ცნობილი ფოტოების იმიტაცია ვინსენტ მორას შესრულებით – თვითიზოლაციის კვალდაკვალ
ავტორი: Óscar Condes
კორონავირუსის პანდემიის დროს ფოტოგრაფთა სხვადასხვა ჯგუფში მრავალი ინიციატივა გაჩნდა კარანტინში ყოფნის უჩვეულო თავგადასავლის აღსაბეჭდად. ვინსენტ მორამ პერსონალურად გადაწყვიტა ორიგინალური იდეა ცნობილი ფოტოსურათების იმიტაციით განეხორციელებინა.
ეს პარიზელი მუსიკოსი და გიტარის მასწავლებელი (ისევე, როგორც ფოტოგრაფი) გვეუბნება, სახლში გამოკეტვის შემდეგ ყველაზე მეტად ორი რამ ენატრება: ხალხი, რომელიც უყვარს და ფოტოგრაფია. გასულ კვირას იგი არ იყო კარგ ხასიათზე, თავბრუსხვევა იგრძნო… “ავიღე ტელეფონი და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რაც გამახალისებდა.”
მუზეუმები და გამოფენები ძალიან მიყვარს, და იდეამ, რომ საკუთარი მუზეუმი სახლში მომეწყო, ღიმილი მომგვარა. ამიტომ ვცადე გამოვწყობილიყავი ისე, როგორც ჩემს საყვარელ, ცნობილ სურათებზე არიან გამოწყობილნი. ეს ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გავხალისებულიყავი, ოჯახის წევრები და მეგობრები გამერთო.”
ამ იდეის მიხედვით მუსიკოსმა, როგორც ხედავთ, დაიწყო იმ სურათების “იმიტაცია”, რომლებიც ხელოვნების ისტორიას წარმოადგენს. მათ შორისაა სტივ მაკკურის “ავღანელი გოგონას პორტრეტი” ან ვივიან მეიერის ავტოპორტრეტი.
ვინსენტმა გაბედა ისეთი ოსტატების ფოტოების იმიტაცია, როგორებიც არიან უილიამ კლეინი, სებასტიან სელგადო, ანდრეას გურსკი. ვინსენტმა განასახიერა ისეთი რთული კადრები, როგორიცაა რობერტ კაპას “ჯარისკაცის სიკვდილი” და ანრი კარტიე-ბრესონის Gare Saint Lazare, რომელიც ფოტოგრაფის კონცეფციის “გადამწყვეტი წამის” ნაწილია.
როგორც ვინსენტი გვეუბნება, ყველაზე რთული განსასახიერებელი მარტინ პარის ერთ-ერთი ფოტო იყო, რომელსაც ქვემოთ ხედავთ. “თვალებზე მოთავსებულმა კოვზებმა დამაბრმავა”. იგივე განმეორდა ლუდის ბოთლის საცობების შემთხვევაშიც, რომელიც ვინსენტმა მაკკურის ფოტოს იმიტაციისთვის გამოიყენა. მან ასევე აღნიშნა, რომ წიგნი არც ისეთი გემრიელი იყო, როგორც ეს ჯეფ მერმელშტეინის ფოტოზე ჩანს, ელიოტ ერვიტის ფოტოს განსახიერებისას კი “მისტერ ქუქი” ბევრს მოძრაობდა.
“დანარჩენი სურათების იმიტაცია ძალიან ადვილი იყო და ამავე დროს სახალისოც. ამ საქმეს კვირა დღის მეორე ნახევარი დავუთმე და თავი ბევრად უკეთ ვიგრძენი. შემდეგი ნაბიჯი ფეისბუქზე ჩემი ნამუშევრების ორიგინალებთან ერთად განთავსება იყო და მიუხედავად იმისა, რომ მიზანად მეგობრებისა და ოჯახის წევრების გახალისება დავისახე, მალევე დაიწყო ხალხმა ჩემი ნამუშევრების გაზიარება, წერდნენ კომენტარებს და მიგზავნიდნენ მადლობის წერილებს”.
ვინსენტი არ მოელოდა, თუ მის ნამუშევრებს ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. “ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ ადამიანების გაღიმება შევძელი. სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაც თავის პატარა სახლში ყოფნისას გამხიარულდა. “თავისუფლება მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ გარეთ იყო. კვირა დღის მეორე ნახევარში კამერით ხელში რომ ვიყავი, თავი გარეთ ვიგრძენი. თითქოს ქუჩაში ვეძებდი მშვენიერ, სასაცილო და უჩვეულო ნივთებს გადასაღებად.
როგორც დასაწყისში ვთქვით, ვინსენტი არ არის პროფესიონალი ფოტოგრაფი. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ფოტოგრაფია მას შემდეგ შეუყვარდა, რაც ვიმ ვენდერსის ფილმი “დედამიწის მარილი” ნახა. “იმავე დღეს ვიყიდე “ლეიკა M3” და იმ დროიდან კამერა ყოველთვის ჩემთანაა. სულ ვცდილობ, ლამაზი, სასაცილო ან უჩვეულო დეტალები დავინახო, თუნდაც ბნელ და ულამაზო ადგილებშიც კი”.
სხვათა შორის, ვინსენტი მომდევნო შაბათ-კვირასაც აპირებს ფოტოსესიის მოწყობას (კვირის განმავლობაში იგი მუსიკის გაკვეთილებს ატარებს). ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვიქნებით. რაც უნდა იყოს, იდეა აპლოდისმენტებს იმსახურებს.
ორიგინალი: https://www.xatakafoto.com/