fbpx

შეწყვიტეთ იმის მცდელობა, რომ პროდუქტიული იყოთ – The New York Times


გააზიარე სტატია

 

 

ავტორი: ტეილორ ლორენსი

 

ინტერნეტი ცდილობს დაგაჯეროთ, რომ იმ თავისუფალი დროის განმავლობაში, რომელიც ახლა გაქვთ, საკმარისად ბევრს არ აკეთებთ. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავთან დარჩენა და ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება უკვე ბევრს ნიშნავს.

როდესაც 34 წლის დეივ კიუმ, ფილადელფიელმა ხელოვნების ადმინისტრატორმა, გააანალიზა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დისტანციურად უნდა ემუშავა, მან დაიწყო ფიქრი იმ პროექტების შესახებ, რომელთა დასრულებაც უკვე სახლში  შეეძლო.

“ჩვენ წავედით და შევიძინეთ ყველა ეს საღებავი და აპარატურა და ვიფიქრეთ, რომ სამზარეულოს კაბინეტის პროექტს წამოვიწყებდით,   რომლის გაკეთებაც სულ გვინდოდა”, – განაცხადა მან. ორი კვირის შემდეგ ის და მისი მეუღლე მარაგებს არც კი შეხებიან. მათ ორი შვილი ჰყავთ და საკმაოდ მკაცრ  სამსახურებში მუშაობენ. თავისუფალი დრო აღარ აქვთ.

“გავაანალიზეთ, რომ ეს სულელური აზრი იყო – ბევრად უფრო სტრესული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი”.

კორონავირუსის გამო ჩვენმა ცხოვრებამ სახლში გადაინაცვლა, ბევრი ადამიანი კი ზეწოლას გრძნობს, რომ საგულდაგულოდ დაალაგონ თავიანთი ოთახები, გახდნენ კულინარები, დაწერონ მორიგი “მეფე ლირი”, ჩადგნენ ფორმაში და ა.შ.

ინტერნეტი – მუდმივი “როგორ უნდა გავაკეთოთ…” სათაურებითა და სხვადასხვა ვირუსული გამოწვევებით – მხოლოდ აძლიერებს მოთხოვნას, რომ ყველაფერი წესრიგში გვქონდეს.

“ეს ყველგანაა”, – განაცხადა ჯული ულსტრუპმა, 57 წლის ფოტოგრაფმა კოლორადოდან. “ეს ბლოგ-პოსტებშია, სოციალურ მედიაში, ხალხისგან მიღებულ მეილებშიც კი “გამოიყენე ეს დრო პროდუქტიულად”, ისე ამბობენ, თითქოს ჩვეულებრივ არ ვიყენებდი”. მაგრამ გლობალური პანდემიის შუაგულში, რომელმაც თანამედროვე ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი გადაატრიალა, ხალხს უფრო და უფრო უჭირს საქმის კეთება.

მას შემდეგ, რაც მისმა ოფისმა გამოაცხადა, რომ მუშაობის დისტანციურად რეჟიმზე გადადიოდნენ, 30 წლის სარა ჯონსონმა, რომელიც ფილანთროპიის თემაზე მუშაობს, შექმნა დეტალური ცხრილი იმ ყველაფრის შესახებ, რისი გაკეთებაც ტრანსპორტში დაზოგილი 3 საათის განმავლობაში შეეძლო. 

”გასულ შაბათ-კვირას დავჯექი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ მაქსიმალურად არ გამოვიყენე ის დრო, რომელიც ახლა მაქვს და აქამდე არ მქონია.”

– განაცხადა მან. “კალენდარში საათიც კი დავაყენე სახლის ვარჯიშისთვის. სამი საათი საქმიანი საუბრებისთვის უნდა დამეთმო, ამის შემდეგ საუზმე, გასეირნება ლანჩზე, საღამოს მუშაობა ისეთ რამეზე, რასაც ეკრანის გამოყენება არ სჭირდება, ვახშამი და სირბილი.” 

გადაჭარბებისკენ მიდრეკილება, თუნდაც გლობალური კრიზისის დროს, ასახავს ამერიკის “ყოველთვის მუშაობის” კულტურას. The New Republic-ის ბოლო სტატიაში ჟურნალისტი ნიკ მარტინი წერს, რომ ”ეს გონებრივი მიდგომა წარმოადგენს ამერიკის ნაჩქარევი კულტურის ბუნებრივ დასასრულს – აზრი, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი ნანოწამი თვითგანვითარებას უნდა მოვახმაროთ და აქედან სარგებელი მივიღოთ.”  

დრიუ მილარდმა ეს პირდაპირ გამოაქვეყნა The Outline-ისთვის დაწერილ ნარკვევში: “თუ თქვენ იმდენად იღბლიანი ხართ, რომ დასაქმებული ხართ, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ადარდებს ახლა რას აკეთებთ, თქვენი ბოსია.”

ჟურნალისტმა ენ ჰელენ პიტერსენმა განაცხადა: ”ჩვენ ძალიან ვართ მიჩვეული, რომ ყოველი წამი პროდუქტიულად გამოვიყენოთ, მაგალითად: გზაში ვსეირნობ და მე უნდა მოვუსმინო ინფორმაციულ პოდკასტს, რათა უფრო ინფორმირებული ან უკეთესი ადამიანი გავხდე.”

32 წლის მეგი შუმანი ახლა რთული ვითარების წინაშე დგას: მისი ოჯახი მონაწილეობს პელოტონის გამოწვევაში ვარჯიშის პლატფორმის აპლიკაციის საშუალებით.

“ყოველდღე მწვანე საკონტროლო მონიშვნებს აგზავნიან და ახლა, როდესაც ეს თავში მაქვს, მე ამას უნდა ვაკეთებდე, მაგრამ არ ვაკეთებ. თავს წარუმატებლად ვგრძნობ.” მან თავისი და “დააიგნორა”, რომელმაც ის აზიდვების გამოწვევაში ინსტაგრამზე მონიშნა.

ამის ნაცვლად, ქალბატონმა შუმანმა შექმნა მადლიერების ჟურნალი და მიმღებლობის პრაქტიკაზე მუშაობს. ”თქვენ უნდა გამოიგონოთ რამე ან დაგებადოთ დიდი ბიზნეს იდეა, ან გააკეთოთ ისეთი შესანიშნავი რამ, რაც სახლში გატარებულ დროს ღირსეულად აქცევს, მაგრამ მე ვცდილობ, რომ თავი კარგად ვიგრძნო უბრალოდ ყოფნითაც.”

40 წლის ადამ ჰაშამ, რომელიც ვაშინგტონში პროდუქტის მენეჯერია, თქვა, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ადამიანები გაიაზრებენ, რომ ამ დროში თვითოპტიმიზაცია უშედეგოა. “მე ვეღარ ვხედავ გვირაბის ბოლოს სინათლეს. თითქოს წყლის ქვეშ ხარ”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ოპტიმიზმს ვეღარ ინარჩუნებს.

ექიმი პიტერსენის თქმით, ამ დროს თანაგრძნობა მნიშვნელოვანია. “ვფიქრობ, რომ ყველა სხვადასხვანაირად უმკლავდება ამ სიტუაციას, მაგრამ არსებობს რეალური ტენდენცია – ადამიანები არცხვენენ სხვებს იმის გამო, რომ ისე არ იქცევიან, როგორც ისინი.”

მცირე სიამოვნებების პოვნაც ხელის შემწყობი ფაქტორია. მისტერ ბეილიმ შემოგვთავაზა: ”მიირთვით ინდური საკვები და დალიეთ ბოთლი ღვინო მეუღლესთან ერთად. ჩვენ ახლა ბევრ რამეს ვუძლებთ და ყველას გვჭირდება, რომ ეს მარტივად აღვიქვათ.”

ორიგინალი: https://www.nytimes.com/

2,107 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.