Vogue Italia-მ აპრილის ნომრის გარეკანზე სუფთა თეთრი ფურცელი გამოიტანა
Vogue Italia-მ აპრილის ნომრის გარეკანზე სუფთა თეთრი ფურცელი გამოიტანა, რაც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ემანუელ ფარნეტიმ და კრეატიულმა დირექტორმა ფერდინანდო ვერდერიმ გამოცემის ინსტაგრამზე განმარტეს:
“გადაწყვეტილება, რომ დაგვებეჭდა სრულიად თეთრი გარეკანი, ისტორიაში პირველად მივიღეთ, არა იმიტომ რომ გამოსახულებების ნაკლებობას განვიცდიდით – უფრო – პირიქით, ეს ფერი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ის ბევრ რამეს აღნიშნავს.
თეთრი პირველ რიგში პატივისცემაა.
თეთრია ხელახლა დაბადება, სინათლე სიბნელის შემდეგ, ყველა ფერის ჯამი.
თეთრი იმ უნიფორმების ფერია, რომლებსაც ატარებდა ის ხალხი, ვინც თავისი სიცოცხლე გასწირა ჩვენს გადასარჩენად .
ის აღნიშნავს სივრცეს და დასაფიქრებელ დროს, ისევე, როგორც დროს სიჩუმისთვის.
თეთრი არის მათთვის, ვინც ამ ცარიელ დროსა და სივრცეს იდეებისთვის, ფიქრებისთვის, ამბებისთვის, ისტორიებისთვის, მუსიკისა და სხვებზე ზრუნვისთვის იყენებს.
თეთრი შეგვახსენებს, რომ 1929 წლის კრიზისის შემდეგ ეს უმწიკვლო ფერი ტანსაცმლისთვის აითვისეს, როგორც აწმყოში სისპეტაკისა და მომავალში იმედის სიმბოლო.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: თეთრი ნიშნავს არა დანებებას, არამედ სუფთა ფურცელს, რომელზეც რაღაც დაიწერება, თავფურცელი ამბისა, რომელიც ახლა უნდა დაიწყოს.”
სასიამოვნო დამთხვევაა, რომ ერთი თვის წინ ჩვენც დავაანონსეთ ჩვენს პლატფორმაზე (AT.ge) ახალი რუბრიკის გაშვება სახელწოდებით – “თეთრი”, რომელიც ხვალიდან გამოვა და მკითხველს თანამედროვე ხელოვნებასა და მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებს გააცნობს ✨