fbpx

პირბადიანი ამბორი და სხვა ისტორიები კარანტინიდან – ინტერვიუ ლოლა ჯიბლაძესთან


გააზიარე სტატია

ლოლა ჯიბლაძე ქართველი არტისტია, რომელიც უკვე 14 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს. სერია, რომელზეც ახლა მუშაობს, კარანტინის ისტორიებია – სხვებივით ისიც საკუთარ სახლშია გამოკეტილი და აკვირდება იმას, რა ხდება მსოფლიოში, როგორ ცდილობენ ადამიანები გადაურჩნენ “მომაკვდინებელ ვირუსს” და ეძებს ამბებს, სადაც სიყვარულის, იმედის, გამბედაობის ისტორიებია. 

ლოლაც, ისევე როგორც უამრავი არტისტი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ფიქრობს როგორი იქნება სამყარო და სახელოვნებო სფერო მას შემდეგ, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, მანამდე კი იმის დოკუმენტაციას ქმნის, რაც ახლა ხდება და ერთადერთ მუდმივმოქმედ საგამოფენო სივრცეში – instagram-ზე დებს. 

კარანტინის ისტორიები 

ეს ახალი სერიაა, რომელზეც ახლა ვმუშაობ. იმდენად გაურკვეველია ჩემთვის მომავალი, მთელი სახელოვნებო სამყარო ჩაკეტილია. არავინ იცის, რა იქნება. გასართობად დავპოსტე ინსტაგრამზე – რომ მაინტერესებდა კარანტინის ისტორიები. ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა ფოტო ბიჭთან ნიღბებით და სრულიად მოულოდნელად მომიყვა ძალიან  საყვარელ სიყვარულის ისტორიას, როგორ ჩავიდა ეს ბიჭი მადრიდიდან ლონდონში მასთან, როგორ იყვნენ კარანტინში, ღამე როგორ დაუტოვა სადარბაზოს კარი ღია და მერე სახურავზე როგორ უთხრეს ერთმანეთს, რომ უყვარდათ და მივხვდი, რომ ახლა ესაა ის, რაც  მინდა გავაკეთო, კარანტინის ისტორიები შევაგროვო და დავხატო. იმდენად საშინელია ახალი ამბები, რასაც ამ პერიოდში ვკითხულობთ, მინდა ამ ადამიანური ისტორიებით დავინახო, რომ კიდევ არსებობს სიყვარული, იმედი. 

 

 

ამ პირველ ისტორიას ძალიან  დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ძალიან  ბევრმა გვერდმა წაიღო ეს ნამუშევარი და უფრო და უფრო მეტი ისტორია მოდის. ახლა ერთი ექიმის ისტორიაზე ვმუშაობ. ამავე სერიიდან  ჯერჯერობით ჩემი ფავორიტი  ამერიკელი ექიმის ამბავია, რომელიც  ბედნიერია იმის გამო, რომ კოვიდ-19-ის გავრცელებამდე მოასწრო  სამედიცინო განათლების მიღება და კარგი პრაქტიკის გავლა. ახლა შეუძლია სათანადო დახმარება გაუწიოს ყველას, ვინც მის ახლოს აღმოჩნდება.

სანამ ამ სერიამდე მივიდოდი, მანამდეც ვფიქრობდი იმაზე, რა იქნება მერე, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება. თავიდან, ახალი ამბებს რომ ვკითხულობდი, როგორ იკეტება ხალხი სახლში, ყიდულობს მარაგს, ჩერდება ყველაფერი, ჩემი ბავშვობა გამახსენდა. ეს ქალი, რომელიც გაზქურაზე შემომდგარ ქვაბში ზის, არც მე ვარ, არც შენ და არც არავინ კონკრეტულად, მაგრამ ყველა ის ადამიანია, რომელმაც 90-იანები საქართველოში იცხოვრა. ბავშვობაში მართლა ვფიქრობდი ხოლმე, ამ წყლის გაცხელებას და მერე დასხმას, ხომ არ სჯობს, ეგრევე ცხელ წყალში ჩაჯდომა. რომ არა პანდემია, ალბათ ეს არ გამახსენდებოდა. 

 

View this post on Instagram

Bathtub 40”x60x acrylic on canvas. 2020. #truestory

A post shared by LOLA JIBLAZEE (@lolajiblazee) on

კარანტინამდე და პანდემიამდე 

ძუძუები ამერიკის დროშაზე და ლოლას დროშა ქალთა მარშზე – ეს ნამუშევარი იყო ალბათ ის, რამაც ჩემს კარიერაში მნიშვნელოვნად წამწია წინ. ერთი წელი ალბათ მხოლოდ ამ ნამუშევარზე მეკითხებოდა ყველა, გამოფენებზე მხოლოდ ეს გამქონდა. ყველგან ჩანდა, პოლიტიკურ მანიფესტაციებზე, საარჩევნო კამპანიაში, ნიუ-იორკის სახელმწიფო მუზეუმმა ქალების უფლებებზე მომზადებულ რგოლში გამოიყენა იმ წელს, როცა 100 წელი გავიდა, რაც ამერიკაში ქალებს ხმის მიცემის უფლება მიეცათ. 

 

4 ივლისისთვის,  ამერიკის დამოუკიდებლობის დღისთვის, დავხატე და დავპოსტე მისალოცი ტექსტით. არ ველოდი, თუ ამხელა რამეს გამოიწვევდა. დაემთხვა ის, რომ იმ დროს ტრამპის და ჰილარის საარჩევნო კამპანიები მიმდინარეობდა, მე დროშა ჰილარის მხარდასაჭერად არ გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი არასოდეს მომწონდა. რაღაცატომ ეგრე იყო აღქმული. მერე გარე სივრეშიც გავაკეთე და მის წინ ფოტოებს იღებდნენ, აქციები იმართებოდა, ქალთა მარშზეც ჰქონდათ. 

ძირითადად ვცდილობ ის დავხატო, რაც ახლა, დღეს ხდება,  რაც ძალიან აქტუალურია. მერე ეს ნახატები ქრება და როცა უკან მოიხედავ, გხვდება ეს ნამუშევრები, როგორც კონკრეტული დროის დოკუმენტაცია, ისტორიული მასალა იმაზე, რაც ხდება გარშემო. თან რაღაცები სულ მნიშვნელოვანია: ძლიერი და ჩაგრული ქალები ერთ-ერთი ასეთი თემაა, რაც სულ იყო და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება. 

 

რა იქნება მერე 

მე მგონია, რომ ვითომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით, მაგრამ სრულიად სხვა ადამიანები გამოვალთ აქედან – შეცვლილი პრიორიტეტებით და მეტი ზრუნვით,  თუნდაც გარემოზე. კონკრეტულად სახელოვნებო სცენას რაც შეეხება, არ ვიცი. უნდა გადავიდეთ ონლაინ გამოფენებზე? როგორ შეიძლება კარანტინის დროს “გამოფენის ეფექტი” გვქონდეს? ან როცა ეს დამთავრდება, მერე ისევ ასეთი გამოფენები იქნება თუ არა. 

მე უფრო ისეთი არტისტი ვარ, რომელიც უკან ყურების ნაცვლად,  წინ იყურება. უკვე ვიცი რა იქნება ჩემი შემდეგი და იმის შემდეგი პროექტი და ყველაფერი მომწონს, რაც შეიძლება მოხდეს. ეს ქვეყანა ამიტომაა კარგი და მაგარი, რომ იცი, თუ რამეს ნამდვილად და მთელი სულით და გულით აკეთებ, შედეგს აუცილებლად მიიღებ, უბრალოდ, ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ერთ თვეში 10 შოუ ვერ გექნება. რაც დრო გადის უფრო და უფრო ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორი შოუ მინდა მქონდეს და რა უნდა გავაკეთო – მინდა, რომ ყველა შემდეგი ნამუშევარი ან იმაზე კარგი იყოს, ვიდრე წინა, ან ისეთი მაინც – ხარისხის ამ სტანდარტის შემუშავებას ბევრი მუშაობა უნდა. 

 

View this post on Instagram

#coffeebreak

A post shared by LOLA JIBLAZEE (@lolajiblazee) on

როცა აქ ჩამოვედი, ათასი რამე მინდოდა, მათ შორის, მსახიობობა, და ერთი წელი ვსწავლობდი კიდეც. მსახიობობა რომ ჩემი საქმე არ იყო, მალევე მივხვდი, მაგრამ იმ დროს ვისწავლე  როგორ უნდა ვიმუშაო ხელოვნებაში, ერთი თემა სხვადასხვა მხრიდან რომ უნდა შევისწავლო და სხვა ისეთი რამეები, რასაც დღემდე ვიყენებ მხატვრობაში. 

ადრე, როცა სხვებს ვუყურებდი, უფრო წარმატებულებს და უფრო ცნობილებს, არტისტებს, რომლებიც მომწონდა და ვეკითხებოდი, ამას როგორ მიაღწიეს, პასუხს თითქმის ვერასოდეს ვიღებდი და მეგონა, რომ არ მპასუხობდნენ. ახლა მეც ისევე ვცხოვრობ, როგორც სხვა აქაური არტისტები და რომ მკითხო, ეს როგორ მოხდა, მეც არ მაქვს პასუხი – როცა არ ჩერდები, ყველაფერი ნელ-ნელა ისე ხდება, როგორც უნდა იყოს. პრაქტიკის და შრომის გარეშე არაფერი გამოდის, პრაქტიკით და შრომით – ყველაფერი. ვამბობ ხოლმე, ნიუ-იორკში თუ მოვახერხე გადარჩენა, ყველგან შევძლებ ამას, მაგრამ ჯერჯერობით ერთადერთი ადგილი, სადაც მინდა ვიცხოვრო, ნიუ-იორკია. 

 

View this post on Instagram

The message from the queen after the visit

A post shared by LOLA JIBLAZEE (@lolajiblazee) on

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.