქვამ „ ყავა დავლიოთ ეს ყველაფერი რო მორჩება„ ადამიანთან ყავაზე საკუთარი ემოციების მიყოლება.
მანამდე დღე მერამდენეღაც კორონავირუსთან იძულებითი თანაცხოვრებით.
შეგიმჩნევიათ რომ ბედნიერ და უბედური ადამიანებს ერთი საერთო აქვთ?
დროს საერთოდ არ ითვლიან. ასე ვარ ახლა მეც, თუმცა ვერც განსაკუთრებით ბედნიერს ვუწოდებ ჩემს თავს, მითუმეტეს ვერც უბედურს. უფრო უწონადოდ ვგრძნობ თავს (უწონო მინდოდა დამეწერა☺ ) ინერციით ვცხოვრობ, ისე ალბათ როგორც ბუდისტები შაო ლინის ტაძარში, სადაც მთელი მათი მედიტაცა მცდელობა დროს მოუგონ დროის თამაშში, არც კი ვიცი რამდენად წარმატებულად მთავრდება. ისე როგორ შეიძლება თამაში იმაზე რაც შენ არ გეკუთვნის?
ზუსტად ამაზე ვფირობ, ყველაფერ იმაზე, რაც აქამდე წარმატებად მიმაჩნდა და ხშირად საწოლში მოკუნტულ თეონას ვუმეორებდი ქიმიის ფორმულასავით სრულიად უაზრო სიტყვათწყობას „ წარმატების ფორმულის შესახებ“, მხოლოდ იმისთვის რომ ქუსლებზე შემხტარიყო და მორიგი დამკვეთისთვის ხუთოსნური ენთუზიაზმით აეხსნა რა მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობას და როგორ ჟანგბადივით ან ანკარა წყაროსავით ვჭირდები მე ამ მნიშვნელოვან პროცესში.
ეს ყველა ფორმულა, ახლა თითქოს სადღაც ჰაერში ტივტივებს. კი არ გაქრა, უბრალოდ მსუბუქი გახდა ისევე როგორც ხელგაშვებული ჰელიუმის ბუშტი, რომელსაც დარწმუნებული ვარ ჰაერში უფრო საინტერესო მოგზაურობა ელის, ვიდრე პრიალა ძაფზე გამობმულს, ჩემს ინსტაგრამ სთორიში.
ამ დაკვირვებებზე დაკვირვებით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, თითქოს საკუთარ თავს მივეცი უფლება რომ ჩამოეხსნა ყველა ის სიმძიმე რასაც ატარებდა და ენახა თუ შეძლებდა მათ გარეშე ცხოვრების გაგრძელებას.
ბოდიში ტავტოლოგიისთვის მაგრამ დაკვირვებას თუ არ დააკვირდი, ფიქრი თუ არ იფიქრე და გამოცდილება თუ არ გამოსცადე, ჩვენი ყველაზე დიდი მოაზროვნე მამარდაშვილის არ იყოს, ეს ცხოვრება იყო კი შენი?
ეს არ ნიშნავს ჩემი ფიქრების იზოლაცის რეალობიდან, ან იმის გაუზრებლობას თუ რამხელა გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო დღეს.ეს ნიშნავს იმას რომ ფიქრებმა დაკარგა კატეგორიულობა, წახნაგი და იმ შიშნარევი კითხვების ნაცვლად „ ახლა რა იქნება? მერე რა მეშველება? როდის დამთავრდება ეს კოშმარი“ ალეგორიული ხასიათი შეიძინა. ალეგორია შემდეგია, ცხოვრებამ მაჩუქა ყველაზე ძვირფასი მაგრამ საშიში საჩუარი, პანდორას ყუთის სახით.
ეს პანდორას ყუთი კი ყველა ჩვენგანშია და მის გახსნას ზოგჯერ ცხოვრების ბოლოსაც კი ვერ ვბედავთ, მე კიდევ ჩავიჭყიტე და მივხვდი რომ არც ისეთი საშიშია ის ბნელი კუთხე კუნჭული რომელიც ჩემში თურმე და თან დიდი ხანი ითხოვდა განიავებას. არც იმდენი მტვერი და ობია როგორც წარმომდეგინა, ერთი- ორი დამსხვრეული ოცნება და გატეხილი გული დამხვდა, რომელსაც დათო გომართელის არ იყოს ვეღარ გავამთელებ და ერთი ორი მიტოვებული სათამაშო, ახლოს რომ მივედი ზოგს ჩემი სახე ქონდა, ზოგს კიდევ სხვების ☺
თუ ზემოდაღნიშნული ტექსტი ბოდვად მოგეჩვენათ და ფიქრობთ რომ გავგიჟდი, ამ გადასარევი ფრაზით დავამთავრებ ჩემს პოსტს.
დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა მოთმინებამ!



