fbpx

ქართული კინოინდუსტრია კორონავირუსის რეალობაში – 1991 Productions


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ჩიჩუა, 1991 ფროდაქშენს


ყველასათვის ცნობილია, რომ კინოთეატრები უკვე 17 მარტიდან ოფიციალურად დაიკეტა საქართველოს საზოგადოებისთვის. 26 თებერვალს შეჩერდა პირველი მსხვილი კინოგადაღება – Mission: Impossible-ის ახალი სერია. 4 მარტს MGM და Universal Pictures-მა  გამოაცხადეს, რომ ჯეიმს ბონდის ფილმების 25-ე სერიის – No Time To Die-ს 8 აპრილს დაგეგმილი პრემიერა ნოემბრამდე გადაიდო (რაც Hollywood Reporter-ის გათვლით, მათ $50 მილიონით დააზარალებს). Netflix-მა და სხვა სტუდიებმა სერიალების ახალი სეზონების გადაღებები შეაჩერეს, რაც მათი გამოსვლის გრაფიკსაც დაარღვევს. 19 მარტს საფრანგეთში კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალის – კანის კინოფესტივალის გადადების გადაწყვეტილებაც მიიღეს. 

გაუქმებული თუ გადადებული წარმოებების და ღონისძიებების სია დღითი დღე იზრდება. მსოფლიო კინოინდუსტრიამ $5 მილიარდი უკვე დაკარგა, ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი $20 მილიარდამდე გაიზრდება. მხოლოდ ამერიკასა და ინგლისში ამ სექტორის 170 000 მუშაკმა უკვე დაკარგა სამსახური.

ჩვენ გადავწყვიტეთ მოგიყვეთ, თუ რა ხდება ამ ფონზე საქართველოს კინოინდუსტრიაში, რომელიც მასშტაბებით მცირეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის როგორც შემოქმედებითი, ასევე სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ. 

გავესაუბრეთ კომპანიების მფლობელებს და ფრილანსერებს, დამსაქმებლებს და დასაქმებულებს, რათა ჩვენი, 1991 Productions-ის (როგორც საპროდიუსერო კომპანიის, რომელიც აწარმოებს ადგილობრივ ფილმებს და მომსახურებას უწევს საქართველოში გადასაღებად ჩამოტანილ უცხოურ პროექტებს) და მათი გამოცდილების გათვალისწინებით დაგვეხატა პანდემიის პერიოდში  ქართულ კინოინდუსტრიაში არსებული ვითარების ერთიანი სურათი. იქნებ ეს დაგვეხმაროს კიდეც, რომ ერთად გავუმკლავდეთ გამოწვევებს.

(აქვე აღვნიშავთ, რომ, რა თქმა უნდა, ეს სტატია არ მოიცავს ინდუსტრიის ყოველი წევრის აზრს და შეიძლება არსებობდეს კიდევ მრავალი სხვა მოსაზრება.

 “კინო კოლექტიურად კეთდება, ყველაზე დიდი სიამოვნება ადამიანებთან ერთად შენი საქმის კეთებაა. დინამიკური გარემო და გიჟური რეჟიმი ძალიან დამაკლდა”, – გვიყვება თეკლა მაჭავარიანი, „ნუში ფილმის“ დამფუძნებელი და ფილმების –  “კომეტები” და “სანამ მამა დაბრუნდება” პროდიუსერი. აქედან გამომდინარე, თავშეყრის აკრძალვის შემოღებამ და წარმოებების შეჩერებამ გამოიწვია გადაღებების გაუქმება და პირველები, ვინც პირდაპირი დარტყმის ქვეშ მოხვდნენ, არიან უშუალოდ გადასაღებ მოედანზე მომუშავე ადამიანები: ოპერატორები, რეჟისორის ასისტენტები, გამნათებლები, ტექნიკური პერსონალი – ის ფრილანსერები, რომლებიც უშუალოდ  გადაღებიდან გადაღებამდე იღებენ შემოსავალს.

 შემდეგ მოდიან “ფროდაქშენ” კომპანიები, ისინი, ვინც ფრილანსერებისთვის ქმნიან ამ სამუშაო ადგილებს, რაც ბევრი მათგანისთვის ძალიან კარგი შემოსავლის წყაროა;

გადასაღებ მოედანზე იშვიათად თუ ნახავთ პროფესიონალს, ვისი დღიური ანაზღაურებაც $100-ზე ნაკლებია. ჩვენ, 1991 Productions-ს, ისევე როგორც სხვა ფროდაქშენ კომპანიებს, გაგვიჩნდა ახალი პროექტების მოზიდვის და შესაბამისად, ქეშის შემოდინების პრობლემა. 

გადაიდო დამტკიცებული კომერციული პროექტების გადაღებები, გართულდა წარმოებაში ჩაშვებული კინოპროექტისთვის უცხოური პარტნიორის მოძიება. ჩვეულებრივ, ჩვენი და სხვა ადგილობრივი კომპანიები როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე არიან დამოკიდებული. 

“ჩვენი კომპანია დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე, ევროპულ ქვეყნებთან თანაწარმოებაზე და საერთაშორისო პროექტების მომსახურებაზე.  ძალიან რთულია სხვაგვარად საქართველოში არსებულმა ნებისმიერმა კომპანიამ შეძლოს გადარჩენა. როგორც ინდუსტრიისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოური ფული შემოვიდეს”, – გვიყვება ქეთი დანელია, ქართულ-შვედური ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” პროდიუსერი და Takes Film-ის დამფუნებელი. 

 უმეტესობა ადგილობრივი ფილმებისა წარმოადგენს კოპროდუქციას ევროსაბჭოს ერთ ან რამდენიმე ქვეყანასთან.

ევროპის კონვენცია კინომატოგრაფიულ კოპროდუქციაზე მიიჩნევს, რომ “ევროპის მასშტაბით უნდა გაძლიერდეს კინემატოგრაფიული კოპროდუქცია, რათა დაცული და განვითარებული იქნას საერთო იდეალები და მემკვიდრეობა”. იდეალებს შეიძლება ვიზიარებდეთ ევროპის ქვეყნებთან, მაგრამ რეალობაა, რომ ვალუტა ჩვენ საკუთარი გვაქვს, რასაც მივყავართ შემდეგ პრობლემებამდე: “გაცვლითი კურსის ზრდა ქმნის ორ პრობლემას: პირველი,  ეროვნული კინოცენტრიდან ფილმის წარმოებისთვის უკვე მოპოვებული დაფინანსების შემთხვევაში, ბიუჯეტი რადიკალურად გვეცვლება და დეფიციტი იქმნება (რადგან ამ ინდუსტრიაში ხელფასების უმეტესობა და ასევე გადასაღები ტექნიკის ქირა გაიცემა დოლარში და არა ადგილობრივ ვალუტაში). მეორე, სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ფილმის თანაწარმოება რთული ხდება, რადგან ადგილობრივი დაფინანსებით და გაუფასურებული ლარით კონკურენციას ვერ ვუწევთ ჩვენი კოპროდიუსერის მიერ მოპოვებულ თანხებს და ხშირად ქართველი პროდიუსერები იჩაგრებიან”, – გვიყვება პროდიუსერი ვაკო კირკიტაძე, Film Asylum-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იმედის მომცემი შეიძლება იყოს საქართველოს, როგორც უცხოური პროექტების გადასაღები მოედნის პერსპექტივა:

,,არსებული კრიზისიდან გამომდინარე, უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია და პროდიუსერი დაიწყებს ალტერნატიული გზების ძიებას იმისათვის, რომ რეალობად აქციოს თავისი პროექტი, რაც შეგვიძლია ჩვენც ეფექტიანად გამოვიყენოთ. ჩვენ, როგორც კომპანია და ასევე ქვეყანა, რადგან უკვე გვაქვს სტუდიასთან მუშაობის წარმატებული მაგალითი, პროაქტიურობით და აქ არსებული კარგი გარემოს შეთავაზებით შევძლებთ უფრო გავზარდოთ საქართველოს მიმართ ინტერესი და მაქსიმალური შედეგები მივიღოთ მომდევნო წლების განმავლობაში”, – გვიყვება სოფო ბენდიაშვილი, კომპანია “ენკენი ფილმის” თანადამფუძნებელი.

ამ ასპექტში, ბევრი გვეთანხმება, რომ მნიშვნელოვანი იქნება შეუფერხებლად და აქტიურად განაგრძოს მუშაობა პროგრამამ “გადაიღე საქართველოში”.

“ცოტათი მეშინია, რომ სახელმწიფოები თავიანთი პრიორიტეტების სიაში, სადღაც ბოლოს მიაწერენ ჩვენს ინდუსტრიას” გვიზიარებს თეკლა მაჭავარიანი. 

 უცხოური პროექტების შემოდინება ძალიან მნიშნელოვანი იქნება ასევე ადგილობრივი გადასაღები ტექნიკის გამქირავებელი კომპანიებისთვისაც, რომელთა ბიზნესმოდელი, უმეტესწილად, უცხოური პროექტებიდან შემოსულ თანხაზე დგას, რადგან ქართული პროექტებისთვის ხშირად ხდება მათი მხრიდან შეღავათების გაწევა. 

“მხოლოდ ქართული ფილმები ვერ უზრუნველყოფენ ვერც ამ სფეროში მომუშავე ტექნიკური პერსონალის დასაქმებას და ვერც ტექნიკის რენტალის ისეთ დატვირთვას, რომ ეს კომპანიები არ გაკოტრდნენ. თუ უცხოური ფილმების გადაღებები არ იქნება, დაიშლება ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ქართული კინემატოგრაფიის – ტექნიკური პერსონალი, რომელიც წლებია გამოზარდა ბაზარმა და ამ ქვეყანაში აქამდე განხორციელებულმა უცხოურმა პროექტებმა”, – ფიქრობს დათო ელიზარაშვილი, კომპანია Fury-ს დამფუძნებელი და ტექნიკის გაქირავების ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის, Millimeter Films-ის ყოფილი პროდიუსერი.

 კორონავირუსი ასევე მტკივნეულად შეეხო მათ, ვისაც უკვე დასრულებული მზა ფილმები აქვთ. “ჩემი ფილმის, “უარყოფითი რიცხვების” კინოეკრანებზე გამოსვლა გაურკვეველი დროით გადავდეთ, და ის ფესტივალებიც გადაიდო, რომლებზეც ფილმი საკონკურსო პროგრამაში მოხვდა”, – გვიყვება ,,უარყოფითი რიცხვების” რეჟისორი უტა ბერია. მისი ფილმის პრემიერა 2020 წლის 6 მარტს იყო დაგეგმილი, რასაც წინ ძლიერი მარკეტინგული კამპანია და დიდი ინტერესი უძღოდა. 

პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, მთავრობის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მისის გადაწევა გადაწყდა. თეკლა მაჭავარიანის თქმითაც, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა ახლად დასრულებული  ფილმების საფესტივალო დისტრიბუციაში ჩაშვებაა, “თუ არ დავასრულეთ საფესტივალო წრე, ვერ გადავალთ შემდეგ ეტაპზე, როგორიცაა ფილმის გასაჯაროება ან VOD პლატფორმებზე განთავსება”. 

იგივე პრობლემის წინაშეა ჩვენი დოკუმენტური ფილმი ქართველ მოჭადრაკე ქალებზე – “დიდება დედოფალს” (რეჟ: თათია სხირტლაძე), რომელიც უკვე საფესტივალო ცხოვრებას იწყებდა. ვაგრძელებთ სხვადასხვა ფესტივალებზე ფილმის გაგზავნას, თუმცა არ ვიცით როდის განაახლებენ ისინი მუშაობას.

ჩვენს ქვეყანაში ფესტივალი, რომელმაც ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო, დოკუმენტური კინოსფესტივალი CinéDOC-Tbilisi-ია.

ის ყოველწლიურად აპრილში ტარდება. სტუმრებისთვის ნაყიდი ბილეთების უკან დაბრუნება, ღონისძიებების გაუქმება, მხარდამჭერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების შეჩერება, ტრენინგების ონლაინ რეჟიმში გადატანა იმის არასრული ჩამონათვალი, რის გაკეთებაც CinéDOC-ს მოუწია.

 ზოგი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ბევრი რამის დისტანციურად კეთებას გვასწავლის და პანდემიის შემდეგაც კი შეიძლება სხვადასხვა ღონისძიებები ონლაინ რეჟიმში დარჩეს. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ: “ონლაინ გამართულ კინოფესტივალებს, ვორკშოპებსა და ტრენინგებს ისეთივე შედეგი არ აქვს, როგორც ფიზიკურად გამართულ ღონისძიებებს. ონლაინ რთულია ისეთი შედეგების მიღწევა, როგორიცაა ცოდნისა და გამოცდილების მრავალმხრივი გაზიარება, პოტენციური თანამშრომლობის ინიცირება, ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანების ერთმანეთთან წარმატებული დაკავშირება, ე.წ. networking და სხვა”, – გვიზიარებს სინედოკის დირექტორი არჩილ ხეთაგური.

 

როგორ ახერხებენ კომპანიები, რომ ამ პერიოდში იყვნენ პროდუქტიულები?

ბევრი კომპანია, ჩვენი ჩათვლით, ცდილობს საკუთარი ენერგია და რესურსი ეფექტიანად გამოიყენოს კარანტინის პერიოდში, იმ იმედით, რომ შექმნილი მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება და  რაც შეიძლება მალე დაიწყებენ აქტიურ წარმოებას. ერთი მხრივ, ბევრს გამოუთავისუფლდა დრო ისეთი საქმეებისთვის, რაც უკანა პლანზე იწევდა ყოველდღიური რუტინის პირობებში: “ამ ეტაპზე ყველანაირი ტექნიკური სამუშაოები შეჩერებული გვაქვს. გადართულები ვართ ციფრული კომუნიკაციების გამართვაზე. კეთების პროცესშია ვებგვერდი და, როგორც იქნა, მოვიცალეთ პორტფოლიოსთვის”, – გვიყვება მარიამ იაკობაშვილი, კომპანია Slow Pulse Group-ის თანადამფუძნებელი, რომლის საქმიანობაც კინო და სარეკლამო გადაღებებისთვის არტ დაირექშენი და ფროდაქშენ დიზაინია.

მეორე მხრივ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ჯერ მხოლოდ 2 კვირა გავიდა. ჯანდაცვის ექსპერტებსაც კი უჭირთ თქმა, თუ რამდენ ხანს შეიძლება ეს სიტუაცია გაგრძელდეს. ჩვენს ქვეყანაში კი, სადაც კინოინდუსტრია ისედაც მყიფეა, არის საშიშროება, რომ სახელმწიფოს მხრიდან წახალისების გარეშე დარჩენის შემთხვევაში, ბევრ კომპანიას ისევ ნულიდან მოუწიოს საქმის დაწყება. 

დღევანდელი სიტუაცია მართლაც უნიკალურია: “თუ სხვა დროს ადამიანებს კრიზისულ პერიოდებში უწევდათ ან თავისივე სურვილით ტოვებდნენ ქვეყანას იმისთვის, რომ საკუთარი გარემო გაეუმჯობესებინათ, დღეს ის დროა, რომ მოვიკრიბოთ ძალები, თავი მოვუყაროთ თანამოაზრეებს (რა თქმა უნდა, სოციალური დისტანციის გათვალისწინებით) და ჩვენივე ქვეყანაში დავიწყოთ რაიმე უკეთესის და ახლის შექმნა”, – ფიქრობს მარიამ იაკობაშვილი და ჩვენც  ვიზიარებთ მის აზრს!

 

შემდეგ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა ღონისძიებებს ატარებენ სხვადასხვა ქვეყნები კინოს სექტორში წარმოქმნილი გამოწვევების შესამსუბუქებლად.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.